საქართველოს ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის, ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში არსებული გამოწვევების შესახებ, კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.
შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა გახსნა. კონფერენციას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის, ტოლერანტობის ცენტრის, ეთნიკური უმცირესობებსა და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების წინაშე არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით ადვოკატირების კამპანიის გააქტიურების აუცილებლობა, ბავშვთა ქორწინების საკითხი და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება, ენის ბარიერი და მისი აღმოფხვრის გზები, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა და საინფორმაციო კამპანიების გააქტიურება, შესაბამისი აქტორების მხრიდან.
კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მუშაობის ფარგლებში გამოკვეთილი გამოწვევები გააცნო და სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევების შედეგები მიმოიხილა. ასევე, WIC-ის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებულ კარგ პრაქტიკებზე.
"კონფერენცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. აუცილებელია ამ საკითხების შესახებ მრავალმხრივი დისკუსია, ძალადობის წყაროების განხილვა და მსჯელობა საზოგადოებაში ქალის ადგილთან დაკავშირებით, როგორც ეთნიკურ, ასევე რელიგიურ თემებში.ვფიქრობ, მსგავსი თემატური შეხვედრები ჩატარებულა, თუმცა ეს არის პირველი ფორმატი, მრავალმხრივი მონაწილეობით. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრამ გამოიწვია დიდი ინტერესი, რადგან ისეთ საკითხებზე გაკეთდა აქცენტი, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არ დაფიქსირებულა, მათ შორის, როგორია ამა თუ იმ რელიგიური მოძღვრების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან მიმართებით. ვიმსჯელეთ, რა შეიძლება გაკეთდეს სასულიერო პირების მხრიდან, რომ წინ აღვუდგეთ ძალადობას და ვებრძოლოთ უთანასწორობას, რომელიც შემდეგ წარმოშობს ხოლმე ძალადობას."- განაცხადა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა.
შეგახსენებთ, პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.