Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სექსიზმის გარეშე, ბატონო პრეზიდენტო

ია მერკვილაძე
კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2012-08-13

ბატონო პრეზიდენტო, ვფიქრობ, ზედმეტია შეგახსენოთ, რომ თქვენ ქვეყნის კონსტიტუციის გარანტი ბრძანდებით. გარდა იმისა, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვალეობა გაკისრიათ და ხართ პოლიტიკური ფიგურა, რომელიც „ფიზიკური“ ძალაუფლების (ჯარი, პოლიცია, ბიუჯეტი) მფლობელია, ასევე ხართ გარკვეული ისტორიულ–კულტურული რეალობის კონტექსტში მეტ–ნაკლებად სოციალიზირებული პიროვნებებით, საქართველოს (მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი) მოქალაქეებით, გნებავთ, ელექტორატით დასახლებული ქვეყნის მთავარი მენეჯერი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ სახელმწიფოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული ტენდენციების ერთგვარი წარმომადგენელი, სარკე, აქტიორი, თანაც არამეორეხარსხოვანი როლის შემსრულებელი და ტრიგერი ბრძანდებით. პოლიტიკა, თუ იგი ქვეყნის მოწყობის დასავლურ, სეკულარულ მოდელს ემხრობა, უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე და სამართლიანობაზე ორიენტირებული. მისთვის არ უნდა არსებობდეს ტაბუირებული თემები, მეტადრე თუ ეს მოსახლეობის რეალურ პრობლემებსა (გენდერული უთანასწორობა სწორედაც რომ რეალურ პრობლემათა ნუსხაშია. ყოველ შემთხვევაში, დასავლური სტანდარტებით) და მათი გადაწყვეტის გზების ძიებას ეხება. დემოკრატიული ხელისუფლების საერო სუბორდინაცია (საკანონმდებლო, აღმასრულებელი შტო), მიუკერძოებელი სასამართლო, პროფესიონალური მედია და ცნება „სამოქალაქო/ღია საზოგადოება“ იმისათვის კი არ არსებობს, რომ მშენებარე დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური პროცესის პასიური მაყურებლები ვიყოთ, ანდა თქვენ მშენებლობის სანახაობის ესთეტიკით როგორც თავად დატკბეთ, ასევე ჩვენც და მსოფლიო დაგვატკბოთ, არამედ იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყანა არაეგოცენტრულ, არააგრესიულ, არარეგრესიულ, ცივილიზებულ ღირებულებებს არაფორმალურად ამკვიდრებდეს და, როგორც თქვენ ბრძანეთ, „საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული და მნიშვნელოვანი იყოს“. ეს კი თავისთავად იმას გულისხმობს, რომ თანაბრად ღირებულია ქალი და მამაკაცი, რომ ქვეყანაში „მეორე სქესის“ თუ „მეორე კლასის“ ადამიანები არ არსებობენ. ისინი თანასწორნი არიან კანონის წინაშე განურჩევლად მათი სექსუალური, თუ პოლიტიკური ორიენტაციისა. მათ აქვთ თანაბარი უფლებები და პასუხისმგებლობები. თქვენ, როგორც არჩეული პრეზიდენტი, პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ სახელმწიფოს საგარეო თუ საშინაო, საკრედიტო თუ სხვა პოლიტიკა იმ არასექსისტურ ფუნდამენტზე იდგეს, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის შესახებ თქვენ მიერ ხელმოწერილი დირექტივებისა, თუ აქტების რეალური ამოქმედების ხელშეწყობას (სამწუხაროდ, ორი წლის წინ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონები „გენდერული თანსაწორობის შესახებ“ და „ოჯახში ძალადოების აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, ფაქტობრივად, ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა), არამედ გენდერულად მარკირებული სიმბოლოებითა და ხატებით არადისკრიმინაციულად, არასექსისტურად, გნებავთ, კონტ(ანტი)სექსისტურად აპელირებას. სამწუხაროდ, საქართველოში არქაული არქეტიპებითა თუ თანამედროვე ტაბლოიდური იმიჯებით რუტინული ოპერირება „ყველაზე ეფექტურად“ ქართულ პატრიარქალურ ინტიტუციებს შეუძლია, მათ შორის – ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ქართულ მართლმადიდებელ ეკელესიას, რომელთანაც წრეგადასული ფამილარობით, თქვენ, ფაქტობრივად, საქართველოს კონსტიტუციის IX მუხლს არღვევთ (სახელმწიფოსგან ეკლესიის დამოუკიდებლობა). არა მგონია, თქვენთვის უცხო იყოს ის, რომ მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურებისა თუ ეკონომიკის გამართული მუშაობა ვერ იქნება საზოგადოების განვითარების მამოძრავებელი ძალა, არამედ სწორედ რომ სახელმწიფოს ეგალიტარული პოლიტიკის დღის წესრიგი, რომელიც არადისკრიმინაციულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სოციალურად, მათ შორის გენდერულად მგრძნობიარე სასიცოცხლო ველს შექმნის, სადაც თვითრეალიზაციის საშუალება ყველას ექნება, განურჩევლად სქესის, რელიგიური მრწამსის, ქონებრივი ცენზისა თუ სხვა განმასხვავებელი „სტატუსისა“. იმედია, ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს დანიშნულება სწორედ ესაა და არა მხოლოდ გარე საფრთხეების ნიველირება, სოფელ–ქალაქის, ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება, ანდა „გენდერული კუთხით“ თუნდაც მეტი ქალი–ჯარისკაცის, ქალი–პოლიციელის, მთავრობაში მეტი ქალი – მინისტრის, პარლამენტში გენდერული საბჭოს ყოლა თუ უცხოეთიდან ქართულ პარტიებში, რომელიც ასევე ბიუჯეტიდან ფინანსდება, ქალთა მეტი ჩართულობის წასახალისებლად გრანტირებული ფულის მიზნობრივი ხარჯვა. სხვათა შორის, ეს ფული საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ გადახდილი გადასახადებისა, თუ სხვა შენატანების თანხისგანაც შედგება.

ბატონო პრეზიდენტო, ბოლო ერთი წელია, თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვის ორგანული ნარატივი ქვეყნის გამშვები პუნქტის ჰოლივუდის წითელ ხალიჩად წარმოჩინების მცდელობის ნარატივს შეიცავს. 2011 წლის 2 აგვისტოს თქვენ საქართველოს მოსახლეობას ID ბარათების ძალაში შესვლა მიულოცეთ და ამავე დროს ქართული საბაჟოს წარმატებული მოდერნიზაციის პროცესიც აღნიშნეთ. ამ თემაზე საუბრისას თქვენ საქართველოს განსაკუთრებულობას ხაზი გაუსვით და რატომღაც მისი განსაკუთრებულობა სექსიზმის (სქესობრივი ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის იდეოლოგია და პრაქტიკა) აშკარა და ცივილიზირებული ქვეყნის პრეზიდენტისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ვერბალური აბერაციით შეფუთეთ. თქვენ ბრძანეთ: „მერე გადავწყვიტეთ, რომ საბაჟო ტერმინალებში უნდა იმუშაონ არა მებაჟეებმა, არამედ სამოდელო სააგენტოს გოგოებმა, რომელიც იქ არიან იმისათვის, რომ გაიღიმონ. შემოვა, ვთქვათ, სიტყვაზე, გაუპარსავი ტრაილერის მძღოლი, გადმოკვეთავს საზღვარს, მივა იქ, მიესალმება იქ ინგლისურად, თურქულად, გაუღიმონ, ტვინი დაუბნელონ, მაგრამ 7 წუთში გაუშვან, რომ სხვა არაფერზე ფიქრის დრო არ დარჩეთ. და ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა. არსად მსოფლიოში ასე არ არის.“ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 7 სექტემბერს, ამჯერად, პოლონეთის ტერიტორიაზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ქართული სახელმწოფოებრიობის შემდგარობასა და საბაჟოს „საარაკო სასწაულის“ შესახებ საუბრისას თქვენ კვლავ აღნიშნეთ: „საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროპაში მიწვეული, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი კეთილდღეობა დამოკიდებულია ევროპის გაჯანსაღებაზე, რომ ჩვენი უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია ევროპის ვალდებულებებზე საერთაშორისო კანონის მიმართ და ძლიერ საგარეო პოლიტიკაზე. იმაზე რომ, ჩვენ ერთსა და იმავე ნავში ვზივართ. . . რაც შეეხება ბიუროკრატიას. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ჩვენ გვაქვს ახალი საბაჟო ოფისები, სატვირთო ტერმინალები, სადაც შესული ტვირთების შესამოწმებლად მაქსიმუმ 7 წუთია საჭირო. რა თქმა უნდა, ზოგჯერ არის ისეთი ტვირთი, რომელსაც განსაკუთრებული შემოწმება სჭირდება. მაგრამ თუკი ამას ერთ საათამდე მეტი დასჭირდება, მებაჟეს სამსახურიდან დაითხოვენ. მაგრამ გეტყვით, ისინი პროფესიონალი მებაჟეები არ არიან. ისინი გოგონები არიან სამოდელო სააგენტოდან. ჩვენ ტექნოლოგიები შევცვალეთ. საქმეს კომპიუტერები აკეთებენ, გოგონები კი უღიმიან და ზრდილობიანად ხვდებიან კლიენტებს. გარდა ამისა ბევრი სხვა ფაქტორი არსებობს. ერთ – ერთია მაღალი ხელფასები. . .

საქართველოში შეიცვალა ხალხის აზროვნება.“ სამწუხაროა, რომ როდესაც თქვენ საბაჟოს ფუნქციაზე საუბრობდით, ადამიანებს პროფესიონლიზმის, უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებისა და საქმისადმი სკრუპულოზური დამოკიდებულების მიხედვით კი არ აფასებდით, არამედ, საიდანღაც მოტანილი „ოპერატიული“ წუთების მეტ–ნაკლებობით საზღვრავდით და გათავისუფლებით იმუქრებოდით, ხოლო გოგონებს – იმ არაპროფესიონალ ბუტაფორიებად წარმოაჩენდით, რომლებმაც მხოლოდ გარემოს გალამაზება ევალებოდათ, ან შეეძლოთ. გამოდის, რომ მათი მოვალეობაა სქელ–საშუალო, თუ წვრილჯიაბიანი „ინვესტორების“ მოხიბვლა და გარემოს „კომფორტულ – თანამედროვე“ იერის მიცემა. ქვეყანაში ფულის შემომტანად თქვენ, რასაკვირველია, „მამაკაცი–კორპორაციები–ბიზნესები“ იგულისხმეთ, თორემ სხამხრივ გაგახსენდებოდათ, რომ ქალი–ინვესტორები, ქალი – მძღოლებიც არსებობენ, შესაბამისად მათ გემოვნებაზეც იფიქრებდით და საბაჟოზე „ტვინის დამაბნელებელი“ მოდელი–მამაკაცების „სერვის–ცენტრსაც“ შეუკვეთდით. თქვენს ამ გზავნილებში კი ერთი ადვილად შესამჩნევი „თავისებურება“ შეინიშნება. თქვენ თქვენი სურვილისამბერ საბაჟოს სასწაულის „ლამაზმანებს“ ხან აჩენთ, ხან – მალავთ. გააჩნია სად და ვისთან საუბრობთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინტერპერსონალური ვერბალური არტიკულაციის სივრცეში ცუდად არ უნდა ორიენტირებდეთ: უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, გაეროში, თუ საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად სიტყვის წარმოთქმისას, ჩვენი საბაჟოს სასწაულს „ადგილობრივი ვალუტა“ გოგონების გარეშე ახსნებთ. ქვეყნის პირველ პირებზე დაბალი რანგის ჩინოვნიკებთან, თუ უბრალო მოკვდავთან საუბრისას „ღიმილიანი მანეკენების“ ხსენება კი არასოდეს გავიწყდებათ...

 სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სტრატეგია „ბრუტალურ–გლამურულ“ პოლუსებს შორის მერყეობს და სწორედ ამ ველში კონსტრუირდება „ბაზალეთის ფსკერიდან“ ამოსული ოცნება, როგორც არა მხოლოდ ჩვენი რომანტიზირებული წარსულის კულტის განგრძობითობა, სადაც ქალს ბიო–პოლიტიკური ფუნქცია (ცხრა ძმა ხერხეულიძის დედობა; ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ უვადოდ გადახვეწა; „მაღალი იდეის“ საფასურად საკუთარი თავის რეალიზაციაზე უარის თქმა; ქალის, როგორც სახელმწიფო ინტერესის „საჭირო მსხვერპლის“ დისკურსი და ა.შ.) ეკისრებოდა და რომელიც თქვენ სიმბოლურად გელათში დავით აღმაშენებლის საფლავზე საპრეზიდენტო ფიცის დადებით, ფაქტობრივად, დაადასტურეთ; არამედ, ზოგადად, როგორც ნაციონალური იდეა, რომელშიც, სამწუხაროდ, ძველი გენდერული წყობილებისკენ მიმავალი რეგრესიული ტენდენცია შეინიშნება და ამისთვის სულაც არაა აუცილებელი „ოთარაანთ ქვრივის“ ხატის ხმამაღლა ტირაჟირება; თქვენი მეუღლის, პირველი ლედის ადგილობრივი სილამაზის კონკურსის ჟიურიში ყოფნა ან ფემინიზმის უბედურებად შერაცხვა, როგორც ამას ზოგიერთი ჩვენი სასულიერო პირი აკეთებს. ამისთვის საკმარისია თქვენი პირიდან კორუფციული ვერბალური შეტყობინების გამუდმებით ტრანსლირება, რომელსაც თქვენ ნებსით თუ უნებურად დიდის დაჟინებით აკეთებთ. კორუფცია (ლათინურად „გახრწნას“ ნიშნავს) არ წარმოდგენს მხოლოდ ეკონომიკურ დანაშაულს, რომლის დროს პოლიტიკური ელიტა თუ ბიუროკრატია კომერციული მოგების მიღების მიზნით თანამდებობებს ბოროტად იყენებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, როცა სახელმწიფოს მამები დედასამშობლოს აყაჩაღებენ. სემანტიკურად, ტერმინი „კორუფცია“ უფრო ფართო ცნებაა და ამიტომ მის გამოვლინებას არაა აუცილებელი სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი მუხლები მიეძღვნას. თავად იურისტი ბრძანდებით, თანაც აშშ–ში სწავლობდით და მუშაობდით და ამ თემის მრავალვექტორულობა ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.

2012 წლის 31 იანვარს, ამერიკის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან (სხვათა შორის, მისი პირველი დირექტივა ქალისა და მამაკაცის თანასწორი ანაზღაურების აღმნიშვნელი კანონქვემდებარე აქტი გახლდათ, რომელსაც მან მთელი ქვეყნის თანდასწრებით ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისას ხელი მოაწერა) თქვენი ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში მოეწყო მსოფლიო ბანკის წიგნის „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში: საქართველოს რეფორმების ქრონოლოგია“, რომელშიც ყოფილი სსრკ–ის რესპუბლიკაში ანტიკორუფციული რეფორმების სიძნელეები და მიღწევებია აღწერილი. თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველო ამ მიმართულებით მსოფლიო ბრენდი გახდა, რომ ეს გამოცდილება საინტერესოა, ხოლო ამ სამარკო ნიშნის დასტურად არაერთგზის მოყვანილი მაგალითი – ქართული საბაჟოს უნიკალურად ოპერატიული და გამართული მუშაობდა ახსენეთ. ამ მიღწევის საწინდრად კი ისევ და ისევ არაერთგზის გამეორებული რეფრენი მოგვასმენინეთ – ქართული საბაჟოებზე სამოდელო სააგენტოს გოგონები მუშაობენ და ლამაზად იღიმებიანო; ამერიკის ერთ–ერთ ინსტიტუტში შეხვედრის კი თქვენმა უცხოელმა მასპინძელმა კვერიც კი დაგიკრათ:“დიახ, ქართულ საბაჟოებზე ჯენიფერ ენისტონები მუშაობენო“; ერთ–ერთი სატელევიზიო არხი კი ,,პრაიმ–თაიმსში’’ თქვენი ვაშინგტონში ვიზიტის გამაშუქებელი გამოშვების ბოლოს „დესერტად“ ქართველი გოგონების სამოდელო ბიზნესში ჩართვას, როგორც ჩვენი წარმატების „ბრენდობის“ უტყუარობის სიუჟეტებს ზედიზედ ორი დღე გვიჩვენებდა. ალბათ, იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრირებაში, გამუდმებულ პროგრესსა და დასავლური სტანდარტების უცილობელ მიკუთვნელობულობაში ეჭვი არავის შეჰპარვოდა. აბა, აშშ–სა და ევროპაში, არალეგალი თუ უვიზოდ მექსიკის საკანალიზიაციო მილებიდან თუ ევროპის მთებით შემოპარული ქართველი ქალების, ტრეფიკინგის, პროსტუტიციის, სანაგვეზე ნაპოვნი ცოცხალი თუ მკვდარი ახალშობილების, ოჯახში ძალადობის პრობლემასა და მის თანმდევ ფსიქო–სომატურ დაავადებებზე, ალიმენტის გადახდისგან თავის დასაღწევად ლამის ტყეში გავარდნილი ქართველი მამების (ყოველი მესამე ალიმენტს არ იხდის, ყოველი მეხუთე – ალიმენტის გადაუხდელობის გამო – ძებნაშია) შესახებ თხრობით ხომ არ მოცდებოდა და საყოველთაო ნაციონალური ზეიმის სურათს ხომ არ გააფუჭებდა? ან ტელესიუჟეტს იმ ქართველ ქალზე ხომ არ გადაიღებდა, რომელიც უკვე გარდაიცვალა და სამშობლოშიც გადაასვენს, მაგრამ მანამდე კვირეები ერთ–ერთ ამერიკულ კლინიკაში უგონოდ იწვა და მას ზოგიერთი ჩვენი სასულიერო პირის მიერ სატანისტებად მონათლული „არამართლმადიდებელი“ ამერიკელი ქველმოქმედები აცოცხლებდნენ... საქართველოში მის მეუღლეს ინსულტი მოუვიდა. ქალმა სამკურნალო ფული ვერ იშოვა, რადგანაც რეცესიის პირობებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნაში სამსახურის პოვნა არალეგალისთვის კი არა, ლეგალ–მოქალაქისთვის არც ისე მარტივია. მისდა სამწუხაროდ, იგი ამერიკელი მოხუცის მომვლელად ინგლისური ენის არასათანადო ცოდნის გამო არ აიყვანეს, უკან მობრუნებულს კი ტრანსპორტში ინფარქტი მოუვიდა. რასაკვირველია, ვის აინტერესებს ამ ქართველი მოდელი გოგონების დედები, დეიდები, მამიდები, ბიცოლები, დები და ბებიები რომელ ქვეყანაში არიან გადახვეწილი, რა არადამიანური ძალისხმევისა და წარმოუდგენელ კომპრომისებზე წასვლის ფასად შოულობენ ლუკმა–პურის, კბილის პასტა–ჯაგრისის თუ სტომატოლოგის მომსახურების ფულს, რათა მათ შთამომავლობას სახეზე სოციალური ღიმილი განუწყვეტლივ დასთამშებდეთ; თანამედროვე ქართული სოციალური ლიფტის სიჩქარეს არ ჩამოარჩინონ; სამშობლოში საშუალო ფენის მსგავსი საზოგადოების სტრატას ჩაუყარონ საფუძველი და შვილებ–შვილიშვილებს თავინთი ოკეანგადაღმელი, თუ მიწის საზღვარგადაღმელი ნათესავების ცხოვრებისეული გზის გამეორება არ მოუწიოთ; ვის აინტერესებს სამშობლოდან გადახვეწილებს როგორი „კბილებით“ ეღიმებათ, როცა საზღვარგარეთ აეროპორტებში თუ სხვა გამშვებ პუნქტებში მათი ქართული პასპორტები იმ ქვეყნის საბაჟოს თანამშრომელებს უჭირავთ, რომლებმაც ჩვენი ნატოში გაწევრიანება უნდა გადაწვიტონ. ამ ქალებს „კბილების გაჯანსაღების“ საპრეზიდენტო პროგრამის იმედი არა აქვთ. არავის აინტერსებს სადაა ის ქალი, რომელიც როცა რამდენიმე წლის წინათ, თურქეთისკენ მიმავალი, ქართველებით დატვირთული ავტობუსი გადაბრუნდა, სასოწარკვეთილი, აქვითინებული, ღმამაღლა მოსთქვამდა: გადაეცით ჩემს პრეზიდნეტს, შვილი ახალხანს შემეძინა, მაგრამ მშიერი რომ არ მომიკვდეს მეძუძური დედა ავტობუსს ტყე–ტყე ვაჩერებინებ, რომ მკერდიდან „ზედმეტი“ რძე გამოვიწველოო... ამიტომ გეტყვით, ბატონო პრეზიდენტო: პირველი პირის მიერ ქვეყნის წინსვლის ხაზგასმისას საბაჟოს „ბარბებით“ აღფრთოვანება და ამავე დროს „უჩინარ ქალთა“ არშემჩნევა სწორედაც რომ სექსიზმია; კორუფციაა, ოღონდ გაცილებით ძველი და ეპიდემიური, ვიდრე გზებზე ქრთამის ამღები „გაიშნიკების“ ფენომენი.

ცხადია, ზოგიერთს მაქსიმალური თანაგრძნობისთვის, ტკივილის გაზიარებისა და გაჭირვებული, უბედური ადამიანების თაობაზე არა მხოლოდ ინტელექტუალური მსჯელობისთვის, ალბათ, იმ გზის გავლა სჭირდება, რომელსაც ეს ადამიანები გადიან. საქართველოს ათასობით კი არა, ათიათასობით მოქალაქე ქალი „ნათელი მომავლისა“ და „ბედნიერებისთვის“ სწორედ „ვესტრენიზაციის“, „ტრანფორმაციის“ ამ პროცესს გადის და სწორედ ამ ქალების (ბუნებრივია, მამაკაცებისას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ქალებზე ვსაუბრობ) აღუწერელი გმირობით, ნაჯაფ–ნაოფლარითაა, უცხოეთიდან საქართველოს ბიუჯეტში ასობით მილიონი უცხოური ფულადი ერთეული რომ შემოდის და მათი ოჯახის წევრები, ახლობლები თუ მეგობრები უწამლობით, თუ უშუქობით რომ არ იღუპებიან, დაუქორწინებლები თუ გაუსვენებლები არ რჩებიან; ეკლესიების, სამორინეებისა და სუპერმარკეტების წინ შეგროვილი „მაწანწალა ბავშვებივით“ თუ „მაწანწალა ძაღლებივით“ ქუჩა–ქუჩა, კარდაკარ არ დაეხეტებიან და მათ გვამებს ქალაქის დასუფთავების სამსახური ისე არ პოულობს, როგორც არასასურველი ახალშობილების გალურჯებულ სხეულებს, ანდა უკიდურეს სასოწარკვეთამდე მისულნი, თავს ისე არ იწვავენ, როგორც ეს აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ საჯაროდ გააკეთა. პირადად თქვენ ანდა რომელიმე სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ნანა ფიფიას ოჯახითა და ამ ადამიანების შემდგომი ბედით დაინტერესდით? არადა საქართველო ხომ ის ქვეყანაა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ „ქალის კულტის“ ტერიტორიად მოიხსენიებოდა და სადაც სწორედ ქალის (დედის) მიმართ ასევე საბრენდო სტუმარ–მასპინძლობით განთქმულ „ღვინის კულტურის“ სუფრაზე ყველაზე მგზნებარე სადღეგრძელოები ისმის და შეისმება?

სწორედ ამ ქალების გამოგზავნილი ფულითაა, რომ მათი შვილები და შვილიშვილები საშულო სკოლებსა და უმაღლესებში სწავლობენ, ბათუმში ისვენებენ, სასკოლო ბუფეტში ფუნთუშასა და საფირმო მაღაზიებში ბოლო თაობის კომპიუტერებს ყიდულობენ; სწორედ ამ ქალების ფულითაა, რომ „ყველაზე ევროპულ ქალაქებში“ უცხოური ავტომობილების მფლობელებს სამოძრაო საწვავის ფული აქვთ, ხოლო მობილურის სატელეფონო კომპანიებს– მომხმარებელი ჰყავთ; სწორედ ამ ქალების დამსახურებაა, რომ საქართველოში კერძო საცხოვრებლების მშენებლობის ბუმია (ბევრი კი იმ სამშენებლო კომპანიის მფლობელების „სინდისიერების“ გამო ფინანსურად და მორალურად დაზარალდა, რომლის ერთ–ერთი წარმომადგენელი ახლა პარლამენტშია და გენდერულ საბჭოში საქმიანობს), საავადმოყოფოები და ავტობანები შენდება. მაგრამ თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდნეტს, პრობლემის გაგებისთვის, ჩაღრმავებისა და გადაწყვეტის გზების მოსაძიებლად ამ გზის განვლა, წესით, სულაც არ უნდა გჭირდებოდეთ, როგორც მსახიობს, რომელსაც როლის სრულფასოვნად დასაუფლებლად დამატებით ძალისხმევას ურჩევენ და თუ რეალურად თავად არ ჩავარდა ტალახიან წუმპეში და რამდენიმე დღე ზამთრის სუსხში, ქუჩაში უსახლკაროს ცხოვრებით არ იცხოვრა, კინოსცენარში მისთვის განკუთვნილ როლს კარგად ვერ შეასრულებს. ეს თქვენ არ გევალებათ. თქვენ ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა გევალებათ. სად და როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ისინი. თქვენ და თქვენს მეუღლეს, როგორც მშობლებს, არასოდეს გიგრძვნიათ, რას ნიშნავს, როდესაც შვილს ხუთი, ათი, ან სულაც, თხუთმეტი წელი ვერ ნახულობ. თქვენს მშობლებს არასოდეს გაუგიათ, „რა ხილია“ შვილიშვილის მორიგ დაბადების დღესა და ოჯახის წევრის გასვენებაზე სკაიპით „დასწრება“, თქვენი ოჯახის წევრი ახალგაზრდა გოგონა არასოდეს ყოფილა სექსმონობის ინდუსტრიის „ჭანჭიკი“; თქვენ არასოდეს მოგისმენიათ საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებული ოჯახის გადასარჩენად აშშ–ში ძაღლებთან ერთად ავტოფარეხში მცხოვრები ქალის ისტორია, რადგანაც ეს თქვენ არ გაინტერესებთ. თქვენ არ წაგიკითხავთ აშშ–ში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა, რომელმაც ყველაზე დეპრესიულ პროფესიის წარმომადგნლებად მოხუცების მომვლელები, ძიძები და რესტორანში მიმტანები აღიარა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოიკითხნენ მხოლოდ ისინი, ვინც ცივილიზირებულად – რვა საათს და არა ის არალეგალი ქალები, რომლებიც კვირაში შვიდჯერ 24 საათი მუშაობენ. ქართველი ქალებივით. ვის რაში აინტერესებს სხვისი დეპრესია, როცა მომავალი ასეთი „ნათელ–ჰეფიენდური’’ ჩანს? „ჭეშმარიტებისკენ“ თუ „ტაძრისკენ“ მიმავალ გზაზე ამგავრი „წვრილმანები“ რა საყურადღებოა, როცა მთავარი მიზანი „იბერიის გაბრწყინებაა“. გაეროს ტრიბუნიდან საუბრისას, აბა, ეს ხალხი რა გასახსენებელ – სახსენებელია? სად ქვეყნის წარმატება და სად რძისგან მკერდგაჯირჯვებული, აუტანელი ტკივილისგან სახედამანჭული ახალნამშობიარები, „თვითდასაქმებული“ ის ქალი, რომელმაც თურქული სასმელის ყუთები სამშობლოში უნდა ჩამოიტანოს და 50–60 თეთრის „სავაჭრო მოგების“ წამატებით რომელიმე ბაზრობაზე ყინვასა და პაპანაქება სიცხეში დახლთან დგომით თუ გაუმართლა – გაყიდოს, თუ ძალიან გაუმართლა – ერთმაბაშად გაყიდოს და მარჩენალ თურქეთს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს... ოჯახის გამოსაკვები დაუსრულებელი რუტინის პირნათლად შესასრულებლად, რათა შუქის, გაზის, ინტერნეტის ფული გადაიხადოს და კიდევ – ბავშვის სასკოლო წიგნებისა და სკოლისკენ მიმავალი ტრანსპორტისთვისაც მორჩეს რაიმე. ჰო, რასაკვირველია, „ესენი“ საერთო სურათსა და ფონს „აფუჭებენ“, რადგანაც სახელმწიფო ბრენდი მხოლოდ მკაცრად სერთიფიცირებულობას ცნობს, ხოლო „უხარისხო პროდუქტი“, მათ შორის ღვინო, დასავლეთის პრეტენზიულ ბაზარს კი არა, რუსეთის მთავარ სანიტარსაც კი არ მოსწონს....

ქართული „სოციალური სახელმწიფოს“ კულტურულ–პოლიტიკური კონცეპტის მაგალითი, რომელიც მედია–სიუჟეტებში მრავლადაა ადამიანისა და სახელმწიფოს, პიროვნებისა და იდეოლოგიზირებული სისტემის, მე/ჩვენ–ის/ისინი, გარდაცვილილი მშობიარისა და ცოცხალი პოლიციელის ფიგურის „ჰარმონიული“ ურთიერთმიმართება – თანაარსებობით ყველაზე ნათლად და მარტივად აიგება. უცებ აღმოჩნდა, რომ ფონის გამფუჭებლები ხანდახან მაინც საჭირონი არიან, რათა მოსახლეობამ თუ შინაურმა მღვდელმა კონტრასტი და მეინსტრიმული პროფესიის (წესრიგის, სამართლის, უსაფრთხოების დამცველი) სიკეთე კარგად დაინახოს... მაგალითად, ტარაკან–ბუზებიანი და უმედიკამენტო კლინიკა, სადაც დაბალი სოციალური წრის მშობიარე (იგი პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ წარმომადგენლების მეუღლეების მსგავსად სამშობიაროდ ძვირადღირებულ ლოკალურ ან დასავლურ კლინიკებში, ბუნებრივია, ვერ იმშობიარებდა) არასათანადო და არადროული სამედიცინო მომსახურეობის გამო გარდაიცვალა, ამ ქალის ოჯახის წევრების მოთქმა კი „სამშობიარო ბლოკისა“ თუ „კლინიკის“ მოსაცდელის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კატაკომბის მსგავს, ჩამოღლეტილ კედლებს ბზარავდა. მომავალი თაობის დაბადების ტერიტორიის შესახებ „ნეორეალისტური ფილმის“ შემდეგ კი მიჯრით ჩნდება ტელეკარდი – სუფთად და ლამაზად, შარვალ–კოსტუმ–ჰალსტუხში გამოწყობილი, კომპიუტერებიან კაბინეტში, ანდა გამჭირვალე შსს –ის შენობის წინ მდგომი პირგაპარსული, თმადავარცხნილი გამომძიებელი მამაკაცის სახე (ის არა ჰგავს თქვენი ესთეტიკისთვის შეუსაბამო სატირთო მანქანის გაუპარსავ მძღოლს), რომელიც ამბობს, რომ პროკურატურა ქალის სიკვდილის მიზეზებს აუცილებლად გამოიძიებს, დამნაშავეებს კი დასჯის. და ასე სიუჟეტიდან–სიუჟეტში, სიკვდილიდან – სიკვდილამდე. სახელმწიფოს მაღალანაზღაურებადი რაინდი, რომელიც შურს იძიებს იმათზე, ვისი ბრალითაც ქალმა თავისი მთავარი დანიშნულება – დედობა ვერ ,,შეასრულა’’. სიკვდილისა და ერთი სახელმწიფო ინტიტუციის მუშაობის გამართულობის ამგვარ კონტარსტზე აგებული „კულტურაცია“ კიდევ ერთი მყარი მატრიცაა, რომელიც პათოსით მანიპულაციასა და სტერეოტიპების ტირაჟირებაზეა აგებული. ჩვენ უნდა „ვიწამოთ“, რომ ქვეყანას თავისი საქმის თეთრსაყელოიანი პროფესიონალები ისევე სჭირდება, როგორც – „ადამიანური რესურსი/ბალასტი“, რომ ამ უკანასკნელთა მიერ გამომუშავებული „პროდუქტი“ – შთამომავლობა და ფული დეკლარირებულად ღირებულია, მაგრამ თავად ისინი, როგორც პიროვნებები – არა. ისინი შეიძლება მოკვდნენ მშობიარობისას ანდა აშშ–ში უმუშევრობის გამო ნერვიულობისას მოწოლილი სისხლის ჭავლის დარტყმით ნაფლეთაბად გადაქვეული გულის კუნთის გამო, მაგრამ რა ვქნათ, მათ არ გაუმართლათ, არავინაა დამნაშავე მათ „ასოციალურ“ უიღბლობაში: „ისინი“ არიან ისინი, ვიღაცეები, სხვები, არალეგალები, მშობიარეები, დედები (მოდელების დედებიც), ქალები, მარჩენალები, გადახვეწილები, გადავარდნილები, შორებლები, უცნობები, მარგინალები, რომლებიც ინფანტილურ „ალფონს“ სახელმწიფოს ყოველგვარი უკუგების მოლოდინის გარეშე დააპურებენ, ჩააცმევენ და ტურისტული ბუკლეტის ხატოვან ფოტოსურათად გადაქცევენ, რათა მასკულინურ მეგამტერზე ჩვენებური ეკონომიკურ–გლამურული შურისძიება სწორედ ასე გავნახორციელოთ. მერე რა, რომ ამ ქალებს საკუთარი თავის რეალიზაცია თურმე მხოლოდ ასე „შეუძლიათ“ და თურმე ოჯახები და სამშობლო ნებაყოფლობით მიუტოვებიათ; მერე რა, რომ პროფესიული დისკვალიფიკაცია მათი ხვედრია; მერე რა, რომ ცხოვრობენ ჩემი ნაცნობი მაჰმადიანი მესხი ქალის დარად, რომელიც ჯერ როცა მცირეწლოვანი იყო საქართველოდან შუა აზიაში გადაასახლეს; მერე იქაური „პაგრომების“ გამო თავის სანატრელ სამშობლოში დაბრუნდა და აფხაზეთში დასახლდა, საიდანაც 1990 - იანებში იძულებული იყო ომს გაქცეოდა; მერე რა, რომ იგი და მისიანები თბილისში „საერთო საცხოვრებლიდან“ შეირაღებულმა „რაინდებმა“ ძალის გამოყენებით გამოაგდეს და ამიტომ იძულებული გახდა, თურქეთში გადასახლებულიყო, ხოლო დღეს მისი მცირერიცხოვანი ოჯახი აშშ–ის, კანადისა და იტალიის ოჯახებშია მიმოფანტული. შინამოსამსახურეებად, სხვათა შვილიშვილების გამზრდელებად, მტვირთავებად... მერე რა... ერთი ცნობილი ფემინისტი ქალის სიტყვებისა არ იყოს: „ქალს სამშობლო არა აქვს“. საქართველოში „ქალური“ და „მამაკაცური“ საქმეების პოლიტიკურ–სოციალურ–კულტურული თუ ეკონომიკური დიქოტომია ამ თეზისს კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ცა – ფირუზ – ხმელეთ – ზურმუხტი“ სამშობლო არსებობს, მაგრამ სადღაც. შეიძლება ახლოს, შეიძლება – შორს, ოღონდ მხოლოდ გამორჩეულთათვის; იმათთვის, რომლებსაც ძირი შეიძლება ტკბილი არ ჰქონდათ, მაგრამ კენწერო მაინც გაუტკბილდათ, მაგრამ უიღბლოთათვის – არა. არა იმათთვის, ვინც არ იცის სადაა კენწერო, სად ეძებოს იგი და მითუმეტეს, მის გატკბილებაზე არც და ვერც კი უოცნებია, რადგანაც „ასწავლეს“, რომ ესაა მათი ბედისწერა, ხვედრი და „ქალური ბედნიერება“.

 საქართველო ევროპაში მშობიარეთა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემაშფოთებელი სტატისტიკით გამოირჩევა, 77 ათასი ბავშვი კი სიღარიბის ნიშნულს ქვევით, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, მაგრამ ახალი მეგაპროექტების გადამკიდე, თუ ხაზინის არამიზნობრივი ხარჯვის გამო, ჯანდაცვის სისტემისათვის გამოყოფილი თანხები კატასტროფულად საკმარისი არაა. ქვეყანაში, რომელსაც პროგრესზე აქვს პრეტენზია, შვილი დედას განგრენიზირებულ ფეხს სახლის პირობებში არ უნდა აჭრიდეს და ამის გასაკეთებლად ოდესღაც ჯარში ნანახი სამხედრო ქირურგის მიერ განხორციელებულ მანიპულაციაზე დაკვირვებით მიღებული ვიზუალური გამოცდილებით არ უნდა სარგებლობდეს; ამავე დროს, როცა თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, საუბრობთ დასავლეთში ვიზების გაცემის გამარტივებულ რეჟიმზე, იქვე უნდა დააკონკრეტოთ, თუ ვის აქვს ამ ვიზის აღებისა და საზღვარგარეთ რაგვარ პირობებში მუშაობის/სწავლის უფლება (არაკვალიფიცირებულ/კვალიფიცირებულ პროფესიათა ბაზარი); როცა სახელმწიფო ჩინოვნიკები შობადობის მომატებაზე საუბრობენ, იქნებ ელემენტარული სამართლიანობის გრძნობას მოუხმონ და ის მცირე „დეტალიც“ დაამატონ, საზღვარგარეთ რამდენი წლით გადახვეწილი ოჯახის წევრის შრომისა და უხმოდ გადატანლი ტკივილის ხარჯზე ხდება ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება; როცა მოქნილი ბიუჯეტის შესაძლებლობასა და საყოველთაო დაზღვევაზე საუბრობთ, იქნებ აქვე დააკონკრეტოთ, რომ ხაზინა ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ხარჯზეც ივსება... უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ფსიქიკური სტრესის გამო ნიუ იორკის პოლიცია ქუჩასა თუ ოკეანის ნაპირზე შეშლილსახეებიან, არაადეკვატური ქცევით გამორჩეულ ქართველ ქალებს „იჭერს“. მოგვიანებით კი ირკვევა, რომ მათ „ქეისს“ იურისტის კი არა, არამედ ფსიქიატრის კონსულტაცია სჭირდება.

 ბატონო პრეზიდენტო, საქართველო, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციას“ (CEDAW) 1994 წლის 22 სექტემბერს შეუერთდა. ეს გახლავთ იურიდიულად მავალდებულებელი ძალის მქონე საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც კრძალავს ქალთა დისკრიმინაციას (მათ შორის ვერბალურს) და მთავრობებს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის დასამკვიდრებლად ქმედითი ზომების მიღებას ავალებს. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ საქართველო გაეროს წინაშე „ქალთა კონვენციად“ წოდებული დოკუმენტის ყველა პუნქტის აღსრულებაზეა ანგარიშვალდებული; რომ სწორედ სახელმწიფო იღებს თავის თავზე სექსიზმის აღმოფხვრის პოლიტიკურ–სოციალურ–კულტურულ–ეკონომიკური სტრატეგიების შემუშავებასა და დამკვიდრებას. შეგახსენებთ, რომ კონვენციაში არაფერია ნათქვამი საბაჟოზე სამოდელო სააგენტოს გოგონების განსაკუთრებულ მისიაზე, სამაგიეროდ კონვენციის თავი XIV სოფლად მცხოვრებ ქალთა განსკუთრებულ მოწყვლადობასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ცხოვრებაში დამკვიდრების აუცილებლობას სრულად ეთმობა. ის კი არა, მსოფლიო სოფლად მცხოვრები ქალების დღესაც (15 ოქტომბერი) კი აღნიშნავს, სწორედაც რომ სპეციალურად ამ „ინტერესთა ჯგუფის“ განსაკუთრებული დაცვის საჭიროების ხაზგასასმელად. შსს– ყოველდღიური ანგარიშები, ალბათ, ისევ და ისევ ადასტურებენ წლების წინანდელ სამწუხარო სტატისტიკას: სოფლად ქალები განსაკუთრებით არინ მოწყვლადი რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების, ოჯახში ფიზიკური ძალადობის სიხშირისა და მსხვერპლთა დაცვის სრულფასოვანი ქსელის არარსებობის გამო. საქართველოში არის რეგიონები, სადაც ქალებს 20 და 30 აბორტი აქვთ გაკეთებული და ქალები, რომლებისთავისაც დიდი ხნის განმავლობაში ელემენტარული სამედიცინო შემოწმებები ხელმიუწვდომელია. ზემოხსენებული კონვენციის V თავში კი აღნიშნულია, რომ გაეროს წევრი ქვეყნები ყველა შესაბამის ზომებს ეძიებენ, რათა „შეცვალონ მამაკაცისა და ქალის ქცევის სოციალური და კულტრული მოდელები, რათა მიღწეული იქნას ცრურწმენების, წესებისა და იმ სხვა პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ემყარება არასრულფასოვნების იდეას ანდა ერთ–ერთი სქესის უპირატესობას, ანდა ქალისა და მამაკაცის როლის სტერეოტიპიზაციას“.

დასავლეთში არაერთი პარტიული ლიდერი თუ პოლიტიკოსი ღიადაა ჩართული გენდერული თანასწორობის პოლიტიკურ თუ სოციალურ კაპმანიებში (თუნდაც წინასაარჩევნო დივიდენდების მოსაპოვებლად). ქალაქად თუ სოფლად, საავადმოყოფოებსა თუ სუპერმარკეტებში, ავტობუსების გაჩერებებსა თუ მეტროში, ტელევიზიით თუ რადიოთი განუწყვეტლივ აცხადებენ არა მხოლოდ არასამათავრობო ორგანიზაციების, არამედ მერიის ან რომელიმე სახელმწიფო სააგენტოს „მესიჯებს“ სექსუალური მაძიებლობისა თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების („ცხელი ხაზები“, კრიზისული ცენტრები. თავშესაფრები. უფასო იურიდიული, სამედიცონო და ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები და სხვა) ცენტრების საკონტაქტო ინფორმაციას. მაგალითად, ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი, რომელიც ოჯახში ძალადობის კამპანიის ერთ–ერთი მოთავეა. ქართულ ნაციონალურ ლიდერებს კი საკუთარი მეუღლის საზღვარგარეთ უსაფრთხო მშობიარობის დაგეგმვის პარალელურად რატომღაც ავიწყდებათ, რომ სხვა თანამოქალაქეებსაც სჭირდებათ უსაფრთხო სამშობიარო და საარსებო გარემო, თანაც იმ ქვეყანაში, სადაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (კვლევა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა) გამოკითხვის თანახმად ყოველი მესამე ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ხოლო საქართველოში „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ თავშესაფარში წელიწადში საშუალოდ 50 – მდე ქალი ხვდება... ბავშვებითურთ. მათ შორის ფეხმძიმე ქალებიც (თავშესაფარში 20 ბავშვი გაჩნდა). ბოლო 4 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის 1997 მონაწილე დაფიქსირდა (1025 შემთხვევა), თუმცა ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოჯახში ძალადობის გაცილებით დიდ რიცხვზე საუბრობენ, რადგანაც პატრიარქალურ საზოგადოებაში ეს თემა ტრადიციულად ტაბუირებულია; პარტიის ლიდერების პირთაგან კი ვერასოდეს გაიგონებთ სიტყვათა შეთანხმებას „გენდერული თანასწორობა“ და თუ მათ სამეტყველო რეპერტუარში ქალთა საკითხზე საუბარს ძალიან იშვითად მოვკრავთ ყურს, ისიც მხოლოდ დედობის ინსტიტუტის ხსენების კონტექსტში. დღევანდელი საქართველოს პარლამენტში ქალთა რაოდენობა 7 პროცენტს (საქართველოს მოსახელობის 52,3 პროცენტი – ქალია, 47,7 – მამაკაცი) არ აღემატება და ამ მაჩვენებლით ჩვენ მსოფლიოში 120–ე ადგილზე ვართ.... თანამედროვე პოლიტიკა, მითუმეტს პროდასავლური, შეუძლებელია ჰარმონიული და ეფექტური იყოს, თუ გადაწყვეტილების მიმღების პროცესში გენდერული ბალანსი არაა დაცული. ქართლისა დედისა და ქალის კულტის ქვეყანაში არსებობს ქალზე ფიზიკური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ძალადობის სრულიად აღმაშფოთებელი სტატისტიკა. გაეროს მონაცემებით ყოველი მეთერთმეტე ქალი აღიარებს, რომ ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა; არის ძალადობის ფაქტები ორსულობის (საქართველოში ფეხმძიმე ქალთა მცირე თავშესაფარიც ფუნქციონირებს) დროსაც კი. ქალების 34 პროცენტი ქმრის მიერ ცოლის ცემას „გარკვეულ შემთხვევაში“ დასაშვებად მიიჩნევს: ქალების 78 პროცენტზე მეტი კი თვლის, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტები ოჯახშივე უნდა დარჩეს...

ამა წლის 4 აგვისტოს აჭარაში შუამთობის დღესასწაულის აღნიშვნის დროს თქვენ ბრძანეთ, რომ „აჭარა... ევროპელების, ამერიკელების კეთილი შურის, მიბაძვის, აღტაცებისა და ტაშის კვრის ობიექტია და ყველამ ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ შევქმენით მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო რეგიონი“. თქვენ იქვე დასძიენთ, რომ თქვენ (მთავრობა) ქვევით ხართ, ხალხი კი ზევით, რომ თქვენი ამოცანაა იყოთ ხალხის ერთგული მსახურები, გზამკვლევნი და ყველანაირი დარდის გამზიარებლები, რათა ჩვენი შვილები ბედნიერები იყვენენ და სამშვიდობოს გავიდნენ. საღამოს კი იმავე ტელეარხმა, რომელმაც შვიდი თვის წინ თქვენი და ობამას შეხვედრა ვრცლად გააშუქა, ტელეგამოშვების ეპილოგად კვლავ მისთვის ჩვეული „ლამაზმანური“ თემა, მოდელი გოგონების „ჯანსაღი კონკურენცია“ – ტოპგოგოების (პროექტი topgogo.ge) გარეგნობის შეჯიბრი გვიჩვენა. ეს კი იმას მოწმობს, რომ ქართული მედიამეინსტრიმი ოფიციალური პოლიტიკის დარად, თავისი ორგანული სექსიზმის უცვლელ ტოპსიმაღლეზე მყარად დგას; რომ რიტორიკა, სიმბოლიზაცია, ხატების კონსტრუირება და „მეორე სქესის“ მაკონტროლებელი ბერკეტების პიარი, გინდ საგარეო პოლიტიკის დისკურსის/ ვაშინგტონის თეთრი სახლის ანტურაჟის ფონზე მიმდინარეობდეს; გინდ საშინაო გარემოში პრეზიდენტი მგზნებარე სიტყვას აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლოების/ მთის ლანდშაფტის გასაგონად იმეორებდეს, მარად და მარად იგივეა და რეფორმა– გადახედვას არ ექვემდებარება.

მაგრამ, ბატონო პრეზიდენტო, ზეიმებისაა და ქორწილების (შუამთობისას თქვენ ნეფე–პატარძალს ოჯახის შექმნაც მიულოცეთ), არსებობს ერთი მწარე და სრულიად რეალური მაგრამ: ის, რაც საჩვენებელი მხიარულებისა და ურიცხვი „მრავალჟამიერების“ უკან იმალება აჭარაში და არა მარტო საქართველოს ამ რეგიონში. ესაა აშკარა სექსიზმი და ამ ტიპის ძალადობის ეროვნულ ტრადიციად წარმოდგენა, მათ შორის: მამაკაცის დომინანტობის „ნორმატიულობა“ ქალის დამცირების, მისი მეორეხარისხოვნების, სულაც უსულობის „კონცეპტის“ დამკვიდრებისა და ტირაჟირების ხარჯზე; ქალიშვილობის ინსტიტუტი; გლობალიზაციისა და ინტრენეტიზაციის ეპოქაში ტოტალური გაუნათლებლობა არა მარტო ადამიანის ფიზიოლოგიაში, არამედ ადამიანის უფლებების საკითხში; ფსიქო – სოციალური და იურიდიული დაცვის მიუწვდომლობა; სახელმწოფოს მხრიდან უმცირესობათა უფლებების დაცვის, „ჰუმანურობის ინდექსის“ შემცველი გენდერულ თანასწორობისკენ მიმართული მწყობრი პოლიტიკის არარსებობა, რომელიც, ბუნებრივია, საქართველოს ესოდენ „აღთქმულ“ დასავლეთს რეალურად აშორებს.

 უდაოდ, არ უნდა გჭირდებოდეთ ქვეყნის ძირითადი კანონის XIV მუხლის შინაარსის ( ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა) შეხსენება. უდაოდ, როგორც კონსტიტუციის გარანტსა და, თქვენივე სიტყვებს დავესესხები, „ხალხის ერთგული მსახურს“ (თუმცა რიგითი ადამიანების შემოსავალსა და პენსიებს თუ გადავხედავთ, საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ ვისი მსახურია, საკამათო გახდება) ასევე არ უნდა გჭირდებოდეთ კანონის ამ მუხლის დარღვევის შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად და სრულად მოპოვების აუცილებლობის შეხსენება; მაგრამ მაინც, ამ სფეროშო თქვენი მეტად გათვითცნოებრებისთვის ორი კანონდარღვევის შესახებ მოგითხობთ: რამდენიმე ხნის წინ „მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო რეგიონში“ ძალადობის წამოუდგენელი სცენები გათამაშდა: არასრულწლოვანი გოგონა ქორწილის ღამეს საკუთარი ოჯახის, ქმრისა და სახელმწიფოს (პოლიცია–სამედიცინო დაწესებულება) მხრიდან სრულიად აღმაშფოთებელი ძალადობის სამიზნე გახდა და თაფლობის თვის დასაწყისი პოლიციის განყოფილებაში გაატარა. მეორე; იმავე აჭარაში, რომელსაც ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ხელოვანები სტუმრობენ და ხოტბას ასხამენ, გაუპატიურებული არასრულწლოვანი გოგონა ახლობლების, სოფლის ფეოდალური, მაჩო – თემის მხრიდან ასევე ზღვრულად აღმაშფოთებელი ძალადობის ობიექტი გახდა და იგი, მსხვერპლი, რომელსაც ყოველმხრივი მხარდაჭერა სჭირდება, ლამისაა ლინჩის წესის ნატურალისტურ – ფალოცენტრული „ვერსიით“ გაასამართლონ. როგორც ხედავთ, ქალთა ეს ორი და კიდევ უამრავი არაგლამურული სილუეტი საბაჟოს „ბედნიერ ტოპგოგოებს“ სულაც არ ჰგავს. ამიტომ, სექსიზმის გარეშე, ბატონო პრეზიდენტო...

წყარო 

ტეგები: სექსიზმი გენდერული თანსწორობა დისკრიმინაცია სტატისტიკა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker