გენდერული სიახლეები
გენდერული სტერეოტიპები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
2022-12-13 13:41:21

"ბიჭის ტვინი აქვს" -  ეს ფრაზა ხშირად უთქვამთ და ხშირად მოუსმენიათ სკოლის კედლებში. როგორც წესი, ამას ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები პატარა გოგოების მისამართით, მათი გონებრივი შესაძლებლობების ხაზგასასმელად ამბობენ. 

ერთი შეხედვით უწყინარ ფრაზებს ხშირად მივყავართ მყარად ფესვგადგმულ გენდერულ სტერეოტიპებთან. სამწუხაროდ, ამის გამავრცელებლები ხშირად ვხდებით მასწავლებლები, რომელთაც არც კი გვიფიქრია, როგორ შეიძლება ვუწყობდეთ ხელს მანკიერი სტერეოტიპების გაღვივებას და ტირაჟირებას. 

შეიძლება ოდესღაც ჩვენც გვასწავლეს, რომ რატომღაც მათემატიკა ბიჭებს უკეთ გამოსდით, თუმცა ჩვენ რატომ ვუმეორებთ ამას თაობებს დაუსრულებლად, გაუგებარია. 

გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, კერძოდ კი მისი მე-10 მუხლი სახელმწიფოებს მოუწოდებს, "მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღსაკვეთად, რათა ისინი უზრუნველყონ მამაკაცთა თანასწორი უფლებებით განათლების დარგში."

სამწუხაროდ, სკოლა გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა და გავრცელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილად რჩება. გავრცელებული სტერეოტიპების დიდი ნაწილი სწორედ სკოლის ასაკიდან მოდის. გამონათქვამებს, რომელიც გაუცნობიერებლად ილექება მოსწავლეების ქვეცნობიერში, არც თუ იშვიათად სავალალო შედეგებამდე მივყავართ. 

2019-2020 წლებში, ფონდმა "სოხუმმა" გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის Brot für die Welt-ის მიერ მხარდაჭერილი პროეექტის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული გენდერული სტერეოტიპები იკვლია. 

კვლევა დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს მოიცავდა და მასში 12 საჯარო სკოლის დირექტორი, მასწავლებელი, რესურსცენტრის თანამშრომელი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო ჩართული. 63 რესპონდენტის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, სკოლაში ჯერ კიდევ მყარია გენდერული სტერეოტიპები. აღმოჩნდა, რომ სტერეოტიპების გამავრცელებლები სასკოლო განათლებაში მონაწილე ყველა აქტორია. თუმცა მათი უდიდესი წილი დირექტორებზე, მასწავლებლებზე, მშობლებზე მოდის და არა მოსწავლეებზე. 

შესაძლოა, ერთი შეხედვით ეს არც თუ ისე საგანგაშო და ყურადსაღებ მიგნებად მოგეჩვენოთ, თუმცა სიტუაციას ამძიმებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ საქართველოში ცხოვრების განმავლობაში გენდერული ნიშნით ძალადობა ოთხიდან ერთ ქალს მაინც განუცდია. 

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნაწილი აღიარებდა, რომ სტერეოტიპების მატარებელია, თუმცა ვერ თანხმდება პრობლემის მიზეზსა და მის გაღრმავებაში საკუთარ პასუხისმგებლობაზე. კვლევამ აჩვენა, რომ მასწავლებელთა დამოკიდებულებებში, ლექსიკასა და ქცევაში ვლინდება გენდერული სტერეოტიპები. პრობლემაა ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კაცი მასწავლებლების მკვეთრი ნაკლებობაა და მცირე რაოდენობა ტექნიკურ საგნებში ან სპორტშია კონცენტრირებული. 

კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ სასწავლო პროცესისთვის კაცი მასწავლებლების მნიშვნელობის გაცნობიერებაც სუსტია, რაც ნაწილობრივ აძლიერებს სტერეოტიპს, რომლის თანახმადაც, ქალებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ბავშვების აღზრდაზე. 
პრობლემურია კაცი მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულებაც. გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან კაცი მასწავლებელი მეტ პატივისცემას იწვევს. 

2013-2014 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განათლების სისტემაში გენდერული პრობლემები იკვლია. კვლევის დროს ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებმა უჩვენა, რომ მასწავლებლების და მშობლების მხარდაჭერა ნაკლები იყო იმ გოგონების მიმართ, რომლებიც სწავლის გაგრძელებას მათემატიკის ან საბუნებისმეტყველო დარგში აპირებდნენ.  გასათვალისწინებელია, რომ გოგონების შედეგები ფიზიკასა და მათემატიკაში მაღალია, თუმცა გაცილებით დაბალია მათი თვითშეფასება ამ საგნებში. 
2020 წელს, ,,თანასწორობის მოძრაობამ“ გამოაქვეყნა კვლევა. კვლევის თანახმად, მიუხედავას იმისა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ არ იცის ტერმინების მნიშვნელობა და არ აქვს თეორიული ცოდნა გენდერული პრობლემების შესახებ, ისინი მაინც ხედავენ და შეუძლიათ ამოიცნონ გენდერული როლები, რომელსაც მათ საზოგადოება უწესებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მაღალია გოგონებს შორის წიგნიერების დონე, ყველა ქალსა და გოგონას განათლებაზე ხელი მაინც არ მიუწვდება. განათლების სფეროში ქალებისთვის შუშის ჭერი არსებობს. 

2018 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის მზარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოსაღებია ყოველგვარი დისკრიმინაციული მასალა. სანაცვლოდ, შეიძლება შეტანილი იყოს ქალების მიერ სხვადასხვა სფეროში შეტანილი წვლილის შესახებ. ამავე დოკუმენტის თანახმად, გენდერული თანასწორობა მოდულის სახით უნდა დაემატოს სამოქალაქო განათლების პროგრამებს, ხოლო გენდერული სენსიტიურობა გახდეს მასწავლებელთა მომზადების პროგრამების ძირითადი კომპონენტი. 

იმის ფონზე, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ მოხდეს გენდერული სტერეოტიპების გამყარება. სკოლას განსაკუთრებული როლი ენიჭება გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ, სქესის ნიშნით დისკრიმინაციისა თუ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და ცნობიერების შეცვლაში. ცნობიერების დონეზე გარდაქმნები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ამაზე მუშაობას სკოლიდანვე დავიწყებთ. სკოლამ უნდა აღზარდოს გენდერული სტერეოტიპებისა და პატრიარქალური ნორმებისგან თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ცალსახად ემიჯნებიან ძალადობას. მითუმეტეს, რომ ეს ის ადგილია, სადაც  ფაქტობრივად, რაიმე ფორმით ყველა მოქალაქეს უწევს ურთიერთობა. მნიშვნელოვანია ფუნდამენტური გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი მშობლებსა და მასწავლებლებს გვენიჭება. 

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელად შეიძლება ჩანდეს, იქნებ რაც უფრო ნაკლებად შევაქებთ გოგოებს ფრაზით, რომ "ბიჭის ტვინი აქვს", მით მეტად შევასუსტებთ გენდერულ სტერეოტიპებს ყველაზე სენსიტიურ ასაკში. 

***

ანალიტიკური სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 


 

 

ნინო ბეგაძე, სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის №8 საჯარო სკოლის დირექტორი
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად