ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის, ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა. მუნიციპალიტეტში გაიხსნა ნანა იოსელიანის მემორიალური დაფაც. ლეგენდარული მოჭადრაკე ჭიათურას თავად ესტუმრა.
ქალთა ჭადრაკში ეპოქის შემქმნელი ნანა იოსელიანი საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. არის ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერი.
„ჩემთვის დიდი პატივია ის, რაც დღეს ჩემს დედულეთში-ჭიათურაში ხდება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ საოცარი დღისთვის,ასეთი თბილი ღონისძიებისთვის. საჭადრაკო დარბაზისთვის ჩემი სახელის მინიჭება ბევრ რამეს მავალდებულებს და მზად ვარ, ხშირად ჩამოვიდე ამ ქალაქში და ხელი შევუწყო ჭადრაკის განვითარებას“- განაცხადა ნანა იოსელიანმა მის საპატივცემულოდ მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია იყო.