Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ლა სკალას პრიმა ნინო სურგულაძე ”ბომონდის” გარეკანზე”

ქეთი დარჩია - ჟურნალი ”ბომონდი”
კატეგორია: ქალი და კულტურა 
2011-10-13

ათი წლის წინ რომ ეთქვათ, წარმატებას საოპერო მომღერლის კარიერაში მიაღწევდა, არ დაიჯერებდა.

მაშინ სამსახიობო კარიერაზე ფიქრობდა, კარგად მღეროდა და საესტრადო სცენაზე ცნობილი გოგონა გახლდათ, მაგრამ ოპერა?! - ნინო სურგულაძის ფანტაზიასაც აღემატებოდა.

მამას ძალიან უყვარდა ოპერა და საყვარელი მომღერლების, ბენიამინო ჯილისა და მარიო ლანცას ფირფიტებს ხშირად ასმენინებდა. თუმცა, ბავშვისთვის საკმაოდ რთული აღსაქმელი გახლდათ საოპერო არიების მოსმენა. ”რატომ ყვიროდნენ, ვერ ვიგებდი” - ახლა სიცილით იხსენებს.

სიამოვნებით რას უსმენდა?! - ბითლზებს, ძალიან უყვარდა ჯექსონი. ეს ის პერიოდი იყო, როცა გადაიღეს ფილმში ”მეტიჩარა” და სიმღერასთან ერთად მის ოცნებაში მსახიობობაც გაჩნდა. ყველაფერი იმდენად რეალური იყო. ნიჭიერი პატარა გოგონა უმალვე შეამჩნიეს და როლმა დიდი წარმატება მოუტანა. ”რა არის პოპულარობა, სწორედ მაშინ ვიგემე.

ეს გრძნობა საკმაოდ რთულ შინაგან ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რომელიც საკმაოდ ადრეულ ასაკში გავიარე. იცით, რა გრძნობაა? ადამიანი იჯერებს, რომ რაღაცას მიაღწია და განსაკუთრებულია. როცა ამ ფენომენს ბავშვობაში გაივლი, შანსი გიჩნდება, რომ რაღაც-რაღაცები საკუთარ თავში გადააფასო და შეცვალო. მაშინ კი, ძალიან მომწონდა ეს განსაკუთრებულობა, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ სკოლაში სიარული არ მიწევდა. დავდიოდი რეპეტიციებზე, გადაღებებზე, გასტროლებზე და საინტერესო ცხოვრება მქონდა.”

პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა მშობლებმა იქონიეს. მის ცნობიერებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა როდის მოხდა, არ ახსოვს, თუმცა იმდენად სხვა სურვილები ჰქონდა, ეს გარდატეხა აუცილებელი იყო. როცა ამ სფეროს მიუახლოვდა და უკეთ გაეცნო, ძალიან შეუყვარდა, ახლა მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ნინოს წარმატების საიდუმლო მის თვისებებშია, - საქმეს ყოველთვის მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება. რა თქმა უნდა, ნიჭი და შრომისმოყვარეობა ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, მაგრამ იღბალს და გარკვეულ დამთხვევებს წარმატების გზაზე თავადაც აღიარებს.

სკოლა

ლა სკალას აკადემია მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ნინოსთვის. არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში უცხო ენებს სწავლობდა, ენობრივი ბარიერი უცხო ქვეყანაში მაინც არსებობდა. გარდა ამისა, დამოუკიდებლად ცხოვრებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა შეჩვეოდა.

სრულიად უცხო გარემოში სრულიად მარტო აღმოჩნდა. თვიდან გაუჭირდა, თუმცა ეს გახლდათ ის მინიმუმი წინააღმდეგობებისა, რომელიც ამ საქმიანობაში უნდა დაეძლია.

პირადი ცხოვრება? იქ არ არსებობს. იმდენად რთული საქმეა და ადამიანისგან ენერგიის გარდა, ისეთ ფსიქოლოგიურ რესურსს მოითხოვს... ყოველი შემთხვევისთვის, ჩემთვის ასე აღმოჩნდა, - ”ყველაფერი ამ საქმისთვის გადავდე. ერთი წამითაც არ ვნანობ. არჩევანის საკითხია. მჯერა, რომ ღმერთი ადამიანს ყველაფერს არ აძლევს, წარმატება რაღაცის ხარჯზე მიიღწევა. სიყვარული შეიძლება სიმღერაში გამოხატო. მომავალში ვიფიქრებ პირად ცხოვრებაზე. ამჯერად, ასეთ საკითხებზე ნაკლებად ვფიქრობ.” - ამბობს ნინო.

იტალიაში ბევრი მეგობარი შეიძინა, ხუმრობით, კატების სიცოცხლეს ადარებს, ასე მგონია, რამდენჯერმე დავიბადეო. საკუთარი თავიც განსხვავებული რაკურსით თავიდან აღმოაჩინა და ცხოვრება საინტერესო გახდა.

ლა სკალამ ასწავლა, როგორ ჩამოეყალიბებინა კოლეგებთან ურთიერთობა. გარედან ყველაფერი გაცილებით რთულად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ყველა ქვეყანაში აფასებენ ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და მეგობრობის გრძნობას, კოლეგების დაფასებას. ყველგან ერთი და იგივე ღირებულებებია და ურთიერთობის აგება ადვილია. აქედან გამომდინარე, მიეჩვია გულწრფელობას, რაც სცენიდანაც იგრძნობა.

იქ ისწავლა, როგორ გადაელახა რთული ბარიერები, საოპერო მომღერლის ცხოვრება დიდ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული - თითქოს თავიდან გიხდება საკუთარი ადგილის დამკვიდრება, ყოველი პარტია ახალ-ახალი სიმაღლეების დაპყრობას უკავშირდება.

მაესტრო

მალე ცხოვრების გზაზე ხვდება ადამიანი, რომელიც რადიკალურად ცვლის მის ცხოვრებას. ნინოსთვის ასეთი ადამიანი დიდი მაესტრო, რიკარდო მუტი აღმოჩნდა. მაესტრომ ნინოს მონდომება და პროფესიის მიმართ თავდადება დააფასა. ”მარტო ნიჭი და გარეგნობა ამ პროფესიაში წარმატებას ვერ მოგიტანს. თუ გარკვეული თვისებები არ გაგაჩნია, პირველივე რეპეტიციის შემდეგ დამთავრებულია დირიჟორთან ურთიერთობა.” - აღნიშნავს ნინო.

მაესტრო მუტისთან ურთიერთობამ განსაკუთრებული წარმატება მოუტანა. ნინოს მიმართ ნდობა სპექტაკლიდან სპექტაკლამდე იზრდებოდა. შემდეგი ეტაპი ნდობის შენარჩუნებაა, რაც არანაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. ნინოს, სხვა დიდ დირიჟორებთანაც უმუშავია, თუმცა მაესტრო მუტი მის კარიერაში განსაკუთრებულ ადამიანად რჩება, რომელმაც მომღერალს წარმატების გზის სათავეებთან გზა დაულოცა.

კარიერა

რიკარდო მუტისთან ერთად ორჯერ გახსნა ლა სკალას სეზონი. მაშინ 24 წლის იყო და დიდი სტრესი მიიღო... მაგრამ ის დიდი სიხარული?.. რა დაავიწყებს. სეზონი გაიხსნა როსინის ულამაზესი ოპერით ”მოსე და ფარაონი”. თავად მიაჩნია, რომ ამ ოპერას მაესტრო მუტის დირიჟორობით საუკეთესოდ ასრულებს ორკესტრი, იმდენად გასაოცარ ჟღრადობას აღწევს ნაწარმოებში.

მაესტრო მუტისთან ურთიერთობაც არ ავიწყდება. იმუშავა ვერდის ოპერაზე ”რიგოლეტო”, სადაც პარტნიორობას დიდ მაესტროს, პლასიდო დომინგოს უწევდა. ეს სპექტაკლი სატელევიზიო არხებით პირდაპირ ეთერში, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც გადაიცა. ამ გადაღების ისტორია საინტერესოდ ახსენდება: პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ ანდრია ანდერმანი, რომელიც საქართველოშიცაა ნამყოფი.

