ომი, რომელიც 7 აგვისტოს არ დაწყებულა და არც იმ ქარიშხლიან თვეს დასრულებულა - ასე ვაგრძელებთ რუსეთის უსასრულო აგრესიის ისტორიას და გიყვებით ტკივილიან ეპიზოდებს, ისტორიების ამონარიდებს, რომლებშიც ვერასდროს დავატევთ ვერც 15 დღის ქრონოლოგიას და ვერც იმ გულისტკივილს, რომელიც არ ნელდება და დღითიდღე ღრმად იდგამს ფესვებს.
სოფო სოფელ ქორდიდან არის, რომლის სიახლოვეს, აგვისტოს ომის შემდეგ, საოკუპაციო ხაზმა გაიარა.
ჩვენთან ინტერვიუმდე ბევრი დაწერა იმ შიშზე, რომელმაც მის სოფელში დაისადგურა და იმ მყიფე მშვიდობაზეც, რომელიც ქორდში ადამიანებს ასევდიანებთ.
დღეს ასე გვიყვება:
„რაც იმ მომენტში მესმოდა, ეს იყო სიტყვები - ვერტმფრენი და ომი. მაშინ 4 წლის ვიყავი, დედამ მისაღებში მდგარი დიდი კომოდიდან უჯრების გადმოლაგება დაიწყო და მითხრა, რომ მე და ჩემი და-ძმა ცოტახნით აქ უნდა შევმსხდარიყავით. ეს იდეა მომეწონა, რადგან თანატოლებთან ერთად დამალობანას თამაში ყოველთვის მიყვარდა, თუმცა ეს არ იყო თამაში, რომლის დროსაც თუ გიპოვეს შემდეგში შენ უნდა დაიხუჭო, აქ ვერ და არ უნდა ვეპოვეთ. იმ ღამეს ბევრმა ვერტმფრენმა გადაუარა ჩვენს სახლს, იყო გამაყრუებელი ხმაური, აფეთქებების ხმა, რომელსაც ვერაფრის ხმას შევადარებ და ახლაც, 15 წლის შემდეგ, როდესაც მკვეთრი ხმები მესმის, ის დიდი კომოდი მახსენდება დედამ ჩვენს თავშესაფრად რომ გადააქცია.
მე ანწუხელიძის ქვეყანაში ვცხოვრობ, ჩემს ქალაქში მისი სახელობის ქუჩა არსებობს, დღეს ჩემი ეროვნული დროშა დაშვებულია და თითოეულ ჩვენგანს ჭრილობები ახლიდან გაგვეხსნა, ეს იმიტომ, რომ ვიღაც ოკუპანტმა ჩვენი დამორჩილება და ჩვენი მიწების მისაკუთრება განიზრახა.
უდიდესი პროტესტი მიჩნდება, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ რუსეთთან ურთიერთების დათმობაზე და შემრიგებლურ პოლიტიკაზეა საუბარი, მტერი ვერასდროს გახდება ჩემთვის მეგობარი, ვერასდროს შევეგუები ბათუმის პორტში რუსული გემის შემოსვლას და ვერ მექნება ჩვეულებრივი რეაქცია რუსული კანონის მიღებაზე. გული მწყდება რომ ზოგიერთს ასეთი მოკლე მეხსიერება აქვს და ივიწყებს წარსულს. დიახ, რუსეთი ოკუპანტია და მე ერთი ჩვეულებრივი ამ ქვეყნის მოქალაქე, ქორდში მცხოვრები გოგო, ვერასდროს შევეგუები იმ ფაქტს, რომ ჩემი სახლიდან ერთი ხელის გაწვდენაზე საოკუპაციო ხაზი მდებარეობს.“- ამბობს სოფო ასკილაშილი.
ცეცხლის შეწყვეტის და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების შეთანხმებას ქართულმა მხარემ 12 აგვისტოს, რუსულმა მხარემ კი 16 აგვისტოს მოაწერა ხელი. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა, თუმცა სროლა, ქართული სოფლების დარბევა, მაროდიორობა და ეთნიკური წმენდა მომდევნო დღეებშიც გრძელდებოდა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ანექსიად და ოკუპაციად ცნო და რუსეთი ოკუპანტ ქვეყნად გამოაცხადა.
აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ დღემდე დაფიქსირებულია ბორდერიზაციის 100-ზე მეტი შემთხვევა და საქართველოს 3 000 -ზე მეტი მოქალაქეა დაკავებული საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით.
2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ თითქმის მთლიანად დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი 2008 წლის ომთან დაკავშირებით და რუსეთი დამნაშავედ ცნო ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, როგორც ცხინვალის რეგიონი, ასევე აფხაზეთი, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
საქართველო 2008 წლის შემდეგ მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის რეჟიმში ცხოვრობს.