საინტერესო
დინების წინააღმდეგ - ანუ ნანა სოფელს უბრუნდება
2023-10-17 13:20:51

თანამედროვე სამყაროში, სადაც თამაშის წესებს აჩქარებული ცხოვრების ტემპი და ე.წ Fomo (fear of missing out) გვკარნახობს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დინების წინააღმდეგ ცურვას ამჯობინებენ. 

მოგეხსენებათ, ქართული სოფლები დღითიდღე იცლება ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო და მოსახლეობა დიდ ქალაქებში ან საზღვრებს მიღმა ეძებს თვითრეალიზების გზებს. ამ ყოველივეს ფონზე კი, საკუთარი ოცნებების სოფლად ახდენის მცდელობა, მით უფრო მაღალმთიან რეგიონში, უჩვეულო ელფერს იძენს. სხვა სიტყვებით, დღეს ნანა აროშიძის პირად ზღაპარზე გიყვებით. გიყვებით ახალგაზრდა ქალზე, რომელიც სირთულეებს არ შეუშინდა, ის რაჭაში, სოფელ ღებში გადასახლდა და მისი ზღაპრის კეთილ დასასრულს ყოველდღე საკუთარი შრომის ფასად ძერწავს.

ჩვენი გმირის ფერმერული ცხოვრებისადმი სიყვარული ბავშვობის ტკბილ მოგონებებს უკავშირდება. თავად სოფელში დაბადებულსა და გაზრდილს, ქალაქად ცხოვრების პერიოდშიც არ დაუკარგავს ემოციური კავშირი სოფელთან -  ნანა ხშირად მოგზაურობდა საქართველოს გარშემო. რეგიონებში ყოველი ვიზიტი კი უფრო აახლოებდა სოფლის სიმშვიდეს და მეტად აშორებდა ქალაქურ აურზაურს.

მართალია, ჩვენი გმირის სოფლად გადასვლა მისი ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრას უკავშირდება, თუმცა როგორც ამბობს, ნებისმიერ შემთხვევაში იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა. 

„სოფელში საცხოვრებლად გადმოსვლა, პირველ რიგში, ასეთი ცხოვრების სტილის სიყვარულმა გადამაწყვეტინა. თავადაც სოფელში ვარ დაბადებულ-გაზრდილი და ბავშვობიდან Მიწასთან მუშაობა და ბუნებასთან ურთიერთობა მიყვარს. სანამ სოფლად დავსახლდებოდი, მოგზაური ვიყავი და ხშირად ვსტუმრობდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. ღებში რომ არ გავთხოვილიყავი, ჩემს სოფელში დავბრუნდებოდი და იქ ვიცხოვრებდი, თუმცა მოვლენები მოსალოდნელზე უკეთ განვითარდა და ჩემს მეუღლესთან ერთად აქ დავსახლდით. Ჩემი ცხოვრებით მინდა დავამტკიცო, რომ სოფელშიც შესაძლებელია კარგი შემოსავლის ქონა, სასურველ პირობებში ცხოვრება და განათლებული შვილების გაზრდა” - ამბობს ნანა.

მართალია ქალაქგარეთ ცხოვრება ნანას გაცნობიერებული სურვილი იყო, თუმცა ქაოტური ურბანული ცხოვრების სტილიდან და სოფლის რუტინაზე მორგება მარტივი და სწრაფი პროცესი არ ყოფილა. 

“როგორც ვახსენე, ღებში გადმოსვლამდე მოგზაური ვიყავი და უკვე ვიცნობდი საქართველოსა და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას. ამიტომ ადგილობრივებთან ურთიერთობა არ გამჭირვებია, არც სიცივე და ზამთარი ყოფილა ჩემთვის უცხო ფაქტორები. მართალია, თავიდან გარემო პირობებთან შეგუება გამიჭირდა, თუმცა ერთიანად არც გადმოვსულვარ, - პერიოდულად ავდიოდი ალპურ ზონაში საცხოვრებლად და ამან გამიადვილა სიცივესთან და აქაურ პირობებთან ადაპტაციის პროცესი”. - ამბობს ნანა

თანამედროვე სამყაროსთვის საბაზისო ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელ ფუფუნებად რჩება. ცხადია, რომ აღნიშნული პრობლემები, სტიმულს უკლავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მათ, ვისაც გულით სურთ სოფლად მამა-პაპისეულ კერასთან დაბრუნება.

„ყველაზე რთული ჩვენთვის ისეთ გამოწვევებთან გამკლავებაა, როგორებიცაა: არასტაბილური წყალმომარაგება, ელექტროენერგიისა და ბოჭკოვანი ინტერნეტის არარსებობა, მობილური ინტერნეტის დაბალი სიხშირე და ა.შ მთავარია, სახელმწიფომ შეგვიწყოს ხელი და არამარტო ქალებსა და ახალგაზრდებს, არამედ ყველას მიეცემა სოფლად ცხოვრების სტიმული. ახლა, პირველყოფილი, ძველი სტილის ადამიანებივით ვცხოვრობთ და ასე ცხოვრებას ყველა ვერ შეძლებს“.- აღნიშნა ნანამ.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, ნანობს თუ არა ჩვენი ისტორიის გმირი ერთი შეხედვით სარისკო გადაწყვეტილების მიღებას? - პასუხი მკვეთრად უარყოფითია. სოფლად არსებული პრობლემების საპირწონედ იმხელა ემოციური სიმშვიდე და ჰარმონიის განცდა დევს, რომ შედეგს ყოველგვარი რისკი ამართლებს.

“ვიცოდი, რომ სოფლად ცხოვრება სიმშვიდის მომტანი იყო, თუმცა თუ ამ დოზით იმოქმედებდა ჩემზე აქაური გარემო, ნამდვილად არ ველოდი. ჩემს მეუღლესთან ერთად ვუვლით მცენარეებს, გვაქვს ბოსტანი და გვყავს ბევრი ცხოველი. ვერც კი წარმომედგინა, რომ შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ჩემთვის ამხელა სითბოსა და სიმშვიდის მომტანი იქნებოდა. Რა თქმა უნდა, სანერვიულო ბევრი გვაქვს, თუმცა ქალაქის რიტმთან შედარებით, ისეთი სიმშვიდეა, რომ მარტო ამის გამო ღირს აქ ცხოვრება.” - ამბობს ნანა WIC-თან საუბრისას.

აღსანიშნავი და ღირებულია, რომ სოფლის საქმეებით დატვირთულს, არცერთი წამით შეუწყვიტავს თვითგანვითარება, - რუტინულ შრომას მთელი მონდომებით უთავსებს ციფრული მიმართულებების შესწავლას. ნიკით Nana In The Farm და ინსტაგრამზე 51 100 გამომწერით, ნანა თავისი საქმიანობის პოპულარიზაციას ეწევა და სხვა მეწარმე ქალებს შთააგონებს.

„ჩემი აზრით, ახლა იმდენი ონლაინ კურსი არსებობს, ყველა ქალი მოახერხებს სასურველი მიმართულების შესწავლას. სოფლად მცხოვრებისთვის უპირველესად, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის ცოდნაა მნიშვნელოვანი, თუმცა თუ ბიზნესის წამოწყებას აპირებ, ვფიქრობ, მარკეტინგი და ბიზნესის ძირითადი პრინციპებიც უნდა ისწავლო. თანამედროვე მარკეტინგი ძალიან კომპლექსურია, სოციალური მედია წამოვიდა წინა პლანზე და ყველა მეწარმე ქალს ვურჩევდი ამ მხრივ განათლების მიღებას.” - ამბობს ნანა.

ქალაქის ხმაურსა და კონკურენციის ფერხულში ჩაბმას, ნანამ  საკუთარი სიმშვიდე ამჯობინა. მას არ აინტერესებდა რბოლა წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესასრულებლად, რადგან საკუთარი სტანდარტები ჰქონდა დასაწესებელი.
ნანას ისტორია არ არის ამბავი უბრალოდ სოფლად ცხოვრების სიკეთეების ან თითოეული ჩვენგანის უსაზღვრო პოტენციალის შესახებ. ეს ამბავი შეხსენებაა, რომ საკუთარ მიზნებისა და გულისწადილისთვის ბრძოლას დიდი გამბედაობა სჭირდება, მით უფრო, თუ რთული გზის გავლა გიწევს. 


 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვის

თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. 

სრულად 
საქსტატი: 2023 წელს, წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა

2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა

სრულად 
სოფლად მცხოვრები ქალები ტრადიციების სადარაჯოზე

გსმენიათ სვანური ტრადიციული ყველის ნაირსახეობის, ნარჩვის შესახებ, რომელიც დღეისთვის მხოლოდ ზემო სვანეთში, ცალკეულ ოჯახებში მზადდება? თუ არა, აუცილებლად უნდა გაგაცნოთ ლილე ჭკადუა

სრულად