მადრიდში მოუსმინა ნინოს ნამღერ მაგდალენას პარტიას და მოეწონა. იქვე უთხრა, რომ მალე დაუკავშირდებოდა. ასეც მოხდა და ნინომ, მართლაც, დაუვიწყარ წარმოდგენაში ღირსეული ადგილი დაიკავა.

კარმენი მისი საყვარელი პერსონაჟია? პარტიაა? ოპერაა? - არა, ამ გმირთან ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. პირველ ყოვლისა, ხასიათის თავისებურებებით ჰგავს. ალბათ შემთხვევითი არაა, რომ მსმენელმა სწორედ ამ პერსონაჟთან გააიგივა ან თავად ასრულებს ისე, რომ მათ შორის ზღვარი იშლება. იაპონიაში, გასტროლებზე, მისი ნამღერით მოხიბლულმა თაყვანისმცემელმა ასეთი რამ უთხრა: იცი, მივხვდი, როგორია სინამდვილეში კარმენი, თავისუფლება უყვარსო.

თავად ნინო ერთი ფრაზით გამოხატავს ამ პერსონაჟის თავისუფლებისკენ სწრაფვას: როცა უყვარდა, ყველაფერი გააკეთა, რომ თავდავიწყებით ჰყვარებოდა. როცა აღარ უნდოდა ჰყვარებოდა, ყველაფერი გააკეთა, რომ არ ჰყვარებოდაო. ასეთია ნინოს კარმენი.

არის პარტიები, რომლებიც ნინოს მოსწონს, მაგალითად, დორაბელას პარტია მოცარტის ოპერაში, ”ასე იქცევა ყველა ქალი”, სექტუსი ”მოწყალე ტიტუსში”, მარგარიტა ”ფაუსტში”, ზინაიდა ”მოსე და ფარაონში”. არის პარტიები, რომელიც ნინოს მოსწონს, თუმცა, არის ისეთიც, რომელიც ნინოსია და, ასეთია კარმენი. უყვარს ”ვერტერიდან” შარლოტას პარტია, რომელიც ისეთი დრამატულია, რომ ნინოსგან დიდ ენერგიასა და სამსახიობო მინაცემებს მოითხოვს.

თავისუფალი...

პრიმა თავისი ჭირვეულობებით? - არა, ნინო ძალიან გულღია და თბილი ადამიანია. პრიმობა, როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე ოპერა ვეღარ ”უძლებს” პრიმა ქალბატონების კაპრიზებს. ცხოვრება იმდენად გართულებულია და იმხელა კონკურენციაა, რომ ”პრიმების” გამოხდომებს დღეს არავის პატიობენ.

არის ძალიან კარგ ფორმაში, თუმცა, ცუდ ფორმაში ვინმეს გინახავთ?
გაგიკვირდებათ და, გახდომას ანტიბიოტიკებს ”აბრალებს”. ახლა წონის შენარჩუნებას ახერხებს და იცავს კვების რეჟიმს. მისი აკრძალვები პირდაპირ შეგვიძლია ჩამოგითვალოთ:

დილით აუცილებლად გეახლებათ შვრიისა და ქატოს ფაფას. მოხარშულ საკვებს ანიჭებს უპირატესობას; უყვარს თევზეული; სვამს ბევრ წყალს, იმიტომ, რომ სცენაზე გრიმის გაკეთება ხშირად უწევს, ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს არ სწყალობს; დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ყელის განსაკუთრებული ჩათბუნვა უარესია და აღარ იცავს თავს, თორემ ზამთარში ნაყინი რომ არ უნდა ჭამოს და გაყინულ წყალში არ უნდა ჩახტეს, ისედაც იცის; ერიდება კონდიციონერს; ალკოჰოლურ სასმელებს საერთოდ არ ეკარება; მასთან სიგარეტის მოწევა არც უნდა გაიფიქროთ; სპექტაკლის დღეს ბევრს არ ლაპარაკობს.

დანარჩენი? ისვენებს, როცა თბილისშია. ყველა ქვეყანას და ყველაფერს, თბილისი და აქაური ”მაზალო” ურთიერთობები ურჩევნია. სამომავლო გეგმები? კვლავ ახალი კონტრაქტი და კვლავ ლა სკალა...

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker