გენდერული სიახლეები
რას და რატომ ვერ პატიობენ ცნობილ ქალებს
2022-12-02 12:57:12

"რას დაემსგავსა", "ფროიდის პაციენტი", "ბინძური დედაკაცი", "დურაკი ქალი" - ეს ფრაზები არა რომელიმე გამოგონილ პერსონაჟებს, არამედ რეალურ ადამიანებს ეკუთვნით და რეალურ ადამიანებზეა. ყველა მათგანი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ქალია. ყველა მათგანი საკუთარი საქმის პროფესიონალია და ისინი ხშირად გვინახავს. გვინახავს ტელევიზორებში,
მოლაპარაკებების მაგიდებთან, ბრიფინგებზე, საერთაშორისო ვიზიტებსა თუ დახურულ შეხვედრებზე. ხშირად მათ ბევრი არაფერი აერთიანებთ, გარდა ერთისა, ისინი ცნობადი ქალები არიან.

ინტელექტუალური უნარების დაკნინების თუ მორალური კრიტერიუმებით გაკიცხვის სამიზნეები ხშირად ხდებიან ქალები. ძირითადად, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ქალები. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის პირველი პირი ხარ, ამერიკის ელჩი, სახალხო დამცველი, პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი თუ ცნობილი ტელეწამყვანი. კონტექსტიდან ამოჭრილი შენი ფრაზა, რამდენიმე სანტიმეტრით მოკლე ქვედაბოლო, "მეტისმეტი" ღიმილი, ნაკლები ემოცია, მეტი ემოცია საკმარისზე ბევრი მიზეზია, რომ სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გახდე.

ბოლო პერიოდში, ქალები და გოგონები ორმაგი სიძულვილის ენის ობიექტები ხშირად ხდებიან. 2020 წელს, საფარმა და მედიის განვითარების ფონდმა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ქართველი პოლიტიკოსი ქალების მიმართ სექსისტურ სიძულვილის ენასთან დაკავშირებული Facebook მონიტორინგი ჩაატარეს. 112 გვერდის მონიტორინგის შემდეგ, კვლევის ავტორი, გიორგი ურჩუხიშვილი ამბობდა, რომ არ არსებობს სოციალური სივრცე, სადაც ქართველი ქალი პოლიტიკოსები სექსისტურ სიძულვილის ენას არ აწყდებიან. თუმცა ყველაფერი მეტად რთულდება მაშინ, როდესაც ქალები საჯარო სივრცეში ჩნდებიან და წარმატებას აღწევენ. ამგვარ სიძულვილის ენას საფუძვლად მათი გენდერული იდენტობა და სექსუალობა უდევს.

ქალთა მიმართ ონლაინ ძალადობა ძალადობრივი დისკურსის ფართო სპექტრს მოიცავს, სექსისტური სიძულვილის ენიდან ფიზიკური ძალადობის ღია მუქარამდე. ასეთი ძალადობის მიზანი ძირითადად სტანდარტულია, გამოიყენება საზოგადოებაში ქალის ტრადიციული როლების გასამყარებლად და მოტივირებულია ქალების შეზღუდვისა და გაკონტროლების სურვილით. მისი მიზანი ქალების და გოგონების გარიყვა და ჩაგვრაა. მცდელობა, ხელი შეეშალოთ მათ სოციალურ მობილობასა თუ იერარქიულ კიბეზე გადაადგილებაში.

სექსისტურ სიძულვილის ენას მეორენაირად გენდერული სიძულვილის ენადაც მოიხსენიებენ. სექსისტური სიძვულვილის ენა განსაკუთრებით პოპულარული ბოლო წლებში გახდა. მას ვხვდებით ონლაინ თუ ოფლაინ, ნებისმიერი ფორმის სოციალურ ურთიერთქმედებაში. სექსისტური სიძულვილის ენის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს შორისაა: მსხვერპლის დადანაშაულება, რევიქტიმიზაცია, "სლათ შეიმინგი", სექსუალურ ობიექტად წარმოჩენა, თანხმობის გარეშე სექსუალური ფოტოების გამოქვეყნება, თავდასხმითი კომენტარები საჯარო გამოჩეებზე, ასაკზე, სქესზე, გენდერულ იდენტობაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე და ა.შ.

იმ ქალების სია, რომლებიც დისკრედიტაციული კამპანიების სამიზნეები საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობის გამო გახდნენ, ვრცელია.

ვხვდებით კომენტარებს ქალის გენდერულ როლზე, საყვედურებს ოჯახსა და დედობაზე. განსაკუთრებული სიძულვილის მსხვერპლი ‘’კაცური“ ქცევის მქონე პოლიტიკოსები თუ სამოქალაქო აქტივისტები ხდებიან. მართალია, სექსისტური სიძულვილის ენა მხოლოდ ქართული რეალობისთვის არ არის დამახასიათებელი და მას ყველგან ვხვდებით, თუმცა განსხვავებულია კონტექსტი და აქცენტები.

საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ სექსისტური სიძულვილის ფორმები პარტიულადაც განსხვავდება. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ქალების შემთხვევაში ხშირია Slut-shaming, მაშინ, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი ქალების შემთხვევაში კომენტარებს გარეგნობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე აკეთებენ. თუ პოლიტიკოსი სხვადასხვა უმცირესობების უფლებების დაცვით გამოირჩევა, ის ჰომოფობიური ენით ბულინგდება.

ფოკუს ჯგუფში მონაწილე ქალები ასევე აღნიშნავდნენ, რომ სიძულვილის ენის მსხვერპლნი ხაზგასმულად ფემინური ჩაცმულობის, ან მაკიაჟის ტარების გამოც კი გამხდარან. ხშირია სხეულის გამო შერცხვენის შემთხვევებიც. პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების შემთხვევაში ვხვდებით ხმის ტემბრსა თუ საუბრის ემოციურობის გამო ქილიკსაც. ბულინგის მსხვერპლი ხდები თუ ხანდაზმული ხარ, თუმცა მაშინაც, თუ "მეტისმეტად" ახალგაზრდა ხარ. პოლიტიკოს ქალებს ეკითხებიან თუ სად არის მათი ქმარი, მამა ან ვაჟი. ეს უფრო ხშირად მაშინ ხდება, როცა პოლიტიკოსი ქალის როლზე ზოგადი მოლოდინების მისაღებ ჩარჩოებში არ ჯდება. თუმცა ქალი სიძულვილის ენის მსხვერპლი მაშინაც შეიძლება გახდეს, თუ ქმარი არ ჰყავს.

2020 წელს, მედიის განვითარების ფონდმა წინასაარჩევნო პერიოდში სექსიზმი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკვლია. კვლევამ უჩვენა, რომ ყველაზე ხშირად პოლიტიკოსი ქალების გაკიცხვა მორალური კრიტერიუმების და გენდერული სტერეოტიპების ნიშნით ხდებოდა, რომლის მიზანსაც ქალების შერცხვენა და მათი რეპუტაციის შელახვა წარმოადგენდა. მათ თანაბარი რაოდენობით მოსდევდა გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვის/შეურაცხყოფის და გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით დაცინვის შემთხვევები.

საქართველოში, სხვადასხვა პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია ნორმატიული ლექსიკიდან უცენზურო, უხამს ლექსიკამდე მერყეობს. ტერმინოლოგიას, რასაც ქალი პოლიტიკოსების მიმართ იყენებენ, ნაკლებად ვხვდებით კაცი პოლიტიკოსების შეფასებებში. ხშირია ყალბი ამბების გამავრცელებელი ახალი ამბებისა და ვიზუალური მანიპულაციის მაგალითებიც. საკვლევ პერიოდებში გამოვლინდა ფოტო და ვიდეომანიპულაციების გზით გავრცელებული დეზინფორმაციის შემთხვევებიც, რომელთა მიზანი პოლიტიკოსი ქალების დისკრედიტაცია იყო.

კვლევები იმ კანონმდებლობის კრიტიკის ტენდენციებზეც მიუთითებენ, რომელიც ქალთა უფლებების გაძლიერებასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას უწყობს ხელს.

დისკრედიტაციის კამპანიების, შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის, ვიზუალური მანიპულაციების პარალელურად, ქალები უფრო და უფრო ნაკლებს ღელავენ მათ მიმართ გავრცელებულ ამორალურ ნარატივებზე. აგრძელებენ საკუთარ საქმიანობას და ხშირად ხდებიან მაგალითები სხვა ქალებისა თუ გოგონებისთვის, რომლებიც ჯერაც სხვადასხვა ტიპის ძალადობას განიცდიან.

***

ანალიტიკური სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 

თამთა ჩხაიძე
ბოლო ამბები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება.

სრულად 
 ღონისძიებები
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები გაიმართება
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს საინფორმაციო მასალების (ბლოგები/ვლოგები/ფოტო ამბები/სტატიები) კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად დაამტკიცა

ლაიენს მხარი 401-მა დეპუტატმა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა კი თავი შეიკავა

სრულად 
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია

სრულად 
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით

დასკვნაში დეტალურად არის მიმოხილული საერთაშორისო ვალდებულებები პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით, ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები

სრულად