გენდერული ძალადობა
ქალები და უხილავი შრომა პანდემიის პირობებში - ოჯახში ძალადობის კვალდაკვალ
2020-09-07 10:35:47

„ცოლი ქმარს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს“; “ყოფილი ქმარი ცოლს ბავშვის თანდასწრებით ემუქრებოდა“;“ მამაკაცი ყოფილი ცოლის დახრჩობის მცდელობაშია ბრალდებული“; „კაცმა, ორსული ცოლი და შვილი სცემა“;“კაცმა ცოლს შეშის საჩხრეკი ჩაარტყა“;   - ეს იმ ფაქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სასამართლო პროცესები პანდემიის პერიოდში გაიმართა. ყველა მათგანი გორის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი. საქმის განხილვებს და მხარეთა პოზიციებს, მიმდინარე წლის აგვისტომდე გორის სათემო რადიო „მოზაიკა“აშუქებდა. პარალელურად, პანდემიის პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის  ფაქტებს კიდევ ერთი ორგანიზაცია სწავლობდა. „კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე 10 სოფელში ამ მიზნით, სპეციალური კვლევა ჩაატარა. გამოკითხვაში სულ 18-დან 75 წლამდე ასაკის 200-მდე ქალმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ერთ-ერთი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობდა. „ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას ერთხელ მაინც თქვენს ოჯახში კარანტინის პერიოდში?“  კითხვარის ანონიმურობის მიუხედავად უმრავლესი პასუხი უარყოფითი იყო, მხოლოდ 3 შემთხვევაში მიუთითებდნენ ქალები, რომ  რომ თვითიზოლაციის დროს ურთიერთობები დაიძაბა და ამას ხელი არსებულმა მდგომარეობამ შეუწყო. ერთ-ერთი გამოკითხულის თქმით,  „სერიოზული ძალადობა არ ყოფილა, არ არსებობს ოჯახი რომ რამე პრობლემა არ იყოს და ეს ბუნებრივია“. რამდენიმე გამოკითხული კი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ „ტკბილი, მშვიდი და მოსიყვარულე ოჯახი“ აქვს. 

იმ ფონზე, როდესაც პანდემიის პერიოდში გორის რაიონული სასამართლოს მიერ ქალზე ძალადობის არაერთი ფაქტი გამოავლინდა, ქალების ნაწილი მსგავს შემთხვევებს საკუთარ ოჯახებში კატეგორიულად გამორიცხავს. აღნიშნულის მიზეზად შეიძლება ორი გარემოება განვიხილოთ. ერთი, ის რომ შესაძლოა ქალები სიჩუმეს ამჯობინებენ სხვადასხვა მიზეზის გამო, ან მეორე - ძალადობის არსს სათანადოდ ვერ აცნობიერებენ. 

„საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად რთულია იბრძოლო საკუთარი უფლებების დასაცავად როგორც ქალმა და იყო თავისუფლი, რომ სერიოზული ფსიქოლოგიური და მორალური შემზადებაა საჭირო.. ძალიან ბევრი მეუბნება, რომ ამდენი ეტაპების გავლა არ შეუძლიათ და ამჯობინებენ მოითმინონ და ხმა არ ამოიღონ.ეს ის ქალები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ძალადობას განიცდიან, მაგრამ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ, ზურგს არავინ უმაგრებთ და ვერაფერს ცვლიან. არის კატეგორია, ვისაც ნორმად მიაჩნია კაცისგან ყოველდღიური დამცირების თუ სხვა ფსიქოლოგიური ძალდობის ატანა.“-ამბობს ნიქოზში მცხოვრები ნინო მინდიაშვილი. 

ასეთი გარემოს არსებობას საზოგადოების დამოკიდებულებით ხსნიან ძალადობის მსხვერპლი ქალების გორის თავშესაფარში. ლამარა შაყულაშვილი ფიქრობს, რომ დღეს მოსახლეობა არატოლერანტულია ქალების მიმართ, რაც მოძალადეებს უფრო მეტად ახალისებს. 

„ქართული მენტალიტეტი და სტერეოტიპული დამოკიდებულება ამ პანდემიამ უფრო მეტად გაამყარა. მსხვერპლი ქალების მიმართ სოლიდარული ქალების ნაწილიც კი არ არის   და მაინც ფიქრობენ, რომ მოთმინება და გაჩუმება „ოჯახის ქალის“ ვალდებულებაა. პანდემიამ კიდევ უფრო პროვოცირება გაუკეთა ძალადობრივ შემთხვევებს. მოიხსნა თუ არა კარანტინი, გორის კრიზისულ ცენტრში 3 მსხვერპლი მივიღეთ ერთ დღეში. თავშესაფარში კი კარანტინის პერიოდში სულ 26 მსხვერპლი ქალი იყო მოთავსებული.“-ამბობს ლამარა შაყულაშვილი. 

ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის პერიოდში ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით,  ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინებების რიცხვი საქართველოში არ გაზრდილა, თუმცა „ახალგაზრდა ფემინისტების“აზრით, ეს სტატისტიკა რეალური სურათის ამსახველად არ შეიძლება ჩაითვალოს.

„სამწუხაროდ ეს მოლოდინი ბევრ ქვეყანაში გამართლდა და როგორც ევროპის ასევე აზიის ქვეყნებში პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის შესახებ ქალთა მიმართვიანობა 20-30 % გაიზარდა (საფრანგეთი-30%, არგენტინა- 25%-, სინგაპურში - 33% და ა. შ.) თუმცა, საინტერესოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდის ტენდენცია არ ფიქსირდება საქართველოში. კერძოდ, მარტში 924 ოჯახში ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა, აპრილში 786, მაისში კი 905 რაც გასული წლის სტატისტიკისგან (მარტი-953, აპრილი-818, მაისი-848) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება.  მიუხედავად სტატისტიკური მონაცემებისა, ვიფქრობ რეალობა ასეთი არ არის და საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მიმართვიანობის დაბალი მაჩვენებელი, პანდემიის პირობებში, იმითაა განპირობებული, რომ ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული განწყობები ოჯახში ძალადობის ფაქტზე შეტყობინებასთან დაკავშირებით.-ამბობს მარიამ თოფჩიშვილი.

სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას საზოგადოების ნაწილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამცავ მექანიზმად ასახელებს. ქალთა უფლებადამცველების ნაწილი ხშირად იხსენებს  სამართალდამცავთა ადრინდელ დამოკიდებულებას,რაც  მსხვერპლების მიმართ ქილიკსა და აგდებულ საუბარში გამოიხატებოდა. ბოლო პერიოდში ასეთ უხეშ ტენდენციას თითქოს ადგილი აღარ აქვს, მაგრამ როგორც ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, სანდოობის კუთხით ახლა უკვე სხვა პრობლემა გამოიკვეთა. 

„როდესაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს პოლიცია ესაუბრება, ბოლო პერიოდში მათდამი დამოკიდებულება გაუმჯობესებულია, მაგრამ გორის მაგალითზე გეტყვით, რომ მსხვერპლების ანონიმურობა სათანადოდ არ არის დაცული. პანდემიის პერიოდშიც იყო შემთხვევა, რომ ქალს, როგორც მსხვერპლს, ვინაობის გამჟღავნება  ძალადობის შემთხვევაზე გაცხადებისას არ სურდა, მაგრამ საპირისპირო ვითარება მიიღო. ვერ გეტყვით, როგორ და ვის მიერ ხდება ინფორმაციის  გავრცელება, მაგრამ ვფიქრობ კარგი იქნება სამართალდამცველები კონფლდენციალურობის დაცვაზე მეტ ყურადღებასთუ გამოიჩენენ კონკრეტული ქეისების შესწავლისას . “- ამბობს იურისტი თეა თედლიაშვილი. 

რას იტყვის ხალხი?- ეს მიდგომა ქალების ნაწილზე გავლენას დღესაც ახდენს. პანდემიის პერიოდმა უფრო მეტად წარმოაჩინა ცნობიერების პრობლემა თავად ქალებში, რომლებმაც საკუთარ თავს ამ მხრივ სტერეოტიპული დოგმები და მენტალური შეზღუდვები დიდი ხნის წინ თავად დაუწესეს. ამას „კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს. 

„ქალები რომლებიც ერთი კითხვის პასუხად წერენ, რომ მთელი დატვირთვა ოჯახის 6 წევრიდან მხოლოდ მასზე გადადიოდა კარანტინის დროს და მეორე კითხვის პასუხად ამბობენ, რომ ამ პერიოდში მის ოჯახში ძალადობა არ მომხდარა, ადვილი მისახვედრია, რომ კითხვარის შევსებისას ან გულწრფელები არ არიან, ან უბრალოდ ფიქრობენ, რომ ეს ჩვეულრებრივად ნორმის ფარგლებში ხდება. ქალებმა აქაც საკუთარ თავზე აიღეს ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვა, ისე, რომ ამ ყველაფრის (გად)ატანისთვის მადლობასაც არავისგან ელიან“.-ამბობს კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, მარიამ თედლიაშვილი.

სად არიან ამ დროს კაცები? - ეს კითხვა გლობალურმა პრობლემამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა. უფლებადამცველების აზრით, ქალებში სამუშაო ისევ ბევრია, რადგან ჰქონდეთ ინფორმაცია ამ პროცესში საკუთარი როლის და უფლებების შესახებ. ქალის შრომა პანდემიამ უფრო დაამძიმა და მეტად უხილავი გახადა. არსებული სურათის შესაცვლელად კი უმთავრესი  სურვილია,  უკეთესი ცვლილებების მიმართულებით.  

***

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" და Fundacja HumanDoc პარტნიორობით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა არ ემთხვეოდეს ევროკავშირის პოზიციებს.  

ნინო ჩიბჩიური
ბოლო ამბები
ქალთა მოძრაობამ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარში გამართა

ქალთა მოძრაობა ამბობს, რომ ქვეყანაში ამომრჩეველ 53% ქალს "რუსული კანონით" ვერ გააჩუმებენ და ეს კანონი ეხება ყველა ქალს

სრულად 
გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება

სრულად 
 ღონისძიებები
 დანიის გენდერისა და თანასწორობის ცოდნის ცენტრი KVINFO აცხადებს მკვლევრის ვაკანსიას
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ ფოტო ამბების კონკურსს
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად 
განცხადება ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ

სრულად 
შსს: 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

სრულად