საქართველოს 20-ზე მეტი უნივერსიტეტი "რუსული კანონის" წინააღმდეგ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში, აუდიტორიები ცარიელია. სტუდენტები და ლექტორები გაფიცულები არიან და საპროტესტო აქციას უერთდებიან. დედაქალაქის უნივერსიტეტებთან ერთად, დღეს, პროტესტს შეუერთდნენ სტუდენტები ბათუმიდან. ბათუმში გაიფიცა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტების ნაწილი. სტუდენტები მოითხოვენ საქართველოს პარლამენტიდან „აგენტების კანონის” გაწვევას.
აღსანიშნავია, რომ, პირველად, გაფიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტებმა გამოაცხადეს. მოგვიანებით, პროტესტს შეუერთდნენ თსუ-სა და ილიაუნის ლექტორების ნაწილიც.
თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა განცხადება გაავრცელეს, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადეს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილე სტუდენტებს. განცხადებაზე ხელმომწერი ლექტორები მიიჩნევენ, რომ "დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი." შესაბამისად, ისინი მხარს უჭერენ იმ სტუდენტებს, ვინც 13 მაისიდან აუდიტორიების ნაცვლად საპროტესტო აქციებზე აპირებს მისვლას და გამოთქვამენ მზადყოფნას, შეაჩერონ სასწავლო პროცესი მიზნის მიღწევამდე.
"ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.
აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 80-მდე ლექტორი აწერს ხელს.
თსუ-ს სტუდენტებმა გაფიცვის შესახებ განცხადება 11 მაისს გააკეთეს. დღევანდელი მონაცემებით, 13 მაისიდან, გაფიცვას უერთდება 22 უნივერსიტეტი.