გენდერული ძალადობა
სტრასბურგის სასამართლომ ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა
2023-06-15 16:41:07

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

მათი ცნობით, საქმე ეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო.

"გარდაცვლილი წლების განმავლობაში მიმართავდა პოლიციას და შველას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცავმა უწყებებმა არ გამოიჩინეს სათანადო გულისხმიერება და არ შეასრულეს მათთვის დაკისრებული ვალდებულებები", - ამბობენ საია-ში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევა დაადგინა მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.

საია საჩივარში ასაბუთებდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქალის გარდაცვალების პრევენცია, მიუხედავად მსხვერპლის მიერ გარდაცვალებამდე პოლიციისთვის 16-ჯერ მიმართვისა და ვერ დაიცვა მსხვერპლი ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატური ხასიათის ძალადობისგან.

"სახელმწიფომ არ გამოიძია თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი ფემიციდის თვალთახედვით, დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არ გაითვალისწინა გენდერული მიდგომები და საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებები.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მომჩივნის წარმომადგენელთა არგუმენტები და დაადგინა „რომ საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით ორ ასპექტს მოიცავს: პირველი, რომ მიმდინარე გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებული შესაძლო დაუდევრობის შესახებ იყო არაეფექტიანი და მეორე, რომ განმცხადებლის ქალიშვილის შეურაცხყოფასა და სიკვდილთან დაკავშირებით გამოძიება მოძალადის წინააღმდეგ იყო არაადეკვატური“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, საქართველოში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემაზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა გამოიჩინეს დაუდევრობა მომჩივნის შვილის მიმართ. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ მომჩივნის შვილმა 16-ჯერ დარეკა დახმარების თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული 16 შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ 13-ჯერ პატრულის ეკიპაჟის გაგზავნით, ხოლო 3-ჯერ შემაკავებელი ორდერით უპასუხა, სამართალდამცავებმა არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ მომჩივნის შვილმა დახმარების თხოვნა შეწყვიტა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზამ შესაბამის ორგანოებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივით გამოიძიონ ეს საკითხები, და ამას ხელი არ უნდა შეუშალოს დაზარალებულის მხრიდან განცხადების არარსებობამ ან შემდგომ განცხადების გამოტანამ.

სტრასბურგის სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ისიც, რომ სამართალდამცავები თითოეულ განცხადებას ცალკე შემთხვევად განიხილავდნენ და არა სისტემურად, რაც რისკის არასათანადოდ შეფასებაში გამოიხატა. შესაბამისად, სწრაფი და გულმოდგინე ქმედებების არარსებობამ მოძალადეს დაუსჯელობის განცდა შეუქმნა, რამაც ძალადობის განმეორებას ხელი შეუწყო.

სასამართლომ შეაფასა მიმდინარე გამოძიებაც და აღნიშნა, რომ 2019 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე სამართალდამცავთა უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოძიებას არც ერთი ღონისძიება არ განუხორციელებია. რაც შეეხება მოძალადეს, ევროსასამართლოს შეფასებით, იგი მსჯავრდებულია ოჯახში ძალადობის ერთ ფაქტზე, რაც მომჩივნის შვილის გარდაცვალებას უძღოდა წინ და უზენაესმა სასამართლომ უგულებელყო წინარე შემთხვევები.

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „ოჯახში ძალადობა თითქმის არასდროს არის ერთჯერადი ინციდენტი, ის ძირითადად მოიცავს კუმულაციურ და ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ემოციურ, სიტყვიერ და ფინანსურ ძალადობას“.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეროვნულ დონეზეც აქტიურად იცავდა მომჩივნის ინტერესებს. სამოქალაქო საქმის ფარგლებში მომჩივანმა მიიღო კომპენსაცია, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისასალმებელია სამოქალაქო საქმეებით ზიანის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, „თუმცა მითითებულ საქმეში, [ეროვნულმა] სასამართლომ არ შეაფასა, თუ რამდენად იყო პოლიციელთა უმოქმედობა დისკრიმინაციული მოტივით განპირობებული", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, სახელმწიფოს ჩადენილ დარღვევებზე სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მორალური ზიანისთვის 20 000 ევროს, ხოლო ხარჯებისთვის კი 12 600 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია European Human Rights Advocacy Centre-თან ერთად იცავდა. ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.
 

ბოლო ამბები
პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში ყველა სამართლებრივი საფეხური ბოლომდე უნდა გამოსცადონ, მათ შორის, იმ მოსამართლეების სინდისიც, რომლებიც დადგებიან იმ არჩევანის წინაშე, როგორი ქვეყანა სურთ

სრულად 
ცესკო ISFED-ზე: აქტივობის გენდერულ ჭრილში ცდომილება 11 უბანზეა და ეხება 150 ამომრჩეველს

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ რამდენიმე უბანზე ნამდვილად არსებობდა „ე.წ ცდომილება”, თუმცა, „ისფედის” ინფორმაციას მაინც უწოდა „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული”

სრულად 
 ღონისძიებები
 პეკინი +30 რეგიონული მიმოხილვა - ონლაინ კონსულტაცია სამოქალაქო საზოგადოებისთვის
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
სრულად 
 ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს - გენდერული დეზინფორმაცია
სრულად 
ყველა სიახლე 
დაკავშირებული სტატიები
სამეგრელოში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს

ხუთი თვე და შვილი მოკლული ქალი საქართველოში - დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა

სრულად 
რუსთავში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს

სრულად 
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს

სრულად