Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ღამის ცხოვრება რეგიონებში

ია ფრანგიშვილი
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2014-12-12

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში თითქოს გამოცოცხლდა "კლუბური ცხოვრება" და უცხოურ ტურისტულ გზამკვლევებში რუბრიკა ამ სახელწოდებით საქართველოსთან მიმართებაშიც გამოჩნდა. თუმცა, კლუბების 90% დედაქალაქში, დანარჩენი 10% კი ბათუმშია თავმოყრილი. "ბათუმელები" შეეცადა გაერკვია, არსებობს თუ არა ღამის ცხოვრება საქართველოს სხვა რეგიონებში.

 


29 წლის ნათია თოფჩიძე ამბობს, რომ კლუბური ცხოვრება ბათუმში არსებობს, თუმცა არა ისეთი აქტიური, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. "ყოველდღიურად ბათუმში მხოლოდ ერთი კლუბი ფუნქციონირებს და ისიც დიდი ხალხმრავლობით ვერ გამოირჩევა. კლუბებში ივენთები ძირითადად დღესასწაულებზე იმართება, კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ყველაზე აქტიური სეზონი ზაფხულია", - ამბობს ის.

 


ნათია ამბობს, რომ კლუბში გოგოებიც და ბიჭებიც ერთნაირი თანაფარდობით მიდიან, თუმცა, გოგოები, ალბათ, უფრო ადრე ბრუნდებიან სახლში - "მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში საკმაოდ თანამედროვე ხალხი ცხოვრობს, უფროს თაობაში მაინც არის ნეგატიური დამოკიდებულება ამ ახალგაზრდების მიმართ. საზოგადოების ნაწილი არ მიიჩნევს ნორმალურად, რომ გოგო გვიანამდე სადღაც კლუბში ცეკვავს. მე, პირადად, "კონკიას დრო" მაქვს - 12-ზე, მაქსიმუმ პირველ საათზე სახლში უნდა ვიყო. მშობლები ყოველთვის მთხოვენ, რომ არ დავაგვიანო. თუმცა მყავს მეგობრები, რომლებისთვისაც ეს არასდროს ყოფილა პრობლემა".

 


16 წლის ნანა ამბობს, რომ ბათუმის კლუბებში მეგობრებთან ერთად შედის და ასაკზე პრობლემა არ ექმნება: "სახლში იმიტომ არ მიშლიან, რომ დედას კაფეში ვგონივარ, თან ძალიან გვიანამდეც არ ვჩერდები. ყოფილა, როცა დილამდე არ მივსულვარ, ასეთ დროს სახლში ვამბობ, რომ მეგობართან ვრჩები". ნანას თქმით, ბათუმის ღამის კლუბებში კარგი გარემოა, შიგნით იშვიათად შეხვდები "შარიან ტიპებს", თუმცა ღამის კლუბიდან ქუჩაში გამოსულებს გამვლელი ბიჭებისგან უხამსი შეთავაზებები მიუღიათ.

 


28 წლის ნათია ვაშალომიძე ამბობს, რომ ოზურგეთში ამ მხრივ არაფერი ხდება: "ჩვენთან კლუბური ცხოვრება, უბრალოდ, არ არსებობს, სადღაც 15 წლის წინ იყო მცდელობა გაკეთებულიყო ღამის კლუბისმაგვარი დაწესებულება და იქ ჩატარებული რამდენიმე ღონისძიებიდან ორი თუ სამი სასწრაფოს გამოძახებით დასრულდა. მიზეზს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბში ბიჭები თვრებოდნენ და არ გამოვრიცხავ, რომ "ეს ჩემი დაიკოა"-ს მომენტიც ყოფილიყო".

 


ემზარ კვირკველია ამბობს, რომ ფოთში საღამოს რვა საათის შემდეგ მხოლოდ უსახლკაროს თუ შეხვდებით ქუჩაში - "ქალაქი მკვდარია ღამით. თუ ადრე ვფიქრობდი, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით უნდა შეცვლილიყო, ახლა ვიცი, რომ ამისთვის საზოგადოებაც უნდა იყოს მზად. სტერეოტიპები ამ პატარა ქალაქში კიდევ დიდ ხანს ვერ დაიმსხვრევა, რასაც არამარტო უფროსი თაობა, არამედ ახალგაზრდების დიდი ნაწილიც უწყობს ხელს. ჩემმა მეგობრებმა არც ისე დიდი ხნის წინ ძალიან კარგი ივენთი დაგეგმეს ფოთის პლაჟზე, საბოლოოდ კი თავი "კაცების კლუბში" ამოვყავით, გენდერული ბალანსი საერთოდ არ იყო დაცული, მიუხედავად იმისა, რომ გოგონებისთვის შემოსვლა სრულიად უფასო იყო. ეტყობა დღემდე მუშაობს შეხედულება - თუ გოგო კლუბში წავა, ის მსუბუქი ყოფაქცევისაა".

 

 

 

30 წლის თეა ზიბზიბაძე ამბობს, რომ ქუთაისში ღამის კლუბები პერიოდულად იხსნება და მალევე იხურება. საღამოობით, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი კაფეებია, სადაც ცოცხალ მუსიკას უკრავენ, მაგრამ არა დილამდე. "ქუთაისი ძალიან შორს არის კლუბური ცხოვრებისგან. ბევრი კლუბი გაიხსნა, მაგრამ ყველა მალევე იხურებოდა. ყოფილა შემთხვევები, როცა ერთმა და იმავე ადგილმა ერთ წელიწადში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა", - ამბობს თეა.

 


თეას აზრით, ქუთაისში უპირატესობას რესტორნებს ანიჭებენ, თუმცა ბოლო ორი წელია სიტუაცია შეიცვალა და ახალგაზრდები რესტორნებიდან კაფეებში გადმოვიდნენ: "არის რამდენიმე კარგი ადგილი, სადაც ხშირად დავდივართ მეგობრები. მუსიკალური ბენდები ძირითადად 8-9 საათზე იწყებენ დაკვრას და პირველი საათისთვის ასრულებენ, ხალხიც ამ დროს იშლება. რა თქმა უნდა, შეგიძლია დარჩე, მაგრამ უხერხულია, ბენდის დაშლის შემდეგ პერსონალი გელოდება, როდის წახვალ".

 


25 წლის მარი ხანჯალიაშვილი უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს. მანამდე თელავში ცხოვრობდა. ამბობს, რომ მიუხედავად თელავის სიდიდისა, კლუბური ცხოვრება თელავშიც არასოდეს ყოფილა: "რამდენიმე წლის წინ თელავში იყო ერთი ღამის კლუბი, რომელიც მხოლოდ დღესასწაულებზე მუშაობდა. კლუბს ქირაობდნენ ორგანიზაციები და წვეულებებს აწყობდნენ". მარი ამბობს, რომ დღეს თელავში ბევრი კარგი კაფეა, სადაც ახალგაზრდობა იკრიბება, მაგრამ ღამის ცხოვრება არ არსებობს.

 


სოციოლოგი ზაქრო თავბერიძე ამბობს, რომ კლუბური ცხოვრების წარუმატებლობა საქართველოში კომპლექსური პრობლემაა და მასში მრავალი დიდი თუ წვრილმანი ფაქტორი მუშაობს, შესაბამისად, ამ პრობლემის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ ეკონომიკური ფაქტორიც - "ახალგაზრდებს კლუბური ცხოვრებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ, თუმცა იმის ფონზე, რომ ყოველ საღამოს რესტორნები მაინც გადაჭედილია, მხოლოდ ეკონომიკური ინდიკატორით ეს არ აიხსნება", - ამბობს ის. - "ამ საკითხზე საქართველოში არსებული კვლევა არ მინახავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ახალგაზრდების კულტურული ღირებულებები პირდაპირ კონფლიქტში მოდის კლუბური ცხოვრების იდეასთან. კლუბი განტვირთვის, ყოველდღიური წესრიგისგან გაქცევის საშუალებაა, მაშინ როდესაც ტრადიციული ქართული გართობა პირიქით, წესრიგთან, თამადასთან, სადღეგრძელოს მოთხოვნასთან და ორგანიზებულობასთან არის კავშირში. ამ ორი სხვადასხვა პოლუსის შერწყმა ვერ ხერხდება და საბოლოო ჯამში გვრჩება ჩხუბითა და აურზაურით დასრულებული ივენთები.

 


გარდა ამისა, არის რაღაც კლიშეები, რომლებიც ქალებს ეხება. მაგალითად, CRRC -ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57-პროცენტი ამბობდა, რომ არც ერთ ასაკში არ არის მისაღები ქალმა ალკოჰოლური სასმელი დალიოს. "შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქალის კლუბში წასვლაც, მითუმეტეს რეგიონებში, მიუღებელია. კულტურა ქალს კლუბში ადვილად ხელშიჩასაგდებ "საგნად" მიიჩნევს, რასაც აურზაური მოჰყვება".


წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker