გენდერული სიახლეები
მე დავეთხოვე ჩემს უფროსს...
2023-09-22 11:39:28

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, რომელმაც არ იცის, რომ მეც ქალი ვარ და ჰიგიენური პაკეტები მეც მჭირდება, რომელმაც არ იცის, რომ მაქვს უფლებები, ოჯახი, პრობლემები, პროტესტის გრძნობაც.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს. ჯერ არ ვიცი მისი რეაქცია ჩემს განცხადებაზე, არც მაინტერესებს, მაგრამ მე ვიცი, რომ ტვინის უჯრედებს დავასვენებ, აქოთებულ საამქროს გავეცლები, ვიფიქრებ, ძალიან ბევრს ვიფიქრებ ქალებზე. ნიკო ნიკოლაძეზეც დავფიქრდები კიდევ ერთხელ იმაზეც, თუ რატომ თვლიდა ცნობილი ქართველი მოღვაწე უფრო სამართლიანად საზოგადოების დაყოფას ჭკვიანებად და ბრიყვებად და არა მამაკაცებად და დედაკაცებად..

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, რომელთანაც ხშირად მიწევდა საუბარი, რომ საქართველოში ძალიან სუსტია სამართლიანობისა და თანასწორობის ღირებულებები, რომ არსებობენ ქალები, გოგონები ღარიბი, დაბალშემოსავლიანი ინტელიგენციის, მუშების ოჯახებიდან, რომლებიც თავს მიტოვებულად გრძნობენ, ვერ ახერხებენ საზოგადოებაში ინტეგრირებას, საკუთარი ცხოვრების წარმართვას.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, რომელთანაც ხშირად მიხსენებია ზუგდიდელი აქტივისტები ქრისტინე კილანავა, ხათუნა ბეჭვაია, ნანა თოდუა, ანა წითლიძე, ირუზა კაკავა, რომ არა ამ ქალების ენერგიული შრომა და ინიციატივები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის მხრიდან საერთოდ იგნორირებული იქნებოდა ქალთა საკითხები, მით უმეტეს ბიუჯეტირება გენდერული ნიშნით. ცხადია, ჯერ მცირეა ქალთა გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამები მუნიციპალიტეტში, მაგრამ უკვე არსებულიც კარგის ნიშანია.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს და ბუნებრივია მეტი დრო დამრჩება აქტუალური თემებისთვის. ხვალ ისევ გარე მოვაჭრე ქალებს მოვიკითხავ. ისინი არ სხედან კომფორტულ კაბინეტებში. მზეში, ქარში, წვიმაში, ყინვაში ღია ცის ქვეშ კომერციულ საქმიანობას ეწევიან და თავიანთი მცირე შემოსავლებით ოჯახებს არჩენენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს ოფიციალურ
სხდომებზე ხშირად უმსჯელიათ ამ ქალთა სოციალური, ინფრასტრუქტრული პრობლემების მოგვარების თაობაზე, მაგრამ საკითხი დღემდე გაადაუწყვეტელია.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს და ხვალ ისევ დავრეკავ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში. გულწრფელად მჯერა, რომ ნამდვილად წაიკითხეს ჩემი საკანონმდებლო იდეა-წინადადება, რომელიც დასაქმებული მარტოხელა დედების საგადასახადო შეღავათის გაზრდის შესახებ მოვამზადე. როგორც ქალბატონი წილოსანის თანაშემწემ ამიხსნა, მოწყვლადი ქალთა ჯგუფებისათვის ცვლილებიბის პაკეტს საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ ვიცი, რომ თვით ოლიმპია დე გიუჟის დეკლარაციაც კი უფრო ჰუმანური ჩანს, ვიდრე ჩვენი სუსტი კანონმდებლობა.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, საერთოდ, როცა ცუდ ადამიანს ვშორდები, ყოველთვის ვცდილობ გონებაში პოზიტიურს მოუხმო. ერთ ნაბაკეველ ქალზე, ნურა ფარულავა -კუპრავაზე, დავფიქრდი. დედაზე, რომელსაც ომში სამი შვილი მოუკლეს, მაგრამ მაინც იმედით და სიცოცხლით სავსე იყო. ფეხით გადმოდიოდა ენგურზე, ორსანტიას, კოკს ფეხით გამოივლიდა და შვილიშვილებს არ აკლებდა მზრუნველობას. როგორც კი უფროსს დავემშვიდობე ბებიაჩემიც გამახსენდა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ქვრივი იყო. 101 წლის გარდაიცვალა. გარდაცვალების დღემდე ელოდა ბაბუაჩემის დაბრუნებას. ვუსმენდი მის საუბრებს და ვგრძნობდი სიყვარულს,სიკეთეს, ქალის სიძლიერეს, განვითარებას. ოპტიმიზმს, პროგრესს, მშვიდობის აუცილებლობას. მშვიდობის, რომელიც ძალიან ჭირდება ახლა ჩვენს დედამიწას, ჩვენს ქალაქებს, სოფლებს, სახლებს, ქუჩებს. ალბათ არასოდეს ამომივარდება მეხსიერებიდან კოკის საჯარო სკოლის მშვიდობის გაკვეთილები, რომელსაც იდეალური მასწავლებლები ატარებდნენ.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, რომელსაც ვერა და ვერ აუხსენი, ვერ გავაგებინე, რატომ ვკითხულობდი ვირჯინია ვულფს, სილვია პლათს.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, რომელმაც არ იცის, რომ ეს კონკრეტულად მისგან გაქცევაა, მისი "ოსვენციმისგან" თავის დაღწევაა, რომ არაფერი ვთქვა არანორმირებულ სამუშაო დღეზე, მინიმალურ ანაზღაურებაზე, უმძიმეს პირობებზე, შრომის დამამცირებელ კოდექსზე და ა. შ.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, რომელიც მუდამ ირონიით უყურებდა და უყურებს ქალს, მის თავისუფლებას, შემოქმედებითობას, მის ბრძოლას. მე დავისვენე უფროსისგან , რომელთანაც კამათით არასოდეს მიკამათია, მხოლოდ მისაუბრია. "პატარა ადამიანთან“ კამათს არასოდეს ვიწყებ. მე ვწერ და ვწერ, ვფიქრობ და ვფიქრობ. ასეც "შიშვლდება“ ის, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს და არაფრის ვალდებულება.

