Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კატოს ისტორია

სალომე ბელქანია
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2016-09-30

ქალაქის ცენტრში, ფეშენებელური კორპუსის ერთ-ერთ სართულზე, ძვირიან რემონტში, ვარდისფერბალიშებიან საწოლზე... არა, ეს სხვა ისტორიაა. ისტორია დიდი გადახრიოკებული ეზოთი, ალაგ-ალაგ ბეტონჩამოშლილი სახლით, ბევრი ბავშვით, ერთი ძაღლით, ერთი ბებიით და ორი მშობლით. ეს კატოს ისტორიაა. კატოსი, რომელიც ნაფეტვრებში ცხოვრობს და რომლის დღეებიც ხეებზე ცოცვით იწყება და ერთი მეზობლის ეზოდან მეორე მეზობლის ეზოში გადასვლით გრძელდება. კატოსი, რომელიც უკვე შვიდი წლისაა და რომელიც უკვე პირველკლასელია და კატოსი, რომელსაც დაბადებისას ეკატერინე დაარქვეს.

 

ყველა პირველკლასელს უღებენ ფოტოს, ზოგს მშობელი, ზოგს ბებია, ზოგს უფროსი და ან ძმა. კატოსაც გადაუღეს ფოტო. მერხთან ზის, წინ ახალნაჩუქარი წითელი ყვავილი უდევს, ნაცრისფერი ჟაკეტი აცვია, თმა გვერდზე აქვს გადაწეული და სევდიანად იყურება ფანჯრისკენ. ზუსტად ასეთი წითელი ყვავილი მაჩუქეს და ასე დამსვეს იმავე საკლასო ოთახის მერხთან თვრამეტი წლის წინ. ასეთი ტრადიცია აქვს ჩვენს სკოლას. დამსვეს და ვიყურებოდი კატოსავით ან შეიძლება უფრო დაბნეული.


მუქი მწვანე თვალები აქვს კატოს. ამომხედავს და მეტყვის: - სალომე, მემგონი შენ უფრო ხარ ჩემი და, ვიდრე მარო. იმას კაბები და ეგეთი გოგოობები უყვარს, მე კიდევ, შენნაირად ვერ ვიტან მაგეებს. მეც ვეთანხმები. ორივე ფანჯრის რაფაზე ვსხედვართ ფეხმორთხმით, ვეტევით.


ვუყურებ კატოს და ზუსტად ვიცი, რომ კიდევ არიან ბავშვები, რომლებსაც უყვართ სწავლა, წიგნების კითხვა, მათემატიკა. რომ არსებობს კატო, რომელიც ასრულებს საშინაო დავალებებს ისე სწრაფად, რომ კითხვის დასმასაც ვერ მოასწრებ, თუ რა აქვს დღეს დავალებად.


კარგად მახსოვს ის ზაფხული, შვიდი წლის წინანდელი ზაფხული, როდესაც კატო იბადებოდა. მისი ფეხის გულიც მახსოვს, დედის მუცელზე რომ ჰქონდა მაგრად მიბჯენილი, ფეხის თითებიც კი ეტყობოდა გარედან მუცელს. საშინლად ცხელოდა, ამას კიდევ, არაფრით არ უნდოდა მუცლიდან გამოსვლა, სწორიც იყო, გარეთ ცხელოდა, იქ კიდევ, იჯდა კომფორტულად, დედასთან. იმდენ ხანს ველოდეთ, რომ ბოლოს აღარც ველოდებოდით. მერე პირველი დაბადების დღეც მახსოვს, ტორტში არ ჩავაყოფინეთ ხელები და პატარა ტარტალეტკა დავუდგით სახეზე წასასმელად.



წელსაც დავურეკე თერთმეტ აგვისტოს, დაბადების დღეს ვულოცავდი. ამან კიდევ, იქიდან მთხოვა: - აუ ამოდი რა. ხომ ამოხვალ ჩვენთან? იცი რამდენი საჭმელი გვაქვს, ტორტიც იქნება.
ჭამა ორივეს გვიყვარს, იცოდა რაც უნდა ეთქვა, ავედი. ისე გაუხარდა, მთელი დღე მეზობელთან ხომ იყო, მაგრამ ისიც კი მიატოვა და შორიდან გამოიქცა, კისერზე მაგრად შემომხვია ხელები და არ მიშვებდა.


აი ეს კატო, ახლა უკვე დიდი კატოა. ადგა იმ დღეს და სკოლაში წავიდა. იმ სკოლაში, სადაც თორმეტი წელი ვისწავლე, ახლა კატო ივლის.



სკოლის ბიუროში კი გაჩნდა ფურცელი წარწერით:

ეკატერინე სიხარულიძე
7 წლის
პირველი კლასი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker