საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადების თანახმად, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ყველაზე გენდერულად დაბალანსებული იქნება და ისტორიაში პირველად ქალი სპორტსმენები ოლიმპიელთა საერთო რაოდენობის 49% -ს შეადგენენ. 1996 წელს ოლიმპიურ თამაშებში ქალი სპორტსმენების რაოდენობა 36% იყო.
კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლების განაცხადებით, წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად ქალთა და მამაკაცთა დაახლოებით თანაბარი რაოდენობის განაცხადი მიიღეს. IOC- მა აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი მაღალი მაჩვენებლისა, გენდერული ბალანსი სრულად იქნება დაცული 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დროს, რომელიც პარიზში ჩატარდება.
IOC– მ ასევე ახალი წესი შემოიღო, რომლის თანახმად ოლიმპიადის საზეიმო გახსნის დროს ქვეყნის ეროვნულ დროშას კაცი და ქალი სპორტსმენი წაიღებენ, რაც სპორტში გენდერული თანასწორობის სიმბოლო გახდება.
დღეს 12 მარტს, ტრადიციულად ოლიმპიურ ჩირაღდანს საბერძნეთში, ოლიმპიაში აანთებენ. პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტას ქალი სპორტსმენი დაიწყებს. ეს პატივი წილად ხვდა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონს პნევმატური პისტოლეტით სროლაში ანა კორაკაკის.
თუ ზოგად სტატისტიკას გადავხედავთ: ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებში ქალი სპორტსმენები ოლიმპიელთა საერთო რაოდენობის 44%, ხოლო 2016 წლისთვის 45%-ს შეადგენდნენ.
შეგახსემებთ, რომ 2017 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა „ტოკიო-2020“-თან დაკავშირებით ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა გენდერული ბალანსის დაცვა. მაშინ IOC–მა პირობა დადო, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გენდერული ბალანსი სრულად - 50/50-ზე იქნება დაცული.