საოკუპაციო ზონის შუაგულში, იქ სადაც ბიზნესისა და სოციალური ინიციატივების პერსპექტივები შეიძლება ბუნდოვნად გვესახებოდეს, ყავის სახლი “კოსმო” გაიხსნა. საზღვრიდან სულ რაღაც 4 კილომეტრის დაშორებით მდებარე Cosmo Coffee უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნეს წამოწყება. ეს არის ძლიერი განაცხადი მზარდი რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც მეწარმე ქალების გამბედაობასა და მიზანდასახულობაზე გვიყვება.
Cosmo Coffee-ს შექმნის იდეა ჯერ კიდევ წლების წინ გაჩნდა, თუმცა ოცნებამ საბოლოო სახე წელს მიიღო. ხატია ქობალიამ და მისმა პარტნიორმა, იდეის განხორციელება იდეალური ადგილის ძიებით დაიწყეს და გზამ ისინი საბოლოოდ ტყვიავამდე მიიყვანა.
ამ ისტორიაში საკვანძო მომენტი, სოფელი კარბის საგუშაგოსთან მოხვედრა გახდა. ერთი შეხედვით სტანდარტულმა პროცედურამ, რომლის დროსაც ყველა გამვლელს ვინაობასა და მოგზაურობის მიზანს ეკითხებიან, წარუშლელი კვალი დატოვა ხატიაზე. ამ უსიამოვნო გამოცდილებამ ხორცი შეასხა იდეას, რომელიც შემდეგ სითბოსა და მეგობრობის კერად იქცა.
“ტყვიავით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც ჩემს მეგობართან, სოფელ კარბში ჩამოვედი. სოფელში შესასვლელად საგუშაგო პოსტის გავლა გიწევს. უკანა გზაზეც აუცილებლად გაჩერებენ და გეკითხებიან ვინაობას, მიმართულებას, მოგზაურობის მიზანსა და სხვა დეტალებს.
ეს გამოცდილება ძალიან დამთრგუნველი იყო და ამ საკითხზე ფიქრი ძალიან მოქმედებდა ჩემზე. ცნობისთვის, ტყვიავი ათამდე სოფელს აკავშირებს, მათ შორის ცხინვალში მოსახვედრადაც მისი გავლაა საჭირო.
შთამაგონებელი მოგზაურობა - ანუ იდეიდან რეალობამდე
თბილისისკენ მომავალ გზაზე, პატარა შენობის ნანგრევები დავინახეთ, რომელიც წამებში წარმოვიდგინე ყველასთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად. ძლიერი წვიმის მიუხედავად, მომენტალურად გადმოვედით მანქანიდან და მეპატრონის ძიება დავიწყეთ.” - იხსენებს ხატია.
იდეის კონცეფცია რეალობად უსაზღვრო ენთუზიაზმის წყალობით იქცა. ხატიას წამოწყებას მისი მეგობრებიც შეუერთდნენ და შიშველი ხელებით, მათ ერთად აქციეს ნანგრევები სოციალურ სივრცედ.
“კოსმო” მარტო კოფიშოპი არ არის. ჩემთვის ის იდეა და ღირებულებებია, რომლებსაც დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია ტყვიავისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის” - ამბობს ხატია.
მართალია, იდეის განხორციელების პროცესში ეჭვები ჩნდებოდა, თუმცა საბოლოოდ Cosmo Coffee მოლოდინებს ამართლებს. როგორც კი ახლად მოდუღებული ყავის არომატულმა სურნელმა არემარე აავსო, საფუძველი ახალ იდეას ჩაეყარა - სოციალური კაფეს შექმნას “კოსმოს” კედლებში.
თამამი განაცხადი მცოცავი ოკუპაციის საპასუხოდ
“მართალია სრული სივრცე ჯერ არ გვაქვს ათვისებული, თუმცა ტყვიავში აუცილებლად იქნება სოციალური კაფე, სადაც ყველას ექნება სამუშაო შეხვედრებზე, ტრენინგებსა და კინოჩვენებებზე დასწრების საშუალება. დავგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც სრულად უფასო იქნება.
იდეის მიზანი, რეგიონის გაძლიერება და ადგილობრივებისთვის საინტერესო გარემოს შექმნაა. “კოსმო” არაფორმალური პლატფორმა იქნება ცნობიერების ასამაღლებლად და აზრების გასაზიარებლად.” - ამობობს ხატია.
Cosmo Coffee-ს ისტორია მის სამეწარმეო არსს სცილდება და გვასწავლის, რომ ოცნებები საზღვრებს არ ცნობს, მათ შორის არც გეოგრაფიულს. საოკუპაციო ხაზთან ახლოს, იქ, სადაც განვითარების შესაძლებლობებისა და თავშეყრის ადგილების სიმცირეა, მიგრაცია კი ყოველწლიურად უფრო და უფრო იმატებს, მოტივაციის სიმბოლოდ უნიკალური ყავის სახლი დგას. “კოსმო” იმედის ნაპერწკალია ადამიანებისთვის, რომლებიც აგრძელებენ ცხოვრებას საზღვარზე. საზღვარზე, რომელიც გარდა გეოგრაფიულისა, სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარიცაა. ასეთ საშიშ ზონაში ყავის სახლის გახსნა, თავის მხრივ, ყველაზე პოზიტიური პროტესტია მტრის მუდმივად მზარდი აგრესიის წინააღმდეგ. ნებისმიერი პატარა წამოწყებაც კი, აღვივებს იმედს, რომ სოფელი აღარ დაიცლება, მას სიცოცხლე დაუბრუნდება და ადგილობრივების ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესდება.