პროკურატურის განცხადებით, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული ბენეფიციარის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულ დაცვის თანამშრომელს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.
სამართალდამცველებმა ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" — წერია განცხადებაში.