გენდერული სიახლეები
ქალები პოლიტიკაში
2022-12-12 15:02:10

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, კაცთა თანასწორ პირობებში, ადამიანის ფუნდამეტურ უფლებას წარმოადგენს, რომელიც განმტკიცებულია საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო აქტებით. 

ქვეყნის უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, განამტკიცებს გენდერულ თანასწორობას. კონსტიტუციის მიხედვით: "სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისთვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად". 

საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ’’ თანახმად: ,,წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის უფლების რეალიზაციისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ორივე სქესის პირთა თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა’’. 
თუმცა, საინტერესოა, რამდენად არის ეს უფლებები რეალიზებული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. 

საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 2021 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, პარლამენტში ქალთა რაოდენობის მიხედვით საქართველო 113-ე ადგილს იკავებს 188 ქვეყანას შორის, რაც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. თუმცა, მდგომარეობის გაუმჯობესება და ნელი ტემპით წინსვლა შესამჩნევია.(2019 წლის მონაცემებით საქართველო მხოლოდ 142-ე ადგილზე იყო). არსებული მონაცემებით საქართველო ჩამორჩება ევროპული ქვეყნების უმრავლესობას. 

დღეს საქართველოს პარლამენტში 141 წევრია, აქედან 114 კაცი და 26 ქალი. კაცების რაოდენობა 4-ჯერ აჭარბებს ქალების რაოდენობას. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში გენდერულ ბალანსზე საუბარი ზედმეტია, როდესაც სხვაობა ასეთი დიდია. ქალთა დაბალი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებასა და დემოკრატიის დონეზე. ბოლო დროის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობაში ქალთა რაოდენობა აჭარბებს კაცთა რაოდენობას. შესაბამისად, ქალთა რაოდენობა პარლამენტში არ არის საკმარისი ქალთა ინტერესების და უფლებების დასაცავად. მეტი ქალის არსებობა პარლამენტში აუცილებელია, პირველ რიგში, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ადამიანების, ქალების მსოფლმხედველობის, საჭიროებების და პრიორიტეტების გასაჟღერებლად. მეტ ქალს პარლამენტში შეუძლია მეტად გააძლიეროს ქვეყნის ნახევარზე მეტი მოსახლეობა, იზრუნოს მათ საჭიროებებზე, მიიღოს მათზე მორგებული კანონები, რათა დაცული იქნეს გენდერული თანასწორობა და ბალანსი. ქალებს უკეთ ესმით და საკუთარ თავზე გამოუცდიათ ბევრი დაბრკოლება თუ გამოწვევა, რასაც ისინი აწყდებიან ყოველდღიურად. შესაბამისად, მათი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში უმნიშვნელოვანეს როლს იძენს. 
ქალებს პოლიტიკაში შეუძლიათ მეტად დაამყარონ მშვიდობა, ისინი აგრესიის წინააღმდეგები არიან. არასოდეს ცდილობენ პრობლემის მოგვარებას ძალის გამოყენებით. შეუძლიათ იყვნენ კარგი დიპლომატები და უკეთ აწარმოონ მოლაპარაკებები. მათი მონაწილეობა პოლიტიკაში მეტად მნიშვნელოვანია, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 

ქალების დაბალი რიცხვი პარლამენტში ზოგადი გენდერული უთანასწორობის გამოძახილია. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. "შუშის ჭერი", რომელიც წარმოადგენს უხილავ ბარიერს, რომელსაც საზოგადოება ავლებს ქალებსა და კაცებს შორის. ბავშვის დაბადებამდე, სქესის გაგებისთანავე, იწყება მისთვის გარკვეული როლის მინიჭება. ტრადიციების მიხედვით, ქალის უპირატეს მოვალეობად დედისა და დიასახლისის როლი რჩება. მათზე დაკისრებული ოჯახური პასუხისმგებლობები ართულებს მათ ჩართვას საჯარო სივრცეში. პოლიტიკური გარემო მოწყობილია კაცური ნორმების და ცხოვრების სტილის მიხედვით, რაც ცნობილია, როგორც პოლიტიკის მასკულინური მოდელი. 

