ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, იაპონიიის დედაქალაქ ტოკიოს გუბერნატორის არჩევნებში მოქმედ მერს იურიკო კოიკეს ამომრჩევლების 74%-მა დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ ინფორმაციას Japantoday ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ იურიკო კოიკემ, რომელიც დედაქალაქის მერად უკვე მეორედ აირჩიეს, მოსახლეობას პირობა მისცა, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის მეორე ტალღისგან ტოკიოს დასაცავად საჭირო ზომების გატარებას განაგრძობდა.
„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა შესაძლო მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად და გავაგრძელებ მტკიცე ნაბიჯების გადადგმას,“ - აღნიშნა იურიკო კოიკემ.
შეგახსენებთ, ტოკიოში მერის არჩევნები გუშინ ჩატარდა. მასში სულ 22 კანდიდატი მონაწილეობდა. 67 წლის იურიკო კოიკეს მთავარი კონკურენტი ყოფილი მსახიობი, ტარო იამამოტო იყო.
აღსანიშნავია, რომ ივნისის ბოლოდან ტოკიოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ფიქსირდება. გასული დღის განმავლობაში ქალაქში კოვიდ 19-ით ინფიცირების 111 შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება ზოგადად იაპონიას, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 20 000-ს მიუახლოვდა, დაღუპულთა რიცხვი კი 977-ია.