Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მოსახლეობის 15-25%-ს დეპრესია აქვს

ნინო საბაშვილი
კატეგორია: ეს საინტერესოა 
2010-02-16

დეპრესია შეიძლება გულისხმობდეს როგორც ემოციას, ასევე დიაგნოზს.

ემოციასთან მიმართებაში ნიშნავს დამძიმებულ და სევდიან ხასიათს, ხოლო დიაგნოზის დროს, იგულისხმება სინდრომი, სადაც დეპრესია ერთ-ერთი სიმპტომია.

სპეციალისტების განცხადებით, იგი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რომელსაც ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია და ძირითადად 14 წლიდან ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მისი გავრცელება მოსახლეობაში 15%-დან 25%-მდე მერყეობს.

კვლევების თანახმად, ქალების 25%-სა და მამაკაცების 10%-ს ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩაუტარებიათ ანტიდეპრესანტული მკურნალობა.

სპეციალისტების განცხადებით, დაავადებულთა უმეტესობა არ მიმართავს დახმარებისთვის ექიმს და მხოლოდ 20% იტარებს სპეციალიზირებულ მკურნალობას.

დეპრესიის დროს, განსაკუთრებით მწვავე დეპრესიისას, ხშირია სუიციდური მცდელობები. დაავადება ხანგრძლივი ქრონიკული მიმდინარეობებით და ხშირი ეპიზოდებით (გამეორებით) ხასიათდება.

ექიმების განცხადებით, დეპრესია კონტროლირებადია და შემთხვევათა 80-90%-ში იკურნება. სპეციალისტების განცხადებით, დეპრესიის გამოვლენის ყველაზე აქტუალური ასაკი 20-59 წლებია, მაგრამ ამ დაავადების სიმწვავე მოხუცებულობის ასაკშიც აქტუალურია. სხვა ორგანულ დაზიანებებთან ერთად, დეპრესია მოხუცებში ფსიქიკის დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

დეპრესია სხვადასხვა მიზეზების გამო ვითარდება, სპეციალისტები მისი გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ მდგომარეობას ასახელებენ. დაავადებას, როგორც მიჩნეულია, საზოგადოებრივი იერარქია არ გააჩნია, მაგრამ, მაინც, იგი სოციალურად დაუცველ ფენებში უფრო მეტად ვლინდება.
სპეციალისტების განცხადებით, აგვისტოს ომმა ხელი შეუწყო დეპრესიული დაავადებების რიცხვის მატებას.

საქართველოში, ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2006 წელს ფსიქიკური დარღვევების 74 022 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან წლის განმავლობაში პირველად დადგენილი დიაგნოზით აღრიცხულია 3 810 პაციენტი. 1 716 პაციენტი 14 წლის იყო, 1 512 პაციენტი - 15-17 წლის, 1939 პაციენტი - 18-19 წლის, 58 674 - 20-59 წლის. ამას გარდა, ხსენებული შემთხვევებიდან 28 980 შემთხვევა ქალბატონებზე მოდის.

2007 წელს 72 588 პაციენტი დაფიქსირდა, რომლებიც სტაციონალურ მკურნალობას გადიოდნენ. აქედან პირველად დადგენილი დიაგნოზით 2 677 შემთხვევა დაფიქსირდა. ავადმყოფებს შორის 28 373 ქალი იყო.

2008 წლის მონაცემების თანახმად, 75 448 შემთხვევა დაფიქსირდა ოფიციალურად. წლის განმავლობაში პირველად დადგენილი დიაგნოზით აღრიცხულია 3 740 შემთხვევა. ახალი შემთხვევიდან 1 097 ქალია.

რაც შეეხება 2009 წლის მონაცემებს, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის სამსახურის უფროსის მანანა ცინცაძის განცხადებით, ფსიქიკური დარღვევებით ავადმყოფთა სრული რიცხოვნობა ბოლომდე დაზუსტებული არაა.

"დეპრესიის დროს ადამიანი უჩივის უგუნებობას, უხალისობას აზროვნების და მოქმედების შენელებას, სისუსტეს, დაღლილობას, უძილობას, ან ზედმეტ ძილიანობას, ინტერესების შემცირებას, ან დაკარგვას. პაციენტს ამ დროს აქვს დაბალი თვითშეფასება.

"დეპრესიის დროს ირღვევა ძილი, მადა დაქვეითებულია ან მომატებულია. ქვეითდება სექსუალური ფუნქციები. დეპრესიის დროს ვლინდება ისეთი ფსიქიკური სიმპტომები, როგორიცაა დათრგუნულობა, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, აზროვნების შენელება. ადამიანს უჩნდება იმის შეგრძნება, რომ თითქოს ვეღარ აზროვნებს; ეუფლება პესიმისტური აზრები და განცდა - თითქოს არავის არ სჭირდება, გრძნობს შინაგან სიცარიელეს.

"ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტს თავისი გარეგნობა აღარ მოსწონს. აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება", - აცხადებს "კვირის რეზონანსთან" საუბრისას ფსიქიატრი შორენა ბექაური.

შორენა ბექაური: დეპრესიის უმთავრესი მახასიათებელი გუნება-განწყობის დაქვეითებაა. დეპრესიის კლასიკური ტრიადა არსებობს - გუნებ-განწყობის დაქვეითება, მოტორული შეკავება და ასოციაციური პროცესების, ანუ სააზროვნო პროცესების შენელება, შეკავება.

დეპრესია ბევრნაირია და აუცილებელი არაა ყველა შემთხვევში სახეზე იყოს ამ ტრიადის სამივე კომპონენტი. სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ მსუბუქ, საშუალო და მძიმე დეპრესიებს. მძიმე დეპრესია, თავის მხრივ შეიძლება იყოს ფსიქოზური სიმპტომებით, ან მის გარეშე. სუიციდური ფიქრები და მცდელობები ხშირად მძიმე დეპრესიების გამომხატველია.

დეპრესიის სიმძიმის დადგენა ხდება სწორედ, ამ დეპრესიისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოხატულების სიმძაფრის და რაოდენობის მიხედვით.

სტრესი, დეპრესიის განმაპირობებელი, გამომწვევი შეიძლება იყოს. 21-ე საუკუნეში სტრესოგენური სიტუაციები მკვეთრად მომატებულია. შესაბამისად, სტრესების მიერ გამოწვეული დეპრესიების ხვედრითი წილი გაიზარდა.

სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფსიქოპათოლოგიური ფენომენები, ასევე ფიზიკური დარღვევები ორგანიზმში. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, სტრესი დეპრესიის გამომწვევია.

დეპრესიის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები, რომლებიც ქმნიან სტრესულ სიტუაციებს. მაგალითად, დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს ოჯახური ან სამსახურებრივი კონფლიქტი, ახლობლის დაკარგვა, ან მასთან დაშორება, მოლოდინის გაცრუება, ოცნებების დამსხვრევა, ხანგრძლივი ემოციური თუ ფიზიკური დაძაბულობა, გარემოს შეცვლა და სხვა.

დეპრესიის გამომწვევი შეიძლება იყოს თავის ტვინის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები და დაავადებები (თავის ტვინის ტრავმა, ეპილეფსია სისხლძარღვოვანი და ატროფიული დაავადებები და სხვ.). აგრეთვე დეპრესიის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფიზიკური დაავადებები. მაგალითად, ხშირია ენდოკრინული და გულის დაავადებების დროს დეპრესიული მდგომარეობები.

აგრეთვე არსებობს ენდოგენური დეპრესია, რომელიც განპირობებულია შინაგანი, ბიოლოგიური მიზეზებით. ამ დროს ადამიანში არსებობს ბიოლოგიური მიდრეკილება, მზაობა დეპრესიული მდგომარეობის განვითარებისკენ, თუმცა მაპროვოცირებელი შეიძლება გარეგანი ფაქტორებიც გახდეს.

დეპრესიის დროს ძალიან ტიპიურია უსუსურობის, საკუთარ თავში დაურწმუნებლობის, უიმედობის და სასოწარკვეთის განცდა, დაბალი თვითშეფასება. ამ დროს ადამიანს უჩნდება სუბიექტური შეგრძნება, თითქოს მეხსიერებაც დაუქვეითდა, რომ ვეღარ აზროვნებს და აზრებს ვეღარ იკრებს. მაგრამ ამ დროს მეხსიერების ჭეშმარიტი დაქვეითება არ აღინიშნება, რადგან მეხსიერების ჭეშმარიტ დაქვეითებას ტვინის უჯრედების დაზიანება იწვევს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

ადამიანის ხანგრძლივმა დაძაბულმა შრომამ შესაძლებელია გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორგანიზმის გამოფიტვა, გადაღლა გამოიწვიოს და ამ ფონზე დეპრესიული სიმპტომატიკა განვითარდეს, მაგრამ, ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მძიმე დეპრესიები არ გვხვდება ხოლმე, თუ, რა თქმა უნდა, ბიოლოგიური მიდრეკილება არ გვაქვს.

ითვლება, რომ ქალებში დეპრესიები უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. გარკვეულ ასაკობრივ პერიოდებში დეპრესიის განვითარების ალბათობა იზრდება. მაგალითად, ინვოლუციურ (კლიმაქსურ) პერიოდში და ხანდაზმულობის დროს. ცნობილია მშობიარობის შემდგომი დეპრესიაც.

"კვირის რეზონანსი": დეპრესიის დროს მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება?
შ.ბ: მსუბუქი და საშუალო დეპრესიების დროს, მიღებულია ჩატარდეს ფსიქოთერაპია, რომელიც შესაძლებელია სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. ამ დროს მიღებულია პირველ რიგში კოგნიტიური თერაპია, ანუ შემეცნებითი თერაპია. დეპრესიის დროს ადამიანის მოსაზრებები, შეხედულებები საკუთარ თავზე, გარემოზე, ცხოვრებაზე ხშირ შემთხვევაში ხისტი და სწორხაზოვანია. თითქოს ამ დროს მისი თვალსაწიერი შევიწროვებულია და ამა თუ იმ მოვლენის მრავალი ასპექტიდან მხოლოდ ცალკეულს აღიქვამს. კოგნიტიური ფსიქოთერაპია სწორად ამაზეა ორიენტირებული, რომ დეპრესიულ პაციენტს ხედვა გაუფართოვდეს.

როდესაც ფსიქოთერაპიული მკურნალობა არასაკმარისია, მივმართავთ მედიკამენტოზურ მკურნალობას. დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიდეპრესანტები.

"კ.რ": დეპრესია იწვევს თუ არა სექსუალური პოტენციის დაქვეითებას?
შ.ბ: სექსუალური ლტოლვის დაქვეითება დეპრესიის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. მკურნალობისას გამოყენებულმა ანტიდეპრესანტებმა ზოგჯერ შეიძლება თვითონ გამოიწვიოს ლიბიდოს დროებითი დაქვეითება გვერდითი ეფექტის სახით.

"კ.რ": დეპრესიას ახასიათებს თუ არა სეზონურობა?
შ.ბ: ენდოგენურ დეპრესიას ახასიათებს სეზონურობა, იგი უპირატესად გვხვდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker