მთავრობამ დევნილების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის დროს კანონი დაარღვია: სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი არ გამოაცხადა და საკითხი ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადაწყვიტა. ამით ყველაზე მეტად ისევ დევნილები დაზარალდნენ. 75 მილიონ ევროდ ღირებული სახლები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ, უხარისხოა და საცხოვრებლად უკვე აღარ ვარგა.
დევნილთა სახლებზე დახარჯული თანხების მიზნობრიობის საკითხი დეტალურად შეისწავლა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. 21 ივნისს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შესაბამისი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
2008 წლის 22 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში გამართული დონორთა კონფერენციის შედეგად საქართველოს სახელმწიფომ 4,55 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო. თანხის ერთ-ერთი მსხვილი ნაწილი - 74,5 მილიონი ევრო დევნილებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა–რეაბილიტაციას მოხმარდა. ამავე მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ პერიოდულად გამოიყოფოდა თანხები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გამგეობებისათვის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ძირითადად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდა.
„მოცემულ პროცესში პრობლემად უნდა შეფასდეს გამოყოფილ თანხებზე მეტი ოდენობით ხარჯების გაწევა მუნიციპალიტეტების მიერ, რომელთა დამადასტურებელი საბუთები სრულყოფილად არ იქნა მოწოდებული. რიგ შემთხვევებში შეუსაბამოა ხელშეკრულებებზე თანდართული დეფექტური აქტები და ხარჯთაღრიცხვები. პრაქტიკულად, შეუძლებელია დაზიანებული კერძო სახლების სარებილიტაციოდ გაწეული ხარჯების გადამოწმება, რადგან შეუძლებელია გაწეული სამუშაოს იდენტიფიცირება რამე ნიშნით – მისამართით ან სუბიექტით. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ კონტრაქტორებთან გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გარანტირების მექანიზმის გამოყენებას, თუმცა წინასწარ ირიცხებოდა საკმაოდ სოლიდური თანხები ავანსის სახით. ხშირ შემთხვევებში, არ სრულდებოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისათვის დადგენილი ერთწლიანი გარანტიებიც,“–აცხადებენ იურიტთა ასოციაციის წარმომადგენლები.
სამშენებლო სამუშაოების უფრო მცირე ნაწილის შესყიდვა ტენდერების მეშვეობით განხორციელდა. სახელმწიფო შესყიდვის 85 პოზიციიდან თითქმის ნახევარზე - 34 პოზიციაზე უპირატესობა მოიპოვა 2–მა კომპანიამ: შპს “ბლოკ-ჯორჯიამ” და შპს “ნიუ ენერჯიმ”. ამ კომპანიებმა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხებიდან 37 400 000 ლარი აითვისა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნული კომპანიები პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გულუხვი შემომწირველები არიან. კერძოდ, 2007 და 2008 წლებში შპს “ბლოკ-ჯორჯიამ” კანონით დაშვებული ფინანსური შემოწირულობის მაქსიმალური ოდენობა - 100 000 ლარი გადაურიცხა მმართველ პარტიას. შემოწირულობის ოდენობამ 2 წლის განმავლობაში, ჯამში, 200 000 ლარი შეადგინა. შპს “ნიუ-ენერჯის” მიერ ამავე წლებში გადარიცხული თანხის ჯამი ასევე სოლიდურად გამოიყურება და 130 000 ლარს შეადგენს.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა საინტერესო ტენდენციებიც. სამშენებლო სამუშაოების შესრულების მსურველი კომპანიები თავდაპირველად დაბალ ტარიფზე თახმდებოდნენ. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კი გაცილებით მეტ თანხას ითხოვდნენ – ფინანსური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ, ჯამში, სატენდერო წინადადებით დადგენილი ღირებულება დაახლოებით 27%-ით გაიზარდა. ასეთი ზრდა ფისკალურად გაუმართლებელია და ნათლად მეტყველებს სახელმწიფო შესყიდვის რიგ უარყოფით ასპექტებზე. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვები უხარისხოდ და ზერელედ იქნა მომზადებული. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია იყო ხარვეზიანი და არასრულყოფილი.