კრიზისულ სიტუაციაში ჭეშმარიტი ლიდერობის მაგალითებს ეძებთ? იქნება ეს ისლანდია თუ ტაივანი, გერმანია თუ ახალი ზელანდია — ქალები ასპარეზზე გამოდიან, რათა მსოფლიოს აჩვენონ, როგორ უნდა იმართოს საკაცობრიო დონის ქაოსური სიტუაციები. აგრეთვე ფინეთში, ისლანდიასა და დანიაშიც ამ პანდემიამ გამოავლინა, რომ ქალებს ის უნარ-ჩვევები აქვთ, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროა სამთავრობო დონეზე კრიტიკული მომენტებისას.
ბევრმა შეიძლება თქვას, ეს სახელმწიფოები ვირუსს წარმატებით იმიტომ უმკლავდებიან, რომ ან პატარა ქვეყნები არიან, ან კუნძულები, ან სხვა რამ გამონაკლის შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა გერმანია დიდი და ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, გაერთიანებული სამეფო კი კუნძულია და იქ სულ სხვა შედეგებს ვხედავთ.
ფაქტია, რომ ეს ქალი ლიდერები სახელმწიფოთა მართვის მომხიბვლელ, განსხვავებულ გზას გვაჩვენებენ.
2020 წლის 27 აპრილის მონაცემები ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით:
ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლა მოიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს.
ჯესინდა არდერნმა, კარანტინი ქვეყანაში ადრეულ ეტაპზევე გამოაცხადა. მან დაუფარავად დაიწყო განგაშის ზარის რეკვა და იმის ახსნაც, რატომ იყო ეს საჭირო. არდერნმა ხალხს თვითიზოლაციაში დარჩენისკენ ჯერ კიდევ მაშინ მოუწოდა, როცა ქვეყანაში დაავადების მხოლოდ ექვსი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მალევე კი მან უცხოელების ჩამოსვლა საერთოდ აკრძალა. ეს მტკიცე ნაბიჯები ახლა ახალ ზელანდიას დაავადების ქარიშხლისგან იფარავს.
ახალი ზელანდიის მთავრობის ცნობით, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა აქვთ.
მათივე ინფორმაციით, სამშაბათიდან ქვეყანაში 4 კვირის წინ დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებენ. ამასთან, სამშობლოში დაბრუნებულ ახალზელანდიელებს 14 დღით კვლავ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ათავსებენ კარანტინში.
ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 469 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გარდაცვლილია 19 და გამოჯანმრთელებულია 1 180.
ისლანდიაში, რომლის ლიდერი პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირია, მოქალაქეებს ახალ კორონავირუსზე უფასო ტესტირებას სთავაზობენ. ამის შედეგად, ქვეყანა მალე COVID-19-ის გავრცელების რეალური ტემპის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მონაცემებს წარუდგენს მსოფლიოს. უმეტეს ქვეყნებში ტესტების რაოდენობა შეზღუდულია და მათ მხოლოდ იმ ადამიანებზე იყენებენ, ვისაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვთ, ისლანდიაში კი მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს და ტესტირების გავლა ყველას შეუძლია. ქვეყნის მოსახლეობის პროპორციული მაჩვენებლით, ისლანდიაში ხუთჯერ მეტმა ადამიანმა გაიარა ტესტირება, ვიდრე სამხრეთ კორეაში. დაავადების შემთხვევათა მსგავსი კონტროლი სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, არ გამოაცხადოს კარანტინი ან არ დახუროს სკოლები.
ერთ-ერთი ყველაზე პირველი და სწრაფი რეაგირება სიტუაციაზე ტაივანის ლიდერს, ცაი ინ-ვენს ჰქონდა. ჯერ კიდევ იანვარში, როცა ახალი დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინ-ვენმა 124 წესი და შეზღუდვა შემოიღო, რათა აერიდებინა ვირუსის ფართოდ გავრცელება საყოველთაო კარანტინის გარეშე, რომლის გამოცხადებაც ბევრ სხვა ქვეყანაში გახდა საჭირო. ტაივანი აშშ-სა და ევროპისთვის 10 მილიონი სამედიცინო ნიღბის გაგზავნასაც გეგმავს. ინ-ვენის რეაგირება კრიზისულ სიტუაციაზე, CNN-ის შეფასებით, "მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო". მან მოახერხა, ეპიდემია კონტროლის ქვეშ მოექცია, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ დრომდე მხოლოდ ექვსი გარდაცვალების ფაქტია დაფიქსირებული.
წლების განმავლობაში არაერთი ისეთი კვლევა ჩატარებულა, რომელთა შედეგებიც მორიდებით მიუთითებს, რომ ქალების ლიდერული უნარები და მართვის სტილი, შესაძლოა, განსხვავებული და სარგებლის მომტანი იყოს. იმის ნაცვლად, რომ ამ მონაცემებს ყური ვუგდოთ, ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია და კომპანია პირიქით, ქალებს მოუწოდებს, რომ თუკი ლიდერობა და წარმატების მიღწევა სურთ, კაცებივით მოიქცნენ. ამ აზრის საპირისპიროდ, ზემოთ ჩამოთვლილი ქალი მმართველების შემთხვევები ლიდერობის იმ თვისებათა თვალსაჩინო მაგალითებია, რომლებიც კაცებმა უნდა ისწავლონ ქალებისგან.
დროა, ქალების მიღწევები და პოტენციალი ვაღიაროთ — შესაბამისად, მეტად ვანდოთ მათ ლიდერობის სადავეები.