გენდერული სიახლეები
ქალი პოლიტიკოსები გადაწყვეტილების მიღებისას უფრო პრინციპული, მოქნილი და გაწონასწორებული არიან 
2022-11-17 11:20:03

ქალთა გაძლიერება და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში სრულფასოვანი მონაწილეობა, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზით განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. ქალი პოლიტიკოსების აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ გზაზე, მათი მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორების, თუნდაც გენდერული სტერეოტიპების მოცილებით სწრაფი პროგრესი გარდაუვალი გახდება. 

ცნობილი განმარტებით, გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ შესაძლებლობებს, მონაწილეობას და ორივე სქესის გამოჩენას საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარ დონეზე. ის მიზნად ისახავს ქალების და მამაკაცების საზოგადოებაში სრული მონაწილეობის წახალისებას. ისევე როგორც ადამიანის უფლებებისათვის, გენდერული თანასწორობისათვისაც საჭიროა მუდმივი ბრძოლა, დაცვა და მხარდაჭერა.

„გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოს რეგიონებში საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა, იმაზე მეტად რთული ვიდრე წარმოდგენა შეიძლება. ასეთი თანასწორობა ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენს რეალობაში ვხვდებით სიტუაციებს, სადაც გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება - ლახავენ ქალთა უფლებებს, რეალობაში ქალზე ძალადობის არაერთ ფაქტს ვაწყდებით“, - ვკითხულობთ IDFI-ს ერთ-ერთ კვლევაში. 

ჩვენც რეგიონულ პრობლემატიკაზე გავამახვილოთ ყურადღება. 

რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დონეზე? ადგილობრივი ასოციაცია „დეა“-ს ხელმძღვანელი მადონა ხარებავა გვეუბნება, რომ ზუგდიდის საკრებულოს შემადგენლობის 27 % ქალია. მისივე თქმით, თუ დავაკვირდებით დინამიკას, ამ მიმართულებით გადადგმული დადებითი ნაბიჯები აშკარად შეიმჩნევა: 

„ჩემი მოსაზრებით, საკრებულოში ქალთა რაოდენობის გაზრდა მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ამ ფაქტორებიდან გამოვყოფდი რამდენიმეს: გენდერული კვოტირება - მსოფლიო აღიარებს კვოტირებას, როგორც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის ზრდის სწრაფ და ეფექტურ მექანიზმს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ   2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წესებში შევიდა ცვლილება - შემოტანილი იქნა გენდერული კვოტირება, რომლის თანახმად პოლიტიკურ პარტიებს გაუჩნდათ ვალდებულება პროპორციული სიის სამეულში შეეყვანათ მინიმუმ ერთი საპირისპირო სქესის კანდიდატი. 

გენდერულ სფეროში დადებითი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, არსებობს ეროვნული საკანონმდებლო ბაზა, რატიფიცირებულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტები, შექმნილია ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმები და სხვა. 

გენდერული საკითხები პრიორიტეტულია როგორც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის (გაერო, ევროკავშირი, იუესაიდი და სხვ ), ასევე ადგილობრივი საერთაშორისო და არასამთავრობო, განსაკუთრებით ქალთა ორგანიზაციებისთვის. დონორების ფინანსურ-ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა მრავალი კვლევა, თუ საგანმანათლებლო პროგრამები, რომელმაც ხელი შეუწყო ფართო საზოგადოების ინფორმირებულობას; განსაკუთრებით ქალების, გენდერული თანასწორობის  საკითხებზე  ლიდერი ქალების წარმოჩენას, მათი უნარების გაუმჯობესებას და სხვა. 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მზარდ დინამიკაში ნაკლებად არიან წარმოჩენილი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები. იმაზე მიგვანიშნებს, რომ დროულად უნდა მოხდეს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საკითხებში შესაძლებლობათა შეზღუდვის საკითხების მეინსტრიმინგი“.

მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელ ფაქტორებსა და კარგ პრაქტიკებზე მადონა ხარებავა ამბობს, რომ აქ უმნიშვნელოვანესია პარტიების ხედვა ქალი პოლიტიკოსების მიმართ. მისივე დაკვირვებით, ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ძალებში შიდა დემოკრატიის დონე დაბალია:  

„პარტიებში ნაკლებადაა შიდა რეგულაციები, რომლებიც გაზრდის ქალების წარმომადგენლობას და ხელს შეუწყობს მათ წინსვლას პარტიის შიდა სტრუქტურებში; სტერეოტიპულია პოლიტიკური პარტიების ლიდერი მამაკაცების დამოკიდებულება თანაპარტიელი და აქტივისტი ქალებისადმი, რადგან ისინიც განიცდიან ქალების პოლიტიკური აქტიურობისადმი საზოგადოების პატრიარქალური მიდგომების ზეგავლენას;  პოლიტიკური პარტიების  ლიდერები ცუდად იცნობენ ამომრჩეველ ქალებს და მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს,  ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ქალი ამომრჩევლების სპეციფიკური საჭიროებებს. დაბალია სოლიდარობა ქალი ამომრჩევლების მიმართ. თვით ქალთა ერთი ნაწილიც  თვლის, რომ პოლიტიკა არაა ქალის საქმე“. 

მისივე შეფასებით, ჯერ კიდევ დაბალია საზოგადოების მზაობა და ინფორმირებულობის დონე, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით: „კერძოდ - არ არსებობს პარტიათაშორისი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც მოახდენს გენდერული საკითხების ლობირებას პოლიტიკურ პარტიებში; არ არსებობს კონსოლიდირებული, ორგანიზებული და ფართო მოძრაობა, რომელიც  საზოგადოების ინფორმირებას და გათვითცნობიერებას უზრუნველყოფდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მედია, რომელიც საზოგადოების ინფორმირებულობის მასობრივი საშუალებაა, ხშირად თავად ქმნის და ამყარებს სტერეოტიპებს ქალი პოლიტიკოსების მიმართ და სხვ“.  

რაც შეეხება წარმატებულ პრაქტიკას, მადონას მოჰყავს მრავალი მაგალითი, როცა ლიდერი ქალების ერთი ნაწილი შეგნებულად ამბობს უარს კენჭი იყაროს პოლიტიკური პარტიის სახელით (პროპორციული არჩევნების გზით) და ხშირად მონაწილეობს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი: „ამით საზოგადოებას და უპირველესად, თავის თავს უმტკიცებს, რომ ის ძლიერი  და ღირსეული კანდიდატია. ქალი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი გადაწყვეტილების მიღებისას პრინციპულია და, ამავდროულად, მოქნილი და გაწონასწორებული“. 

რაც შეეხება ზუგდიდში ნეგატიურ გენდერულ სტერეოტიპებს, მადონა ხარებავას თქმით, რა თქმა უნდა საუკუნეების განმავლობაში არსებული გენდერული სტერეოტიპის რღვევა არაა მარტივი და სწრაფი პროცესი. მისივე დაკვირვებით, ცხადია, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოში, მათ შორის ადგილობრივ დონეებზე ქალთა ემანსიპაციის  პროცესი  უფრო გაძლიერდა, რამაც გენდერული თანასწორობის გაძლიერებას შეუწყო ხელი:

„მიუხედავად ამისა, როდესაც საკითხი ეხება განათლებას, დასაქმებას, სამსახურებრივი პოზიციების გადანაწილებას და საზოგადოების დამოკიდებულებას - კაცებს უპირატესი პოზიციები უკავიათ. ასეთი გენდერული სტერეოტიპები თაობიდან თაობას გადაეცემა.    ხდება ისე, რომ ამას ხშირად დედებიც უწყობენ ხელს. 

ჯერ კიდევ საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ არსებობს „კაცური და ქალური პროფესიები“. დღესაც აქ ხშირად გაიგონებთ გამონათქვამებს: „გოგო ხომ არა ხარ ვარდისფერი პერანგი რომ გაცვია“; „რა გატირებს, გოგო ხომ არ ხარ? და ა. შ. საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კაცებმა უფრო მაღალი სოციალური სტატუსი სამართლიანად დაიმსახურეს, რადგან ისინი უფრო გონიერები და ძლიერები არიან. მახსოვს, როცა გოგონა განსაკუთრებულ უნარებს ავლენდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი, განსაკუთრებით მათემატიკისადმი, არსებობდა ასეთი გამონათქვამი  (ალბათ დღესაც არის), ყოჩაღ, ბიჭივით  აზროვნებ“. 

მისივე შეფასებით, პერიფერიებში, სხვადასხვა მიზეზთა გამო  სტერეოტიპების რღვევა, განსაკუთრებულად დიდხანს მიმდინარეობს. მადონა ამბობს, რომ როცა კაცსა და ქალს შორის სოციალური როლების განაწილებაზეა საუბარი, კაცები და, მათ შორის ქალების ერთი ნაწილი თვლის, რომ „ქალი უპირველესად დედა უნდა იყოს“: 

„ამ ლოგიკით ქალის მთავარი მოვალეობაა ოჯახზე ზრუნვა,კაცმა უნდა იზრუნოს ოჯახის მხოლოდ ფინანსებით უზრუნველყოფაზე; მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ბევრ ოჯახში ქალია ერთადერთი „შემომტანი“, კაცების უმრავლესობა თვლის, რომ  მან, როგორც ოჯახის თავმა, თვითონ უნდა განკარგოს ფინანსები. ეს ხომ სტერეოტიპის ნათელი მაგალითია  ეკონომიკურ ძალადობასთან ერთად“.   

მადონა ხარებავა გვეუბნება, რომ ოჯახში ძალადობა შესაძლოა გენდერული ნიშნითაც მოხდეს. მისივე შეფასებით, ასეთი ძალადობა გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმაა, -  რას შეეხება ოჯახში ძალადობისას აუცილებელი არაა დაზარალებული იყოს მხოლოდ ქალი;  შესაძლოა ეს იყოს  ხანდაზმული ქალი ან კაცი, ბავშვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ან თუნდაც შრომისუნარიანი მამაკაცი: 

„ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით საქართველოში გარკვეული დადებითი ნაბიჯებია გადადგმული. არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რატიფიცირებულია მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტები,  სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, სხვადასხვა სახის სოციალური სერვისები დაზარალებულებისთვის  ეროვნულ თუ ადგილობრივ დონეზე -   ნაბიჯები გადაიდგა საზოგადოების გათვითცნობიერების კუთხითაც.  მიუხედავად, იმისა, რომ შესაბამის სამსახურებში   მიმართვიანობა იზრდება ძალადობის გათვითცნობიერების ხარჯზეც, ჯერ კიდევ ბევრი ვერ აცნობიერებს რა არის ძალადობა და რომ მხოლოდ   ფიზიკური  ძალადობა არაა ძალადობისა ერთადერთი ფორმა. არსებობს ისეთი ფორმები როგორიცაა ფსიქოლოგიური,  ემოციური, ეკონომიკური, უგულებელყოფა...“, - დასძენს მადონა ხარებავა. 

ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ დამფუძნებელი რუსუდან გურგენიძე გვეუბნება, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოში -საკრებულოში  ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო და არის დღესაც. მისივე ინფორმაციით, ამჟამად საკრებულოს 33 წევრიდან 22 ქალია: 

„ამათგან 4 მაჟორიტარულ ოლქში არჩეული საკრებულოს დეპუტატია.  ქალს უკავია საკრებულოს თავმჯდომარის, ერთ-ერთი ფრაქციისა და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარის პოსტი.  წინა 2 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც ქალები იყვნენ. მუნიციპალიტეტის მერიაშიც სამსახურების ნაწილს ქალები ხელმძღვანელობენ. ფართოდ არიან ქალები განყოფილებების უფროსებადაც წარმოდგენილები“.  

რუსუდანი ამბობს, რომ ხელშემშლელი ფაქტორებიდან ჯერჯერობით მაინც არის საზოგადოებაში გავრცელებული სტიგმა - „ქალი სუსტი არსებაა“. მისივე დაკვირვებით, ქალს უფრო მეტი ძალისხმევა და შრომა სჭირდება იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ასპარეზზე: 

„ამასთან ქალს საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად უწევს საოჯახო საქმეების შეთავსება. ფაქტობრივად, ქალი ორმაგ და ხშირად უფრო მეტ სამუშაოს ასრულებს შედეგის მისაღწევად. სოფლად მცხოვრები ქალებისათვის კი, ამას ემატება შინამეურნეობაში მუშაობაც. მათ ხშირად მიწაზე მძიმე მუშაობა უწევთ“.  

ადგილზე ნეგატიურ გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით რუსუდან გურგენიძე გვეუბნება - ხშირია შეხედულება, რომ ქალმა ოჯახს უნდა მიხედოს, მისი საქმე არაა პოლიტიკა და მსგავსი მიდგომები: 

„ქალი, ხშირად, თავისი შესაძლებლობების მიუხედავად, მხოლოდ დიასახლისია. ამას ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში უმუშევრობის პრობლემაც. მართალია, ბოლო პერიოდში, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ხორციელდება, მაგრამ დასაქმება მაინც ერთ-ერთი დიდი პრობლემაა მუნიციპალიტეტში“.

მისივე თქმით, ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. რუსუდანის ინფორმაციით, ხშირად არის არა მარტო ფიზიკური ძალადობის ფაქტები, არამედ ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობაც. 

„იყო შემთხვევა, როცა ოჯახის დიასახლისი, შშმ პირი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა არა მარტო მეუღლის, არამედ მთლიანად ოჯახის მხრიდან. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ჩაერია მუნიციპალიტეტი, მოხერხდა მსხვერპლის გამოყვანა და უზრუნველყოფა საცხოვრებელი პირობებით. სამწუხაროდ ჯერ კიდევ აქტუალურია ძალადობის მსხვერპლის მხრიდან შიში - სად წავიდეს, რა მოხდება ოჯახიდან თუ წავა? მსხვერპლი ვერ მიდის მოძალადისგან და რჩება ოჯახში; თუნდაც იმ სტერეოტიპის გამო, რომ „ოჯახი მაინც ოჯახია“, „ბავშვებს მამა სჭირდებათ“, „მარტო მე რა ვქნა“ და ა.შ. ამ ყოველივეს ხელს უწყობს ქალთა დაბალი ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელი“, - აღნიშნავს რუსუდან გურგენიძე. 

გაეროს ერთ-ერთმა ბოლო რეზოლუციამ მოითხოვა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის ზრდა და შეშფოთება გამოთქვა, რომ „ქალთა პოლიტიკური სფეროსგან იზოლირება დღემდე მსოფლიოს ყველა ნაწილში გრძელდება“. მსოფლიოს მასშტაბით, პარლამენტართა მხოლოდ 22%-ია ქალი - პოლიტიკური და იურიდიული თანამდებობების დიდი ნაწილი მამაკაცებს უკავიათ.

ჩვენი რესპონდენტების ნაამბობიდანაც ჩანს, რომ ბოლო წლებში რეალური ნაბიჯები გადაიდგა ვითარების გასაუმჯობესებლად. ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, თავისუფალ მედიას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აკისრია. ბრძოლა გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისთვის გრძელდება - საქართველოს ქალები ამას ნამდვილად იმსახურებენ. 

 

***

სტატია მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება 

 

გელა მამულაშვილი
ბოლო ამბები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
ბოლო არჩევნებზე ნახევარი მლნ ქალი არ მივიდა - როგორ ჩავრთოთ ემიგრანტები ხმის მიცემის პროცესში?

საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2023 წელს ქვეყნიდან გავიდა 245 064 მოქალაქე და შემოვიდა 205 857 მოქალაქე 

სრულად 
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად