როდესაც ადამიანები საუბრობენ გენდერზე, ისინი ჩვეულებრივ გულისხმობენ გენდერულ უთანასწორობას - პირობებს, როდესაც ქალები და გოგონები ნაკლებად უფლებამოსილნი არიან მხოლოდ მათი სქესის გამო. რთულია გერქვას ქალი მაგრამ საქმე კიდევ უფრო რთულდება მაშინ, როდესაც გქვია ქალი შეზღუდული შესაძლებლობით. თითქოს ამით კიდევ უფრო მძაფრდება გენდერული პრობლემაც.
მსოფლიოში დაახლოებით 700 მილიონი შშმ ქალი და გოგონა ცხოვრობს და საიდუმლო არ არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ისე ექცევიან, როგორც ნაკლოვან ადამიანებს.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ზრდის შშმ ქალებისა და გოგონების მოწყვლადობას, არის იზოლაცია. მათთვის, რთულია საზოგადოებაში გამოსვლა და ინტეგრაცია. დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად, გზის გასახსნელად შშმ ქალებისა და გოგონების ინტერესების ყურადღების ცენტრში არის იმ კანონების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც იცავს
მათ უფლებებს.
სასიხარულოა, რომ აჭარაში შევხვდი ორგანიზაციას "შშმ ქალთა ალიანსი", რომლის წევრებიც განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანები არიან და არღვევენ ყოველგვარ სტერეოტიპებს გენდერული თანასწორობისა და შშმ ქალთა შესახებ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი, ნათელი მაგალითია იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს აქვთ შეუზღუდავი შესაძლებლობები. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია, თავისი ბენეფიციარებისთვის ხშირად ატარებს სხვადასხვა სახის აქტივობებს, ტრენინგებს, ღონისძიებბს და ა.შ .
ფოტოებზე აღბეჭდილია ერთ-ერთი აქტივობა, ფილმის ჩვენება. " ხეიბართა ბანაკი",დოკუმენტური ფილმი შშმ ახალგაზრდებზე, რომლებიც 1970-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში დისკრიმინაციისა და იძულებითი იზოლაციის წინაშე დგებოდნენ, მაგრამ მათმა შეუპოვრობამ და ბრძოლამ შედეგად გამოიღო ამერიკელი ინვალიდების შესახებ კანონის მიღება.
იმის ჩვენება, გააზრება და ცოდნა, რომ მიუხედავად ქალის გენდერისა თუ შეზღუდული შესაძლებლობებისა, ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, რომელთაც ზუსტად იგივე მოთხოვნილებები და უფლებები აქვთ როგორც ნებისმიერი გენდერის და შესაძლებლობის ადამიანს ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა.
სწორედ ასეთი ორგანიზაციები, აქტივობები და ერთმანეთისთვის მაგალითის მიცემა დაგვანახებს და დაგვაძლევინებს ნებისმიერი სახის პრობლემას და გახდის სამყაროს კიდევ უფრო ჰუმანურს.
***
ფოტო ამბავი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.