ქალთა მცირე რაოდენობა პარლამენტში მიგვითითებს, რომ ქალები ჯერაც ბევრ პრობლემას აწყდებიან წამყვანი პოზიციების დასაკავებლად. ეს ბრძოლა ორ სქესს შორის დაუმთავრებელ ჭიდილს ემსგავსება, სადაც კაცებს არ სურთ პოზიციების დათმობა. მათთვის ასე უფრო მარტივია. ტრადიციები და კულტურა ბავშვობიდანვე მათ უპირატესობას უსვამს ხაზს. ოჯახში, საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში ბიჭებს ყოველთვის გამოარჩევენ, ანიჭებენ ძლიერისა და მთავრის როლს. 

პარლამენტის წევრობა ნიშნავს იყო ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები პირი, რასაც საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში "კაცურ საქმედ" მიიჩნევდა. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, ინგლისელი მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი მერი უოლსტოუნკრაფტი ამბობდა: "ქალებს არათუ უარს ეუბნებიან ძალადუფლებაზე, მწერლები იმასაც ამტკიცებენ, რომ, მცირეოდენი გამონაკლისების გარდა, ის შეუთავსებელია მათი სქესის ბუნებასთან". 

რა  უპირატესობა ანდაც თვისება აქვს კაცს ისეთი, რაც ქალს არ გააჩნია? ასეთი არ არსებობს. შესაძლებლობებს თუ გავზომავთ, ვნახავთ, რომ მათ თანაბარი შესაძლებლობები აქვთ, თანაბარ გარემოში. პრობლემას ქმნის ხალხის,მათ შორის თვითონ ქალების დამოკიდებულებაც. მათი უნდობლობა ქალი პოლიტიკოსების მიმართ. პატრიარქალურ სამყაროს შეჩვეულნი ისინი საკუთარ ბედს კაცებს უფრო ადვილად ანდობენ. რადგან უბრალოდ ასეთი გამოცდილება აქვთ და განსხვავებულად ქმედებას არც განიხილავენ. საქმის კარგად კეთებას მამაკაცის სქესს მიაწერენ ხოლმე, რაც ყოვლად აბსურდულია. 

ერთი შეხედვით, განათლების კუთხით ქალები მოწინავე პოზიციებს იკავებენ. ბოლო წლებში, ქალ სტუდენტთა რაოდენობა აჭარბებდა მამაკაც სტუდენტებს. მაგალითად, 2021 წლის მონაცემებით 82 359 ქალი სტუდენტი იყო საქართველოში, კაცები კი - 77 483. ამის საპირისპიროდ კი - დასაქმებული და რეალიზებული ქალი ნაკლებია, რაც მათ პოლიტიკურ მონაწილეობაზეც აისახება. უმაღლესი განათლების მქონე ქალების უმუშევრობის მაჩვენებელი 38% შეადგენს, როდესაც კაცებში ეს მაჩვენებელი 28%-ია (2020 წლის მონაცემები). 

არსებული სტატისტიკა ბევრს გვეუბნება კაცებისა და ქალების შესახებ. იმის შესახებ, რომ ქალები მეტად კანონმორჩილები არინ. ისინი ნაკლებად არიან დანაშაულისკენ მიდრეკილნი და ნაკლებად სჩადიან დანაშაულს. 2021 წლის ოფიციალური მონაცემებით მსჯავდებული კაცების რაოდენობა შეადგენს 14 489, ხოლო ქალებისა - 923. ამავე გენდერული სტატისტიკის მიხედვით, პატიმარი კაცია - 8902, ხოლო ქალი - 301. ეს დღევანდელი რეალობაა, რის საფუძველზეც ვფიქრობ, რომ მეტი ქალის მონაწილეობით პარლამენტი გახდება უფრო სანდრო და გამჭვირვალე ორგანო, რომელიც მეტად ორიენტირებული იქნება ქალთა გაძლიერებაზე და მათი პრობლემების მოგვარებაზე.

დღესდღეობით, სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან ქვეყანაში კეთილდღეობის მაღალი დონით, დემოკრატიის ინდექსის მაღალი მაჩვენებლით, ისინი განვითარებული ქვეყნების მოწინავე რიგებს იკავებენ. ამ ქვეყნებმა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პოლიტიკაში გენდერული კვოტირების საშუალებით შეძლეს. რაც წარმოადგენს დროებით ზომას და ქვეყანაში გენდერული ბალანსის აღდგენისას წყდება. კვოტირება აჩქარებს გენდერული ბალანსის აღდგენას საკანონმდებლო ორგანოში.  განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, სავალდებულო გენდერულმა კვოტირებამ უზრუნველყო ჯანდაცვის, განათლების და ბავშვთა უფლებების საკითხებთან დაკაშირებული პრობლემების გადაჭრა.

საქართველოს მოუწია დიდი გზა გაევლო და მრავალი წელი ებრძოლა გენდერული კვოტირებისთვის. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, გენდერული კვოტირება საქართველოში 2020 წლიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, პარტიის სიას ცესკო იმ შემთხვევაში დაამტიცებს, თუ მისი წევრი ყოველი მეოთხე მაინც ქალი იქნება. 2028 წლისთვის ვარაუდობენ, რომ პარლამენტში ყოველი მესამე წევრი მდედრობით სქესის იქნება და მათი რაოდენობა 50 მაინც იქნება, რაც მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისთვის და დამატებითი მოტივაციაა ყველა ქალისთვის. 

"სუსტი" სქესი სინმადვილეში ყველაზე ძლიერია. მათ უბრალოდ დააჯერეს საკუთარი სისუსტე, დახიეს უკან, ჩამოიცილეს კონკურენტები. მოიწყეს ისეთი სამყარო, სადაც ბატონ-პატრონები თვითონ (კაცები) იქნებიან და ქალი მხოლოდ მათი „აქსესუარი“ იქნება. ქალებს შეუქმნეს იდეალები, დაუწესეს სილამაზის სტანდარტები, რათა მეტი იფიქრონ საკუთარ გარეგნობაზე და ნაკლებად დაკავდნენ გონებრივი განვითარებით. ქალის კულტის შექმნით, მისი ვითომდა პატივისცემით, წაართვეს მას ყველაზე მთავარი უფლებები, განათლების, განვითარების და წინსვლის შესაძლებლობები. 

თუ პრობლემას თვალს გავუსწორებთ, გამოსავალსაც აუცილებლად ვიპოვით. თითოეულმა ქალმა ერთმანეთისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მივაღწიოთ წარმატებას. ერთი ქალის წარმატება ყველას წარმატებაა, მოტივაციაა, გაკვალული გზაა სხვა ქალებისთვის თუ გოგონებისთვის. მთავარია, ვირწმუნოთ საკუთარი ძალის, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რომელიც ბავშვობიდან გააზრებულად თუ გაუაზრებლად შთაგვინერგეს. შევიცვალოთ დამოკიდებულებები. დავარწმუნოთ თითოეული ქალი, რომ მას ბევრად მეტი შეუძლია. ვიყოთ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, რათა სამყარო მეტად გახდეს ქალებზე მორგებული, მშვიდობიანი, დაცული და უსაფრთხო. 


გამოყენებული წყაროები: 

პარლამენტის წევრები - საქართველოს პარლამენტი (parliament.ge)
გენდერული სტატისტიკა (geostat.ge)
საქართველოს კონსტიტუცია | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge) 
საქართველოს საარჩევნო კოდექსი | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge)
გენდერული თანასწორობის შესახებ | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge)
განვითარებული ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (matsne.gov.ge)
meri-uolstonkraphti-V-I.pdf (iliauni.edu.ge)
ქალები_და_პოლიტიკური_წარმომადგენლობა.pdf (socialjustice.org.ge)
Monthly ranking of women in national parliaments | Parline: the IPU’s Open Data Platform

***

ანალიტიკური სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

გვანცა ჩიქოვანი
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად