21-22 ნოემბერს, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, გერმანიის პოლიტიკური ნარატივების ინსტიტუტთან (IFPON) პარტნიორობით, ორწლიანი პროექტის - „ ახალგაზრდების გაძლიერება ონლაინ რადიკალიზმის წინააღმდეგ“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართა.
რელიგიური და ძალადობრივი ესქტრემიზმი და მისი აღკვეთის პოლიტიკა ევროპის მაგალითზე, სამოქალაქო სექტორისა და მედიის როლი რადიკალიზმის გაღვივება/პრევენციის მიმართულებით, დემოკრატიის გამოწვევები - ეს და სხვა საკითხები განიხილეს ექსპერტებმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან.
შეხვედრის მონაწილეები იყვნენ გერმანიის პოლიტიკური ნარატივების ინსტიტუტის წარმომადგენლები, ქალთა საინფორმაციო ცენტრის და მოწვეული ექსპერტები, ასევე, აქტიური ახალგაზრდები/მაღალრეიტინგული სტუდენტები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.
შეხვედრის მიზანი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარება გახლდათ. ექსპერტებმა იდენტიფიცირებული გამოწვევების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე და მათი პრევენციის შესაძლო გზებზე ისაუბრეს. მათ თითოეული საკითხი, როგორც ადგილობრივი გამოწვევების პერსპექტივიდან, ასევე გლობალურ ჭრილში განიხილეს.
შეხვედრები გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და დიდი დრო დაეთმო დისკუსიას. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო აქტუალური შეკითხვები გააჟღერეს და მოისმინეს მოწვეული ექსპერტების კომპეტენტური მოსაზრებები და რეკომენდაციები. აუდიტორიის თქმით, გამომსვლელები ბევრ საკვანძო საკითხს შეეხნენ და მათ ასევე, ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ექსპერტებთან კომუნიკაციის მნიშვნელობას.
ამასთან, კონფერენციის მონაწილეებს გაეგზავნათ პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელო, „ონლაინ რადიკალიზმის პრევენცია“. აღნიშნული პუბლიკაცია, შესაძლოა გახდეს პრაქტიკული სწავლების საფუძველი ახალგაზრდა აუდიტორიებთან მუშაობისას.
პროექტის შესახებ: პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური სამსახურის მიერ.