ეგვიპტეში დააკავეს 22 წლის მამაკაცი, რომელიც ათეულობით გოგოს გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი. მსხვერპლების ასაკი 13-დან 18 წლამდე მერყეობს. მოძალადე მათ ვიდეოზე იღებდა და შემდეგ აშანტაჟებდა.
დაპატიმრება დაზარალებულთა მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის შედეგია. სოციალურ ქსელში საჯარო გახდა ასობით ქალის ისტორია, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები გახდნენ. კამპანიას მხარი ეგვიპტის ქალთა ეროვნულმა საბჭომ დაუჭირა, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ 1 – დან 5 ივლისამდე პოლიციაში შემოსულია 400 – ზე მეტი შეტყობინება ძალადობის შესახებ.
პოლიციამ ასევე მოუწოდა დაზარალებულებს, ოფიციალური საჩივრის შემოტანისკენ და აღნიშნა, რომ დუმილი დანაშაულია და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.
გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლამდე ძალადობაში ეჭვმიტანილი, კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდა და დაზარალებულთა შორის ბევრი ასევე ამ სასწავლებლის სტუდენტია.
2017 წლის Thomson Reuters Foundation- ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კაირო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია ქალებისთვის საცხოვრებლად.
2013 წლის გაეროს კვლევის მიხედვით კი, ეგვიპტეში ქალების 99% სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გამხდარა.
ეგვიპტეში სექსუალური შევიწროება დასჯადი 2014 წელს გახდა და სულ მცირე, ექვსი თვით პატიმრობას ითვალისწინებს.