მე დავისვენე უფროსისგან, რომელსაც ქალის დისკრიმინაცია, ქალის პიროვნების დათრგუნვა ხან მორალი ჰგონია, ხან ტრადიცია. უფროსისგან, რომელიც გენდერული თანასწორობის იდეას მხოლოდ პრივილეგირებული ქალების მუდმივმოქმედი სიის შექმნაში ხედავს.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, რომელიც არასოდეს დაფიქრებულა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, არც ისეთ საკითხებზე, თუ რატომ არის მიუწვდომელი ქალთა დიდი ნაწილისთვის სრულყოფილი განათლება, რატომ არის შეზღუდული ქალთა ეკონომიკური უფლებები, რატომ რჩებიან ყურადღების მიღმა სოფლად მცხოვრები ქალები, რატომ არ ეხმიანება ადგილობრივი მედია გენდერისა და ქალთა საკითხებს. საკუთარ თავს დღემდე ვერ ვპატიობ, რომ ერთხელ ფემინისტური ბიბლიოთეკის შექმნაში დახმარება ვთხოვე. ახლა ვფიქრობ და ეს მწარე ფიქრი მანადგურებს. თურმე ჩვენს გვერდითაც არიან ადამიანები, რომლებიც წიგნებსაც დაწვავენ და ფემინისტებსაც.

მე დავეთხოვე ჩემს უფროსს, იმ დღეს თავხედიც გავხდი, მისი კაბინეტის კარს, ტიპიური ჩინოვნიკის კაბინეტის კარს, მარკერით მივაწერე:“ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“. მეტიც, მადლენ ოლბრაიტის სიტყვებიც დაუტოვე საჩუქრად:"ჯოჯოხეთში არის ერთი ადგილი იმ ქალებისათვის, რომლებიც სხვა ქალებს არ ეხმარებიან“. დიდებული ნათქვამია, ვერაფერს დაამატებ.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მარინე ჯონჯუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორსანტია
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად