გენდერული სიახლეები
გენდერული დეზინფორმაცია
2024-08-08 15:40:22

EU Disinfo Lab-ის განმარტებით, გენდერული დეზინფორმაცია გენდერისა და დეზინფორმაციის ინტერსექციაზე აკეთებს აქცენტს, როდესაც ქალები, არაბინარული ადამიანები და საზოგადოების ისეთი მარგინალიზებული წევრები, როგორიცაა LGBTQIA+ თემი, არაპროპორციულად ხდებიან ყალბი და არაზუსტი ინფორმაციის სამიზნე. გენდერისა და დეზინფორმაციის შერწყმის ტექნიკები მრავალგვარია: მაგალითად, ისეთი მიზოგენური კომენტარების გავრცელება, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს ამძაფრებს; გრაფიკული კონტენტის სექსუალიზება, ონლაინ შევიწროება, მათ შორის ძალადობრივი მუქარების გავრცელება, კიბერთავდასხმები და ა.შ.

გენდერული დეზინფორმაცია მრავალმხრივ დამაზიანებელია. ის არა მხოლოდ პერსონალურად უქმნის საფრთხეს საჯაროდ აქტიურ ქალებს, არამედ, ქალებისთვის მონაწილეობის უფლების წართმევითა და საჯარო პროცესებში მათი ჩართულობის შემცირებით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიასაც. კონკრეტული ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პერსონალიზებული აქტები, ხშირად სხვა ქალების დაშინებას და გენდერული სტერეოტიპებისა და მიზოგინიის მოშველიებით, საზოგადოებაში ქალების შესაძლებლობების მიმართ უნდობლობის გაღვივებასაც ისახავს მიზნად. ამავდროულად, გენდერული დეზინფორმაცია წარმოადგენს სერიოზულ რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც, როგორც ერთ-ერთი იარაღი გარეშე, მტრული ძალების ხელში საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად. გენდერული დეზინფორმაცია ქალებს ინტელექტუალურად უუნაროდ წარმოაჩენს, ადამიანებად, რომლებიც საჯარო როლს არ იმსახურებენ. გენდერული დეზინფორმაცია იყენებს გენდერულ სტერეოტიპებსა და მიზოგინიურ ტროპებს, რათა საზოგადოება იმაში დაარწმუნოს, რომ საჯარო ცხოვრებით დაინტერესებული ქალები ცბიერები, სულელები, ზედმეტად სექსუალურები ან ამორალურები არიან, ან კი ისეთი სუსტები, რომ მათ მფარველობა სჭირდებათ. ეს სტრატეგია ქალებს ძალაუფლებას და ხილვადობას ართმევს. ონლაინ მჩქეფარე სიძულვილის ნიაღვარი ქალებს აჩუმებს და საჯარო სივრციდან დევნის. შედეგად, ისინი სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ ვერც სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებით და ვერც სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ფუნდამენტური უფლებებით. დეზინფორმაციის კომპონენტია - დეზინფორმაციული ნარატივების გახშირებული და კრეატიული გამოყენება ქალების წინააღმდეგ ონლიან. ამ ახალი ფენომენის დოკუმენტირებას, აღწერას, პრობლემად აღქმასა და მასთან ბრძოლას ის გარემოება ართულებს, რომ გენდერული დეზინფორმაცია ონლაინ ძალადობისა (როგორიცაა შეურაცხყოფა და შევიწროება) და დეზინფორმაციის კვეთაზე გვხვდება და მათ შორის მკაფიო ხაზის გავლება პრაქტიკაში არც თუ ისე იოლია. გენდერული დეზინფორმაციის მახასიათებლების აღწერა და კლასიფიკაცია იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად მოხდეს პრობლემის სახელდება და მასთან გასამკლავებლად ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ „დეზინფორმაციული“ მდგენელის ხაზგასმამ ეს ფენომენი შესაძლოა უფრო აქტუალური გახადოს და მის წინააღმდეგ ბრძოლა გააადვილოს, რამდენადაც სოციალური მედიის პლატფორმები და სხვა დაინტერესებული მხარეები მეტ მზადყოფნას ამჟღავნებენ ზომების მისაღებად დეზინფორმაციის საპასუხოდ, რომელსაც ისინი გლობალურ, სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ განიხილავენ. მთელი რიგი გამოწვევებია სამართლებრივი შეფასების და შედეგების თვალსაზრისითაც. ის, თუ რომელ ტერმინებს გამოვიყენებთ გენდერული დეზინფორმაციის აღწერისას, განსაზღვრავს იმას, საერთოდ შევძლებთ თუ არა სამართლებრივი ზომების მიღებას თავდამსხმელების დასასჯელად. მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციული კონტენტი ზიანის მომტანია, ზოგჯერ ის არალეგალური არ არის და, შესაძლოა, არც სოციალური მედიის პლატფორმების მომსახურების მოქმედ სტანდარტს (community standards) არღვევდეს. 

გენდერულ დეზინფორმაციას ბევრი ფორმა გააჩნია, ერთ-ერთი ასეთია მაგალითად სლატშეიმინგი, რომელიც ქალებისა და გოგოების კრიტიკაა იმის გამო, რომ მათი ქცევა, გარეგნობა თუ ჩაცმულობა არ შეესაბამება სექსუალობასთან დაკავშირებულ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ გენდერულ ნორმებსა და წარმოდგენებს. გენდერული დეზინფორმაცია მოიცავს ასევე ეიჯიზმს, რაც არის დისკრიმინაცია ასაკის გამო. კიდევ ერთი ფორმაა მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა, გარეგნობის დაცინვა, ასევე ყალბი და დამუშავებული სექსუალური ინფორმაციის გავრცელება სურათების, ვიდეოების სახით, რაც ადამიანების დისკრიმინაციასა და დაცინვას ისახავს მიზნად. ასევე დეზინფორმაციის სახეა ცრუ განცხადებების გავრცელება. 

2023 წელს, მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა კვლევა გენდერულ დეზინფორმაციაზე, რომლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

  • ქართულენოვანი წყაროები ადგილობრივი აქტორების-ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვა პირების წინააღმდეგ ყალბი შინაარსის შემცველი ინფორმაციების გავრცელების დროს ფიგურირებენ.
  • ქართველი ქალი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ ძირითადად სლატშეიმინგის და მორალური თავდასხმის მაგალითები გამოიკვეთა.    

დეზინფორმაცია და განსაკუთრებით გენდერული დეზინფორმაცია, ადამიანის ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს და მისგან დაცული არავინაა, თუმცა თუ დავაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებში გავრცელებული გენდერული დეზინფორმაციის შემთხვევებსა და მათ თავისებურებებს, შევამჩნევთ, რომ გენდერული დეზინფორმაციები განსაკუთრებული სიხშირით სხვადასხვა უმცირესობების მიმართ გამოიყენება. დეზინფორმაციული კამპანიები, შესაძლოა, ქალებისთვის როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში ფიზიკური საფრთხის საფუძველი გახდეს.

გენდერული დეზინფორმაციის ყველაზე გავრცელებული მაგალითები საქართველოში:

  • ქალები არ არიან ისეთი ჭკვიანები, როგორც კაცები.
  • ქალები არ არიან შესაფერისი ლიდერის თანამდებობებისთვის.
  • ქალის ადგილი სახლშია.
  • გენდერული თანასწორობა საფრთხეს უქმნის ქართულ კულტურასა და ღირებულებებს.

უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეზინფომაციული ნაკადი ოჯახის ინსტიტუტის მიმართულებით იქნა გამოყენებული,  რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ კოლექტიურ დასავლეთში ოჯახი დეგრადირდა „ქალს ქალი, ხოლო კაცს კაცი აღარ ჰქვია და ჰგავს“ და ამიტომ საჭიროა ოჯახის დაცვა „მავნე დასავლური გავლენებისგან“. აქცენტი ხშირად კეთდება სექსუალურ უმცირესობებზე, თუმცა დეზინფორმაციის ნაკადი ასევე მიმართულია ქალების წინააღმდეგაც, რომლებიც შესაძლოა ტრადიციული გაგებით „ცოლის როლს“ აქტიურად არ ასრულებენ და პრიორიტეტად თვითრეალიზაციას ისახავენ. ხშირად აღნიშნული ნარატივი ქართული ტრადიციების და ოჯახის სიწმინდის დაცვას უკავშირდება, რაც ცხადია საზოგადოებრივი სენტიმენტებით მანიპულაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. თანამედროვე დასავლური ოჯახი, სადაც ქალი მეტად რეალიზებულია, არჩევანს თავად აკეთებს და დამოუკიდებელია,  მათ წარმოდგენაში არსებულ ქალის აღქმას ეწინააღმდეგება. ამიტომაც „ტრადიციული ოჯახის“ დაცვის მოტივი ყალბი საფარველია მავნე მიზნების მისაღწევად, რომელიც საზოგადოებრივი პროგრესის წინააღმდეგია. ამასთანავე იგივე ძალები არასოდეს საუბრობენ ქართულ ოჯახებში რეალურად არსებულ გამოწვევებზე. ქალების მიმართ ძალადობის საგანგაშო სტატისტიკაზე და ფემიციდის მზარდ შემთხვევებზე, ხშირად ქმრების და პარტნიორების მხრიდან, მაშინ, როდესაც ამ მიმართულებით უკანასკნელ პერიოდში ვითარება მხოლოდ უარესდება. 

გენდერული დეზინფორმაცია ქართველი პოლიტიკოსების და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ
  
ქართველი პოლიტიკოსების და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ ძირითადად ვიზუალური მანიპულაცია გამოიყენებოდა, მეტწილად სლატშეიმინგის მიზნით, ხოლო ერთ შემთხვევაში მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას ჰქონდა ადგილი. სლატშეიმინგის 3 შემთხვევიდან 1 საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეხებოდა, ერთი – პრეზიდენტ სააკაშვილის დედას, ხოლო ერთი – სააკაშვილის მთავრობის ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიას. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ფოტოფაბრიკაცია მის მიერ ოპოზიციური „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას უკავშირდებოდა. ანონიმური სახელისუფლებო და კრემლისტური ფეისბუქ ანგარიშები გაცნობით პორნოსაიტებზე გავრცელებული ფოტოს პროგრამულად დამუშავებულ ვერსიას ავრცელებდნენ, რომელშიც სხვის სხეულზე ზურაბიშვილის სახე იყო პროგრამულად დატანილი.

სლატშეიმინგის კიდევ ორი მაგალითი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს

უკავშირდებოდა. პირველი მისი დედის, გიული ალასანიას წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელსაც ანონიმურმა სახელისუფლებო გვერდებმა და ანგარიშებმა გაუვრცელეს ფოტოფაბრიკაცია, რომელზეც მთავარი არხის ეთერში გასულ კადრში გიული ალასანიას და ენმის წევრის გიორგი ჩალაძის ფონზე კამასუტრას ნახატები პროგრამულად დამუშავების შედეგად იყო დამატებული, წარწერით „გიული და ჩალაძე პოზებს ამუღამებენ“. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის დედის წინააღმდეგ სექსისტური შინაარსის დისკრედიტაციიის კამპანია 2022 წელსაც მიმდინარეობდა, რასაც თან ერთვოდა დაუდასტურებელი ცნობა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის დედა გათხოვდა და ცოლად ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ჩალაძეს გაჰყვა. 


 
ჟურნალისტების წინააღმდეგ

ჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ სლატშეიმინგისთვის გამოვლენილი ვიდეოფაბრიკაცია გამოიყენებოდა. დამონტაჟებული ვიდეო, რომელშიც უკრაინის რადას დეპუტატის, სააკაშვილის პარტნიორის, ლიზა იასკოს სიტყვები – „ჩემი ძვირფასი მამაკაცი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია“ – ინგა გრიგოლიას მიეწერებოდა. 


 

გაყალბებული ფოტო, რომელზეც ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია ერთმანეთს კოცნიან

  
         
გენდერული კვოტების გაუქმება

2024 წლის 4 აპრილს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილულ კანონპროექტს მესამე მოსმენით უყარა კენჭი და შედეგად, გენდერული კვოტები გააუქმა. 80 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, გენდერული კვოტის გაუქმება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს.
ეს ცვლილება გამოიწვევს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანულ კანონში საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30% დანამატის გაუქმებას, რაც მიმართული იყო ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის. სავალდებულო გენდერული კვოტირება დადებითად აისახა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობამ 3%-ით მოიმატა და 19.1% შეადგინა. ხოლო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მათი რიცხვი 13.8%-დან 24%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ ვერ აღწევდა ქალთა წარმომადგენლობის კრიტიკულ მასას – 40%-ს. 2023 წლის გლობალური გენდერული ინდექსის მიხედვით, 146 ქვეყანას შორის, საქართველო 76-ე ადგილს იკავებს, ხოლო პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით ის 125-ე ადგილზეა. 

არასახარბიელო სიტუაციაა ქვეყანაში ქალი ამომრჩევლების აქტიურობის კუთხითაც.  მაგალითად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად, ნახევარი მილიონი ქალი არ მივიდა, მაშინ როდესაც საქართველოში ელექტორატის უმრავლესობას (53%) სწორედ ქალები შეადგენენ და მათ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლიათ.


 
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას არაერთი ნაკისრი ვალდებულების თუ რეკომენდაციის  ფარგლებში, ხელი უნდა შეეწყო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და ამ სფეროში სქესთა ბალანსისთვის, პარლამენტმა კვოტირება გააუქმა და ქვეყანაში გენდერული დისკრიმინაცია წაახალისა. ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის და გენდერული დისბალანსის აღმოფხვრის ვალდებულება არაერთ საერთაშორისო აქტშია გათვალისწინებული. მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციაში, პეკინის დეკლარაციასა და სამოქმედო პლატფორმაში, ასევე ევროპის საბჭოს რეკომენდაციაში. ერთ-ერთი რეკომენდაცია ევროინტეგრაციისთვის, გენდერული თანასწორობის ზრდისთვის ძალისხმევის გაძლიერებას გულისხმობს, თუმცა საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილება აღნიშნულ ვალდებულებებთან არაა შესაბამისობაში. ხელისუფლება ამ ნაბიჯით გენდერულ დისკრიმინაციას უარყოფს, თუმცა ფაქტია, რომ არსებული ტენდენციით, პოლიტიკურ თანამდებობს კაცები იკავებენ, ქალები კი ძირითადად შემსრულებლებად არიან წარმოდგენილები, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე. 

მაგალითად, გორის მერიაში დასაქმებული ქალების რიცხვი ბოლო 4 წელში ყოველთვის ჭარბობს კაცების რაოდენობას, მათი სახელფასო სარგო კი პირიქითაა, რადგან დასაქმებულთა შორის ხელმძღვანელ პოზიციას ორჯერ მეტი კაცი იკავებს.

დეზინფორმაცია გენდერული ანაზღაურების მონაცემების სხვაობის შესახებ კი გვეუბნება, რომ აღნიშნული მითია და ის მხოლოდ ქალების პირადი არჩევანის შედეგია. რეალურად, კი ამგვარად ხდება სტრუქტურული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის იგნორირება. 

ისევ გორის მუნიციპალიტეტის მაგალითს თუ განვიხილავთ, გენდერული უთანასწორობაა წარმომადგენლობით ორგანოშიც. 2021 მოწვევის 36 წევრიან საკრებულში პოლიტიკური თანამდებობა თითქმის 3-ჯერ მეტ კაცს უკავია ვიდრე ქალს. შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გენდერული კვოტების შესახებ აცხადებს,  რომ გენდერული კვოტები პოლიტიკასა და ბიზნესში იწვევს ნაკლებად კვალიფიციური კანდიდატების არჩევას უფრო კვალიფიციურ მამაკაცებთან შედარებით. კვლევამ კი  აჩვენა, რომ გენდერული კვოტები შეიძლება დაეხმაროს თანაბარი პირობების გათანაბრებას ლიდერობის ხარისხის დარღვევის გარეშე.
 
   
აღნიშნულ უთანასწორობას გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმება კიდევ უფრო გააუარესებს. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შემცირება აისახება მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ქალთა მდგომარეობაზე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებზე. პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობის ეტაპობრივი ზრდა კი გააუმჯობესებდა, როგორც ეკონომიკურ მდგომარეობას, ისე ქვეყანაში სამშვიდობო პროცესების დამკვიდრებასა და გამყარებას.

მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენდერული დეზინფორმაცია იწვევს სერიოზულ ზიანს და რადიკალურად ცვლის არსებულ ფონს განსაკუთრებით სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში.  ამ ვითარებაში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერება, საზოგადოების მიდგომის შეცვლა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის (დეზინფორმაციის) გავრცელების ხარჯის გაზრდა. პროცესი ვერ იქნება მარტივი და ხანმოკლე, თუმცა სხვადასხვა პროგრესული, ქმედითი ნაბიჯის განხორციელებით, მაინც შესაძლებელია მისი მართვა და რისკების მაქსიმალურად შემცირება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  • გენდერული დეზინფორმაცია და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქება; გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის- ლია ჩახუნაშვილი
  • მედიის განვითარების ფონდის ანგარიში „გენდერული დეზინფორმაცია 2023“-თამარ კინწურაშვილი. 

***

გამარჯვებული სტატია მომზადებულია კონკურსის და პროექტის ფარგლებში “გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ”, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ორგანიზაცია ZINC NETWORK-ის მხარდაჭერით.


      

მარიამ ასლანიშვილი
ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროევროპელმა მაია სანდუმ

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ. მან ხმების 54,91% მიიღო

სრულად 
2024 წლის არჩევნებზე მილიონ ნახევარზე მეტი ქალი არ მივიდა ხმის მისაცემად

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის რომ ხმის მისაცემად 26 ოქტომბერს, 1 891 130 ქალი არ მივიდა

სრულად 
ავღანეთში თალიბანმა ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა

თალიბანმა ავღანელ ქალებს ერთმანეთის ხმის მოსმენა აუკრძალა. როგორც The Telegraph წერს, ორშაბათს სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის მინისტრმა ქალებისთვის ახალი უცნაური შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა

სრულად