როგორია იძულებით გადაადგილებული ქალების დამოკიდებულებები კონფლიქტების მოგვარების გზების, შერიგებისა და მშვიდობის შესახებ — პირველად საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იძულებით გადაადგილებული ქალების განწყობები იკვლია.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ქალებს უნიკალური გამოცდილება და გამოწვევები აქვთ, რის გამოც კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობასთან დაკავშირებული ეფექტიანი პოლიტიკისთვის მათი შეხედულებების გათვალისწინება აუცილებელია.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ 228 951 იძულებით გადაადგილებულ პირს შორის 100 628 ქალია. თუმცა, მათი თანაბარი, სრული და ეფექტიანი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების პროცესებში გამოწვევად რჩება.
სწორედ ამიტომ, კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო, შეესწავლა კონფლიქტის ტრანსფორმაციის, შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ იძულებით გადაადგილებული ქალების ხედვები, გამოევლინა ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის მათ მონაწილეობას კონფლიქტის ტრანსფორმაციაში და ხელი შეეწყო სამომავლოდ ჩართულობისთვის.
კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, კვლევითმა კომპანია „ანოვამ“ 2023 წელს განახორციელა და მან როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი ნაწილი – პირისპირ და სიღრმისეული ინტერვიუები, ფოკუს-ჯგუფები და ლიტერატურის მიმოხილვა მოიცვა.
კვლევა განხორციელდა პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.
ძირითადი მიგნებები:
- გამოკითხული იძულებით გადაადგილებული ქალების დემოგრაფიული მონაცემები
- გამოკითხული იძულებით გადაადგილებული ქალების 39% ცხოვრობს თბილისში, 61% – წყალტუბოს, გორის, ზუგდიდის, წალენჯიხის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში;
- უმრავლესობა ცხოვრობს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში (84%);
- მათი სრული უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია (98%);
- კვლევაში მონაწილე ქალებს ძირითადად საშუალო (41%) ან პროფესიული (22%) განათლება აქვთ;
- მათი 27% დასაქმებული, თვითდასაქმებული ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფია, 39% უმუშევარია; 29% კი პენსიონერი;
- გამოკითხული ქალების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ შემოსავალი საკვების შესაძენადაც კი არ ჰყოფნის, (41%), ან შემოსავალი ჰყოფნის საკვებისთვის. თუმცა, არ არის საკმარისი ტანსაცმლის საყიდლად (29%);
- გამოკითხულთა 74% იძულებით გადაადგილებულია აფხაზეთიდან, 26% კი ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან.
თვისებრივი კვლევის თანახმად, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების გავლენა იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე, მათ შორის, ქალებზე, ძირითადად ეკონომიკურ სირთულეებს, ცუდ საცხოვრებელ პირობებს და განვითარების/თვითრეალიზაციის ნაკლებობას უკავშირდება.
ფოკუს-ჯგუფების მონაწილეებმა მთავარ პრობლემებს შორის გამოყვეს: საცხოვრებელი სახლის პრობლემა, უმუშევრობა, განვითარების შესაძლებლობის სიმწირე, ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა, ოჯახში ძალადობა.
გამოკითხული იძულებით გადაადგილებული ქალების 77%, 2022 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებას არ ეთანხმება – 2022 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს აქვთ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ და 1 იანვრიდან დაბადებული ბავშვები არ იქნებიან გათვალისწინებული სულადობრივად, როგორც ოჯახის წევრები, საცხოვრისით დაკმაყოფილების დროს.
კვლევის მონაწილეთა 89%-ს კი მიაჩნია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა 45 ლარიანი შემწეობა უნდა იყოს მიბმული დევნილის სტატუსზე და ეძლეოდეს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს.
იძულებით გადაადგილებული ქალების მოსაზრებები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ
კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის იდეების შესახებ სმენია კვლევაში მონაწილე ქალების 24%-ს, ხოლო ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანების, ორგანიზაციების ან სახელმწიფო პროექტების შესახებ – 29%-ს.
კვლევაში მონაწილე ქალების ნახევარი აღნიშნავს, რომ სმენია ოფიციალური მოლაპარაკებების (ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები) (53%) და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის (49%) შესახებ.
ასევე, სხვა პროექტებთან შედარებით მაღალია საქართველოს სახელმწიფოს ჯანდაცვის პროექტის (რეფერალური პროგრამა/უფასო ჯანდაცვა) და საქართველოს სახელმწიფოს სამშვიდობო ინიციატივის (ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ – ვაჭრობა და განათლება) ცნობადობა (43% და 30%, შესაბამისად).
გამოკითხული იძულებით გადაადგილებული ქალების აზრით, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის (70%), საერთაშორისო ორგანიზაციების (56%) და თავად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის (50%) ჩართულობა.
ამასთან, კვლევის მონაწილეთა 72 პროცენტის თქმით, კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და დადებითი ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანია როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან დიალოგის დაწყება, გააქტიურება და გაღრმავება. გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებული ქალების 41% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგის დაწყებაც/ გააქტიურებაც.
იძულებით გადაადგილებული ქალების ჩართულობა კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში
კვლევის მონაწილეთა 28% ფიქრობს, რომ იძულებით გადაადგილებული ქალები ჩართულები არიან კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში. თუმცა, რეალურად, მათი უმრავლესობა – 95% თავად ამ პროცესებში ჩართული არასოდეს ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ყოველი მესამე გამოკითხული აცხადებს მზაობას, ჩაერთოს ქართულ-აფხაზურ და/ან ქართულ-ოსურ დიალოგსა თუ შეხვედრებში, ასეთი ფორმატების დაგეგმვის შემთხვევაში (39%).
გარდა ამისა, ყოველი ოთხი გამოკითხული ქალიდან ერთი აღნიშნავდა, რომ იძულებით გადაადგილებულ ქალებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ აზრს იშვიათად ეკითხებიან (28%) და იძულებით გადაადგილებული ქალების იდეებს/აზრს სერიოზულად არ აღიქვამენ (25%).
კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშემწყობი აქტივობები და მათში მონაწილეობისადმი განწყობა
კვლევაში მონაწილე იძულებით გადაადგილებული ქალების აზრით, კონფლიქტების ქართულ-აფხაზური და/ან ქართულ-ოსური განზომილების მშვიდობიან ტრანსფორმაციას ყველაზე მეტად ახალგაზრდა თაობების, მათ შორის ახალგაზრდა ქალების, დამეგობრება (55%) და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმოსვლის გამარტივება შეუწყობს ხელს (53%).
ქართულ-აფხაზური და/ან ქართულ- ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს შორის ასევე დასახელდა ეთნიკურად აფხაზი, ოსი და ქართველი მოსახლეობისთვის ერთმანეთის ყოველდღიურობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება (41%) და ერთმანეთის ტრადიციისა და კულტურის გაცნობა (21%), სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა (37%) და სოციალური პროექტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად (30%).
თავად კვლევის მონაწილე ქალები ყველაზე მეტად პირისპირ შეხვედრებში ჩართვის მზაობას ავლენდნენ.
43% აღნიშნავს, რომ მზადაა, ჩაერთოს პირისპირ შეხვედრებში, სადაც აფხაზი, ოსი და იძულებით გადაადგილებული ქალები არაფორმალურ გარემოში შეხვდებიან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ, 22% აღნიშნავს, რომ ჩაერთვება სხვადასხვა პროექტში, რომლებიც საერთო იდეის გარშემო გააერთიანებს ქართველ იძულებით გადაადგილებულ, აფხაზ და ოს ქალებს.