სექტორი 3 და ფონდი პროდემოსის ინიციატივა „შენმოქმედი“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომელსაც სჯერა, რომ გლობალურ საფრთხესთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის, ყველა სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი.
„მადლიერების ტაშის“ შემდეგ, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, „შენმოქმედი“ 4 ახალი ქმედითი ინიციატივით გამოდის, რომელში ჩართვა შეუძლია ყველას, როგორც მოქალაქეს, ისე ორგანიზაციას, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე მედიას - ფინანსური, მატერიალური, ადამიანური თუ ინტელექტუალური რესურსით.
სექტორი 3 - ის თანამშრომლები მოხალისეობრივად ჩაერთვნენ, მოძრაობაში „შენმოქმედი“, რომელიც მიზნად ისახავს ახალი კორონავირუსის გამო წარმოქმნილ გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლას.
სექტორელები არიან პირველები, ვინც მოხალისეობრივად დაეხმარებიან ჯანდაცვის ცხელი ხაზის 15-05 -ის თანამშრომლებს და მათთან ერთად მოსახლეობას ოპერატიულად მიაწვდიან ინფორმაციას იმ მომსახურებებისა და დახმარებების შესახებ, რომლებსაც სამინისტრო პანდემიის პირობებში თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს.
სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ ასევე ერთ-ერთი ინიციატივაა ყველა ოჯახის უზრუნველყოფა კომპიუტერებით და ინტერნეტით. ამ ინიციატივის ფარგლებში, „შენმოქმედი“ და „ჩართე“ ერთი მიზნით გაერთიანდნენ - დაეხმარონ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ტექნიკისა და ინტერნეტის არ ქონის გამო ვერ ახერხებენ სასწავლო პროცესში დისტანციურად ჩართვას.