2020 წლის 8 თვის მონაცემებით (იანვარი- აგვისტო), საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ, სახელმწიფოს ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 1146 შემთხვევიდან, რომელზეც მიმართვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოში შევიდა, 55 სექსუალურ ძალადობას ეხება, 19 სუიციდის მცდელობას, ადრეულ ქორწინებასა და არასრულწლოვნის ორსულობას 87, ფიზიკური ძალადობა 256 შემთხვევაში დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად სტატისტიკა ასე გამოიყურება: ფიზიკური ძალადობა - 256; ფსიქოლოგიური ძალადობა - 401; უგულებელყოფა -152; იძულება - 3; სექსუალური ძალადობა - 55; ოჯახში ძალადობა - 120; მიტოვება - 7; ეკონომიკური ძალადობა - 19; ადრეული ქორწინება/არასრუწლოვნის ორსულობა - 87; სუიციდის მცდელობა - 19; ბულინგი - 6; კიბერბულინგი - 5; ტრეფიკინგი - 2; ადევნება - 2; ფემიციდი - 5; არამართლზომიერი გადაადგილება - 1; არასრუწლოვნების კონფლიქტი - 6.
აღსანიშნავია, რომ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, ძალადობის ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება. 2019 წელს ბავშვზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სააგენტოში 1624 მიმართვა შევიდა.
აქედან: ფიზიკური ძალადობა - 342; ფსიქოლოგიური ძალადობა - 402; უგულებელყოფა - 504; სექსუალური ძალადობა - 88; ადრეული ქორწინება - 113; ოჯახში ძალადობა - 87; ბულინგი - 20; სუიციდის მცდელობა - 35; მიტოვება - 16; შრომითი ექსპლუატაცია - 9; არასრულწლოვნის მშობიარობა - 2; ტრეფიკინგი - 6.
სააგენტოს ცნობით, 2019 წელს ბავშვზე განხორციელებული ძალადობის მიზეზით ალტერნატიულ სერვისებში განთავსდა 133 ბავშვი, 2020 წელს კი 69 ბავშვი, აქედან: 28 - მინდობით აღზრდაში, 22 - მცირე საოჯახო ტიპის სახლში; 12 - ძალადობის თავშესაფარში, 2 - მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი; 5 - დედათა და ბავშვთა თავშესაფარში.