ირანში მამამ 14 წლის ქალიშვილი სახლიდან შეყვარებულთან ერთად გაპარვის გამო მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ინციდენტი გილანის პროვინციაში მოხდა. 14 წლის რომინა აშრაფი 35 წლის შეყვარებულთან ერთად მას შემდეგ გაიქცა, რაც გოგონას მამამ მათ დაქორწინებაზე უარი განაცხადა. წყვილი პოლიციამ დააკავა და გოგონა სახლში დააბრუნეს. მოზარდმა პოლიციას უთხრა, რომ სახლში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. თუმცა, მათ გადაწყვეტილება არ შეცვალეს.
ირანული მედიის ცნობით, „მამამ შვილი საძინებელში მოკლა. მან გოგონას ნამგლის გამოყენებით თავი მოკვეთა“. მომხდარს ირანში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გოგონას მკვლელობა დაგმეს.
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, მომხდართან დაკავშირებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მომზადება მოსთხოვა.
მკვლელობაში ბრალდებული მამა უკვე დააკავეს. „ბიბისის“ ცნობით, ირანში მოქმედი კანონმდებლობით, თუ დანაშაული „ოჯახის ღირსების დაცვის“ მოტივითაა ჩადენილი, მას 10 წლით პატიმრობა ემუქრება.