გენდერული სიახლეები
მსხვერპლის დღიურები
2022-12-13 14:29:10

საავადმყოფოში ვზივარ და ველოდები, როდის შემამოწმებენ. თან ვცდილობ გონებაში ის მოვლენები აღვიდგინო, რომლებმაც აქამდე მომიყვანა. სახეზე სისხლი მომდის, თავის ტკივილს და აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობ. გამიმართლა, რომ ცოცხალი გადავრჩი და ვლოცულობ, რომ კარგად ვიყო. 

ფიქრებიდან ხმას გამოვყავარ, რომელიც შორიდან მესმის. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ძილბურანში ვარ. მაღლა ვიხედები და ვიღაცის სხეულის კონტურებს ვარჩევ, - მედდაა. მეკითხება, როგორც ვგრძნობ თავს, მაგრამ ლაპარაკი არ შემიძლია, თავს ვუქნევ. ჩემს ხელს მისაში იქცევს, მიყურებს და მეუბნება: "ნუ ღელავ, უსაფრთხოდ ხარ". უკონტროლო ქვითინი მივარდება. 

***
დღეს ადრე გავთავისუფლდი სამსახურიდან და მაშინვე სახლში წავედი. დღისით მეგობრებმა დამირეკეს, ყავაზე დამპატიჟეს, მაგრამ უარი ვუთხარი. როცა 10 წუთი მაინც ვაგვიანებ, შემდეგ ახსნა-განმარტება მიწევს მეუღლესთან, რაც შემდეგ ხმამაღალ გარჩევებში გადადის. ამიტომ გამუდმებით სკანდალებს და აყალ-მაყალს, მირჩევნია ყველაფერში დავუჯერო. სახლში ყოველი მისვლა მეზიზღება და საკუთარი თავიც მეზიზღება, რომ ამ დაწყევლილ წრეს ვერ ვაღწევ თავს. ჩემი ყოველი დილა სახლიდან გამოქცევაა და ყოველი საღამო იმაზე ოცნება, იქნებ გამიმართლოს და ის საღამო წყნარად გავატარო. ვცდილობ, სულ ფეხის წვერებზე ვიარო, რომ ზედმეტად არ გავაღიზიანო. 

სახლში მოსულს, სამზარეულოში მხვდება. გაბრწყინებული მზერა აქვს - ვხვდები, რომ ნასვამია. ჩემს სოციალურ ქსელებზე ჰქონია წვდომა და უნახავს, როგორ მომწერა კურსელმა გიორგიმ გამოცდასთან დაკავშირებით. რისხვას დომინოს ეფექტი აქვს. რაც უფრო ვცდილობ მის დამშვიდებას, უფრო ღიზიანდება. თავს ვერ აკონტროლებს, ისე ღრიალებს, ალბათ მთელ უბანს ესმის, - მრცხვენია. რას იფიქრებენ? ალბათ დაგვცინებენ და იტყვიან, რომ არანორმალურები ვართ. გონებაში მხოლოდ ის მიტრიალებს, თავი როგორ დავაღწიო ამ ყველაფერს. სად წავიდე? რამდენჯერაც ჩემს მშობლებს მოვუყევი, სერიოზულად არ მიიღეს. მითხრეს, ახლა შენ უკვე ოჯახი გაქვს, ჩვენც თავი ძლივს გაგვაქვს და თან მეზობლები რას იტყვიან, სირცხვილით თავი სად გამოგვეყოფაო?

***
სულ უფრო უკონტროლო ხდება. ვცდილობ თავი ავარიდო და ოთახისკენ გავრბივარ. ვახერხებ და სწრაფად ვკეტავ კარს, მაგრამ ხაფანგში ვარ მოქცეული. ჯიბეებს ვიქექავ, მინდა პატრულში დავრეკო, მაგრამ მობილურს ვერ ვპოულობ - ჩანთშია, შემოსასვლელში. სახეს ხელებში ვრგავ და გონება გამოსავლის ძიებას იწყებს. 
გამოსავალი არ ჩანს.

შემდეგ ის კარს აღებს, უფროსწორად ჩარჩოდან აგდებს, კარი ტყდება და მასთან ერთად სადაცაა ჩემი გულიც გასკდეს. ემოცების ზღვას ვგრძნობ, მთელი სამყარო ტრიალებს. იმედი მაქვს, იქნებ რომელიმე მეზობელმა დარეკოს პოლიციაში ...

***
ბოდიშს მიხდის. 
წამით მიელვებს, იქნებ მართლა განიცდის მომხდარს? ჯერ ლოყიდან სისხლს ვიშორებ ხელით, ჩემს თითებს ვუყურებ, მერე მას ვუყურებ - სინანულს ვერ ვხედავ. ეს ის ადამიანი არ არის, ვინც შემიყვარდა. ის ადამიანი აღარ არის...

***
გამოვიქეცი.

***
საკუთარ თავს ვეკითხები, როგორ მოვედი აქამდე? რატომ შემემთხვა ეს ყველაფერი? რა დავაშავე?- პასუხები არ  მაქვს. 
არ ვიცი რა მელის ახლა, როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე მინდა! დამამშვიდებელი იწყებს მოქმედებას, ძილ-ბურანში ვიძირები. მოდი, ამაზე ხვალ ვიფიქრებ... 

ბლოგი დაწერილია ძალადობა გამოვლილი ქალების რეალური ისტორიების შთაგონებით და წარმოადგენს ავტორის ფანტაზიის ნაყოფს. ყოველი შესაძლო მსგავსება რეალურ შემთხვევებთან, არის დამთხვევა.

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

თეონა მიქაძე
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად