ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას.
საუბარი შეეხო ისეთი საკითხებს, როგორებიცაა გენდერული თანასწორობის ადგილობრივი სამოქმედო გეგმების კუთხით მიღწეულ პროგრესი და მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების/გოგოების ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცესში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში, ნიკო თათულაშვილი და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე, თამარ საბედაშვილი. გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების განხორციელებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით აუცილებელია სამოქმედო გეგმების ლოკალიზაცია.
შეხვედრის მეორე ნაწილში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკაიამ, რომელიც ამავდროულად გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი და კვლევის ავტორია, კვლევის პრეზენტაცია წარადგინა. კვლევა სამ მუნიციპალიტეტში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა