ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში, რომელიც 2020 წლის მარტის ბოლოს გაიმართება, სამი ქალი კანდიდატი ლიდერობს: საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი– ანიეს ბიუზენი, პარიზის ამჟამინდელი მერი–ან იდალგო (სოციალისტური პარტიიდან) და დედაქალაქის მე -7 რაიონის მერი– რაშიდა დატი (რესპუბლიკური პარტიიდან). ყველა მათგანი პირდება ამომრჩეველს, რომ ქალთა პრობლემები საფრანგეთის დედაქალაქში მათი პრიორიტეტი იქნება და რომ პირადად განიცადეს გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია თავიანთ კარიერაში.
2014 წელს ან იდალგო პარიზის პირველი ქალი მერი გახდა. ის ესპანეთში დაიბადა, ხოლო 2 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.
1980-იანი წლების დასაწყისში იდალგო გახდა ერთ–ერთი პირველი ქალი, რომელმაც საფრანგეთში შრომის ინსპექტორის თანამდებობა დაიკავა.
პარიზის მერის თანამდებობაზე, იდალგომ აკრძალა სექსისტური, ჰომოფობიური ან დამამცირებელი რეკლამები.
ხელახალი არჩევის შემთხვევაში, იდალგო დაჰპირდა ამომრჩეველს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ქალაქის პოლიციის სპეციალური დანაყოფების შექმნას.მან ასევე აიღო ვალდებულება უზრუნველყოს უფასო ჰიგიენის საშუალებები სოციალურად დაუცველი გოგონებისა და ქალებისთვის.
მეორე კანდიდატი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რაშიდა დატი გაიზარდა ღარიბ მაროკანულ-ალჟირულ ოჯახში და 12 ბავშვიდან მეორე შვილი იყო.
დატი წარმოადგენს იშვიათ მაგალითს იმისა, თუ რა წარმატებას მიაღწია ემიგრანტმა საფრანგეთში, სადაც ერთეულ მუსულმანს უკავია მაღალი თანამდებობა მთავრობაში, ბიზნესსა თუ მედიაში. 2009 წელს იუსტიციის მინისტრის პოსტზე, მას შეეძინა ქალიშვილი, თუმცა მან უარი თქვა მამის ვინაობის გამჟღავნებაზე, რამაც საზოგადოებში კრიტიკის საგანი, ხოლო მისი მისამართით სექსისტური განცხადებების საფუძველი გახდა.
”სექსისტური განცხადებები ჩემი მისამართით ყველაზე საშინელი მომენტი იყო ორსულობის დროს. მე ჩემი ასაკის გამო მაკრიტიკებდნენ და ასევე იმიტომ, რომ არ მინდოდა ჩემი შვილის მამის სახელის გამჟღავნება. მე ასევე ვიღებდი შენიშვნებს ჩაცმულობის გამო”, - მოგვიანებით განაცხადა მან ჟურნალ Marie Claire–ის მიცემულ ინტერვიუში.
54 წლის დატიმ განაცხადა, რომ სურს ქალებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო უსაფრთხო გახადოს პარიზში. მისი ეს დაპირება კვლევას ეფუძნება, რომლის თანახმად ქალების 51% ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
მესამე კანდიდატი, ანიეს ბიუზენი, პოლონელი ემიგრანტის ქალიშვილია.2020 წლის თებერვლამდე ის მაკრონის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
ანიეს ბიუზენი პროფესიით ექიმი და უნივერსიტეტის პროფესორია. ის მხოლოდ 30 წლის იყო, როდესაც პარიზის ცნობილ ნეკერის ჰოსპიტალში ჰემატოლოგიის განყოფილების დირექტორად დაინიშნა, შემდეგ კი საფრანგეთში კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა.
ბიუზენი ცნობილია, როგორც ქალთა უფლებების დამცველი და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიის ინიციატორი.
ფემინისტური ორგანიზაციის NousToutes- ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეს საფრანგეთში, ქალაქების 5 მერიდან მხოლოდ ერთია ქალი, ხოლო ადგილებზე არჩეული ქალების თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ სექსისტურ კომენტარების მსხვერპლი გამხდარა.