საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, მიიღო გენდერული გავლენის ანალიზის (GIA) ინსტიტუციონალიზაცია, რომლის მიხედვით ყველა საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათში დაემატება პუნქტი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ახსნის რა გავლენა აქვს ინიციატივას ქალებსა და კაცებზე.
ცვლილებები საქართველოს კანონში „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში - კანონპროექტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო გარდა ფორმალური თანასწორობის განმტკიცებისა, უზრუნველყოფს ქალებსა და კაცებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებას და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას.
ეს ხელს შეუწყობს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის რეალიზებას, კერძოდ, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას იმგვარად, რომ გარდა ქალსა და კაცს შორის De jure თანასწორობისა, პოლიტიკა ორიენტირებული იქნება De Facto უთანასწორობის აღმოფხვრაზე.