ალბათ თებერვალი იქნებოდა, როცა ეს ამბავი მოხდა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ის კარგად მახსოვს, რომ ციოდა და რაღაცნაირი უფერული ამინდი იყო...
ზამთრის სემესტრი უნივერსიტეტში საკმაოდ საინტერესოდ მიდიოდა. ლექციებზე ბევრს ვსაუბრობდით როგორ ირღვევა ჩვენს ქვეყანაში ადამიანების უფლებები და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი შემთხვევები. ბევრს ვსაუბრობდით ფემიციდზე და ქალებზე, რომლებიც საკუთარ ქმრებს, შეყვარებულებს თუ პატრნიორებს შეეწირნენ. მეც ბევრს ვფიქრობდი იმ ქალებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ და იმათზეც, რომლებმაც საკუთარ თავში იპოვეს ძალა და მოძალადისგან თავი დაიღწიეს. იქამდე სანამ ეს ამბავი მოხდება, უშუალოდ არასდროს შევსწრებივარ ძალადობას ქალზე. ასე ზოგადად, სულ ვიცოდი, სულ მესმოდა და სულ ვდარდობდი როგორ ვერ ვიცავდით თავს ქალები, მაგრამ იმ დღეს ყველაფერს საკუთარი თვალით შევესწარი.
ნაცრისფერი ამინდი იყო და ალბათ, 5 საათი იქნებოდა, სწრაფად ჩამოვირბინე ჩემი ქუჩა და ძაღლთან ერთად სასეირნოდ წავედი. ქუჩაზე გადავედი, პარკთან აღმოვჩნდი და ეს პარკიც გავიარე. უცბად ყვირილი გავიგონე, ვერ გავარჩიე რა ხდებოდა, მაგრამ მაინც გავიხედე, დავინახე როგორ მირბოდა რამდენიმე ადამიანი გასაშველებლად, მაგრამ რა ხდებოდა მაინც ვერ ვხვდებოდი იქამდე, სანამ დაახლოებით 50 წლამდე ქალი ჩემსკენ ტირილით არ წამოვიდოდა. გავშეშდი, უკვე მივხვდი რაც მოხდა, მაგრამ შოკირებულმა ერთადერთი კითხვის დასმა მოვახერხე - „დახმარება ხომ არ გჭირდებათ?“ - რა თქმა უნდა, პასუხის გაუცემლადაც ვიცოდი, რომ დახმარება აუცილებლად სჭირდებოდა. ქალი ჩამოჯდა და ტირილით მიპასუხა არაო, თან ხელს სახეზე მორტყმულ ადგილას იდებდა. ახლავე პატრულში დავრეკავ, არსად წახვიდეთ-მეთქი და აკანკალებულმა 112 ავკრიფე. ამასობაში გავიგონე ქალის ხმა: „არ დარეკო, ვერ მიშველიან, უარესს მიზამს.“ და მაშინ გამახსენდა ყველა შემთხვევა რასაც ლექციაზე განვიხილავდით, ყველა ქალი, რომლის გადარჩენაც ვერ შევძელით, ყველა ქალი, რომელიც ხმამაღლა ვერ ამბობს, რომ ძალადობის მსხვერპლია, ყველაფერი გამახსენდა და მივხვდი, რომ ამ ქვეყანაში ქალებს არავის და არაფრის იმედი აქვთ. გამახსენდა ყველაფერი და ისტერიულად დავიწყე ჩემს წინ მჯდარი ქალის დარწმუნება, რომ აუცილებელად გადავარჩენდი და არაფრის არ უნდა შეშინებოდა, მაგრამ მეც მეშინოდა. მეც მეშინოდა არ მობრუნებულიყო ის კაცი, რომელიც დანარჩენმა იქ მყოფმა ადამიანებმა გააქციეს და რომელიც იმ დანარჩენებსაც ფიზიკურად უსწორდებოდა. თან ვრეკავდი და 112 - ის ოპერატორს ვთხოვდი, რაც შეიძლება მალე მოსულიყვნენ. პატრული ნახევარ საათში მოვიდა, განყოფილებაში გადავედით. ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩნებინა, ვუყვებოდი რაც დავინახე ყველაფერს, თან ვაკვირდებოდი რამდენად გულთან ახლოს მიიტანდნენ ამ ამბავს. პატრულის თანამშრომელი მეკითხება, რა დავინახე, როგორ, თან რაღაცაზე იცინის, ვერ მივხვდი რაზე, ვუყურებ გაშტერებული, ისიც მიყურებს: „რა იყო ცუდად ხომ არ ხარ?“ მეკითხება, არა მეთქი. „ამ საქმეს გამოიძიებთ?“ - მეც ვეკითხები და ვხვდები ამ წუთას რა ბავშვურია ჩემი ეს შეკითხვა. კიო დამპირდა, ჩემს გვერდზე ის ქალი იჯდა, გამომძიებელი რაღაცას ეკითხებოდა და ისიც პასუხობდა. გამიღიმა და მადლობაო მანიშნა. იმ დღესვე გავიგეთ, რომ მოძალადე ქალაქიდან გაქცეულა, გამომძიებელმა დამამშვიდა, მაგას ხვალვე დავიჭერო, მე დიდად ვერ დავმშვიდდი, მაგრამ სახლში მაინც იმედით წამოვედი. რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე, ის კაცი დაიჭირეს. საქმე ქალ გამომძიებელს გადაეცა, რომელიც წარსულში, ასევე ძალადობის მსხვერპლი იყო და რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას დაუკავშირა და ახლა სხვა ქალებს ეხმარებოდა.
არ ვიცი ახლა სად არის ის ქალი, არ ვიცი როგორ არის, არც ის ვიცი ახლობლები რატომ ურეკავდნენ განყოფილებაში და რატომ ეუბნებოდნენ, მანდ არ უნდა მისულიყავიო... არ ვიცი საზოგადოებას რატომ ეშინია ასე ძალადობის მხილების, რატომ ვერ ამაღლდა ჩვენი სამოქალაქო შეგნება იმდენად, რომ ძალადობაზე მყისიერი რეაგირება გვქონდეს, მაგრამ ერთი ვიცი, როგორ უმწეოდაც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
***
ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.