იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში ელექტრონული სამაჯურების შემოღებას უკავშირდება.
კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და პაკეტის თანმდევი პროექტები შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.
„ბოლო პერიოდში შემაკავებელი ორდერების გამოცემის სტატისტიკა გაზრდილია. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საჭიროა უფრო მეტი ქმედითი მექანიზმის არსებობა პოლიციის ხელში, რათა დავიცვათ მსხვერპლი მოძალადის ძალადობისგან. სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, დარღვევის შემთხვევებიდან დიდი ნაწილი მოდის სწორედ მიახლოების აკრძალვის კუთხით. კერძოდ, მოძალადეები უფრო ხშირად არღვევენ შემაკავებელი ორდერით დადგენილ პირობებს, როცა მათ აკრძალული აქვთ მსხვერპლთან მიახლოება, მსხვერპლის საცხოვრებელ, სამუშაო ადგილთან მიახლოება. სწორედ აღნიშნულის კონტროლის მიზნით შემოთავაზებულია ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შსს-ს მისცემს საშუალებას, ეფექტურად გააკონტროლოს მოძალადის მიახლოება მსხვერპლთან. ამისთვის შემუშავებული იქნა ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმი“,- განაცხადა დარახველიძემ.
ელექტრონული სამაჯური გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა პოლიცია შემაკავებელ ორდერს გამოწერს და სიტუაციის შეფასებისას ჩათვლის, რომ მსხვერპლის დასაცავად საჭიროა დამატებითი ღონისძიებები. შსს-ს წარმომადგენელი შესაბამის ოქმს შეადგენს, 24 საათის ვადაში კი სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ.
სამაჯური შემაკავებელი ორდერის თანმდევია, შესაბამისად, ორდერის გარეშე, მას არ გამოიყენებენ. გამომდინარე იქედან, რომ შემაკავებელი ორდერი მაქსიმუმ, ერთ თვიანია, ელექტრონული სამაჯურის გამოყენების ვადაც, მაქსიმუმ, ერთი თვეა.
თუმცა, პროექტის თანახმად, მოძალადეს ელექტრონული სამაჯური შეიძლება დაუმაგრდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს. ანუ, თუ თავდაპირველად პოლიციამ მხოლოდ ორდერი გამოწერა, შესაძლებელია ელექტრონული ზედამხედველობის შემდგომ დამატება, ოღონდ აუცილებლად, ორდერის მოქმედების ვადაში. ორდერის გაუქმება იწვევს ელექტრონული ზედამხედველობის მოხსნასაც.
გამომდინარე იქედან, რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენება მსხვერპლის მხრიდანაც მოითხოვს გარკვეულ ქმედებებს, საჭიროა მისი თანხმობაც.
ამ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 100 ცალ ელექტრონულ სამაჯურს და 1000 სამაჯურზე გათვლილ სერვერსა და პროგრამას ფლობს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ერთი კომპლექტის ღირებულება 2820 დოლარია. ამასთან, თითო მოწყობილობის ხარჯი თვეში 10 ლარია. ყველა ეს ხარჯი 2020 წლის ჩათვლით დაფარულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მიერ, თუმცა, 2021 წლიდან ეს ხარჯი სახელმწიფომ უნდა გაიღოს.