Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბაბადუკი

ანა ფანცულაია
კატეგორია: ექსკლუზივი 
2016-04-14

რამდენიმე თვის წინ ერთ ფილმს ვუყურე, იმის მერე სულ მასზე მეფიქრება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი საშინელებათა ფილმის ყურებისას შიშის გარდა სხვა გრძნობა თუ დამეუფლებოდა, ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ფილმი რომელსაც ასეთი უცნაური სახელი - ''ბაბადუკი'' ერქვა, ცხოვრებას სხვა თვალით დამანახებდა.

 

ფილმის სიუჟეტი მარტოხელა დედისა და ჭირვეული შვილის ყოველდღიურობას ასახავს. ამელია ერთი შეხედვით უწყინარი, მზრუნველი დედაა, რომელიც ინსომნიითა და სტრესით იტანჯება. ფილმის პირველ ნაწილში ბიჭი ურჩ, მომაბეზრებელ პატარად მოგეჩვენებათ,რომელიც წარმოსახვითი მონსტრებით ერთობა და დედას ცხოვრებას ურთულებს. ის განუწყვეტლივ ბაბადუკზე საუბრობს, მონსტრზე, რომელსაც დედის განადგურება სურს. მოგვიანებით აღმოჩნდება,რომ ბაბადუკი არამარტო ბავშვს, არამედ დედასაც უფრთხობს ძილს და საბავშვო წიგნის მეშვეობით გულმოდგინედ ცდილობს მათ სამყაროში შემოჭრას. ''რაც უფრო მეტად უარმყოფ, უფრო ძლიერი ვხდები'' - ამბობს ბაბადუკი. ის ნელ-ნელა ძლიერდება და სიბნელეც უფრო მეტად ეფინება პატარა სახლს, მარტოხელა დედა და მცირეწლოვანი ბიჭი რომ ცხოვრობენ. მოგვიანებით ვიგებთ, რომ საბავშვო წიგნი და თავად ბაბადუკიც ამელიას მიერ ინსომნიურ ტრანსშია შექმნილი.


 

ბაბადუკი ამელიას ნაწილია, მიწიერი, ხორციელი ტკივილი, მივიწყებული,სარდაფში გამოკეტილი მოგონებები, ჰიპერაქტიული შვილის მოვლაში გათენებული ღამეები, განმარტოების ველური სურვილი, გარდაცვლილი მეუღლის გლოვა და უეცრად მხრებზე დაწოლილი უსაშველო პასუხისმგებლობის ტვირთი. ბაბადუკი ყველა ის უარყოფილი პრობლემაა, წლების მანძილზე რომ იმტვერებოდა ამელიას სარდაფში. ბაბადუკი არა ზებუნებრივი, მისტიური არსება, არამედ მიწიერი, ხორციელი ტკივილია, ქმრის გარდაცვალებით გამოწვეული, უარყოფილი ტრავმაა, რომელზე თვალის დახუჭვა მანამ ხერხდება, ვიდრე შიგნიდან არ შეგჭამს, არ დაგანაწევრებს და გაგანადგურებს. ის მთელი ფილმის განმავლობაში ნელ–ნელა იზრდება ამელიას სხეულში, შავი საცეცებით ეფერება დაღლილ თვალებზე, თავმოჭრილი მატლივით იკლაკნება მის თითებში და სიბნელეში ძირავს. ამელიას ბრაზი, აგრესია და დესტრუქციის სურვილი იპყრობს. ფილმის მეორე ნაწილში ბიჭი მომაბეზრებელი, თავხედი მოძალადის ნაცვლად შეშინებულ, უსუსურ ბავშვად გვევლინება, რომელიც დედის გარდასახვას განიცდის. ის ცდილობს შეინარჩუნოს საყვარელი არსება და გაუმკლავდეს ბაბადუკს, ამელიას შთანთქმა რომ სურს. ალბათ შვილის სიყვარული ყველაზე ბნელ მომენტებშიც ანათებს და აძლიერებს დედას, ალბათ ეს არის ის მიზეზი რატომაც აგრძელებენ ბრძოლას უიმედოდ დარჩენილი დედები, ალბათ შვილის იმედები აძლევთ ძალას, გაუმკლავდნენ არსაიდან გადმოცვენილ ხოჭოებს, მათ კანქვეშ რომ დაძვრებიან და უსაშველოდ აუტანელ ტკივილს აყენებენ. როცა ბაბადუკი დედა-შვილის განადგურებას ცდილობს, ამელია უკანასკნელ ძალებს იკრებს და მთელი ხმით ყვირის, რომ არ ეშინია მისი, სწორედ მაშინ, საზარელი მონსტრი უმალ სუსტდება და სარდაფში უჩინარდება. სიბნელეს ნელ-ნელა ნათელი ცვლის და ბედნიერებაც თანდათანობით იჭრება ამელიასა და სემის სამყაროში. თუმცა ბაბადუკი ბოლომდე არასდროს მიდის, ის ყოველდღე იკვებება ამელიას შიშებით და დროსთან ერთად სულ უფრო და უფრო სუსტდება. სამწუხაროდ, რამდენიც არ უნდა უარვყოთ, მოუშუშებელი ჭრილობები მაინც იხსნიან პირს. ჩვენ მანამ ვაჭერთ ხელს, ვიდრე სისხლი არ წაგვსკდება, მთელი ძალით ვცდილობთ პირი დავახურინოთ ფართოდ გადახსნილ იარებს, უარს ვამბობთ დახმარებაზე და ცოცხლად გასახრწნელად ვიმეტებთ საკუთარ სხეულს, საკუთარ სულს. სიცოცხლე რომ განვაგრძოთ, აუცილებელია ვილაპარაკოთ ჩვენს დარდზე, განსაცდელზე, ტკივილზე, საჭიროა თვალი გავუსწოროთ პრობლემებს, ვაღიაროთ ჩვენი გრძნობები, შიგნიდან რომ გვჭამენ. საჭიროა მივიღოთ მხარდაჭერა, თანაგრძნობა და ჩვენს ჭრილობებს ჯანსაღად შეხორცების საშუალება მივცეთ.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker