Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ფართოდ გახელილი თვალებით...

კატეგორია: ექსკლუზივი 
2010-01-15

მარინა თაბუკაშვილი: ქალები და კაცები თანაავტორები უნდა იყვნენ როგორც ოჯახში, ასევე, სახელმწიფო მმართველობაში.

სახარებიდან: გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტე სთხოვს თავის მოწაფეებს, ნუ დაიძინებთო, მაგრამ, მიუხედავად თხოვნისა, მათ მაინც  დაიძინეს - იმიტომ, რომ მათთვის “არ ხდებოდა”; გალაკტიონი ამბობს, რომ ქარი არა ჩანს და  მაინც მწვერვალებს კი ედებაო, ანუ მწვერვალი, კენწერო, უფრო მგრძნობიარეა და იმიტომ ხდება მისთვის ის, რასაც არ განიცდიან სხვები; ან, ილიას განდეგილს გული რომ უსკდება მაშინ, როცა მწყემს ქალს მშვიდად სძინავს ცეცხლის პირს. საჭირბოროტოც ესაა: თვალის გახელა და დანახვა. ხალხს იმიტომ უჭირს, რომ დამნახავმა მერე უნდა იმოქმედოს კიდეც, პასუხისმგებლობა აიღოს, იმუშაოს, საქმე გამოასწოროს. ესაა, რაც უჭირთ, მაგრამ, მწამს, ყველას შეუძლია. 
ასეა, საზოგადოებაში მგრძნობიარე ადამიანები ჭირს. აბა, როგორ არ გამიკვირდეს იმ ქალების განცხადებისა, რომლებიც “ქალის პრობლემას” ვერ ხედავენ, მათი ნათქვამი მათი მგრძნობელობის დაქვეითებაზე მიუთითებს. ჩვენ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ქვეყნის საზღვრებიდან მილიონნახევარი ადამიანია საშოვარზე  გასული, რათა პურის ფული გამოუგზავნოს ოჯახს. მათგან  უმრავლესობა არალეგალურად ცხოვრობს, ანუ მათი სიცოცხლე საფრთხეშია, უმრავლესობა ქალები არიან. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ვერ ხედავს პრობლემას, ის ან იზოლირებული უნდა იყოს საზოგადოებისგან, სათბურის პირობებში უნდა ცხოვრობდეს, ან თავს იტყუებდეს. მით უფრო სამწუხაროა ხოლმე, თუ  ამის ვერდამნახავი ხელოვანია, მწერალია, შემოქმედი, რადგან, პასტერნაკს დავესესხები, თუ არ ჩაისუნთქე ქაოსი, კოსმოსს ვერ ამოისუნთქავ.
როცა ვსაუბრობთ ქალებზე, არ დაგვავიწყდეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობაზე ვსაუბრობთ _ მცირე გამონაკლისის გარდა ყველა ქვეყანაში  მოსახლეობის უმეტესობა ქალია. საქართველო აგრარული ქვეყანაა, ჩვენს სოფელს კი დღეს საკუთარი ქვეყნის ბაზარიც კი არ აქვს, უღარიბესია. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაც ქალია. თუ სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენც, სამოქალაქო საზოგადოებას, დემოკრატიაზე გვაქვს პრეტენზია, მართვის სხვადასხვა დონეზე ქალთა წარმომადგენლობა მოსახლეობის შემადგენლობის პროპორციული უნდა გვქონდეს, მაგრამ ქვეყნის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა გაჭირვებით ოთხი პროცენტია. საერთაშორისო ხედვით, ეს  სკანდალური მონაცემია და როცა ხელისუფლება ამას სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს, მარტივად ითქმის: “ვერ ხედავს”, “ვერ გრძნობს”.  ასეთი მდგომარეობა პირდაპირ მიანიშნებს დემოკრატიის დაბალ ხარისხზე და თუ ასეთი ხარისხი არ არის პრობლემა, მაშინ აქ დიდი სამუშაოა შესასრულებელი, რათა თვალი აეხილოს საზოგადოებას იმ კავშირებზე, რაც დემოკრატიის ძირეული პრინციპების უგულვებელყოფასა და ქვეყნის განვითარების მაჩვენებლებს შორის არსებობს. 


დემოკრატიის გარანტი მოსახლეობის საშუალო ფენაა, რომელიც საქართველოში ვერა და ვერ შედგა. ვფიქრობ, რომ დადგა დრო რადიკალური ცვლილებების აუცილებლობისა, როცა ქალები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში. დროა ასევე, რომ მედიამ, განსაკუთრებით კი – სატელევიზიომ, ისწავლოს დემოკრატიის ანაბანა და უფლებებზე, თანასწორობაზე, გენდერის საკითხებზე, სოციალურ და აგრარულ პოლიტიკაზე, ძალადობის საკითხებზე კეთილსინდისიერად იმუშაოს, არ “ინადიროს” მხოლოდ დეტექტურ, სკანდალურ ეპიზოდებზე. ქალთა ორგანიზაციების მოღვაწეობასა და მცდელობას ჯერჯერობით შედეგი კი აქვს, მაგრამ არა _ დიდად მნიშვნელოვანი. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი ღარიბი და ხვალინდელი ლუკმის შოვნაზე გაფაციცებული მოსახლეობა ვერ აყალიბებს მოთხოვნებს, რაც ქალთა ორგანიზაციების ერთობას ქალთა ნამდვილ მოძრაობად გარდასახავდა და გაგვაძლიერებდა ჩვენც და ერთიანად – ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებასაც. იქნებ დროა გავაცნობიეროთ, რომ ქალთა მოძრაობა არის არა მხოლოდ მოძრაობა ქალებისთვის, არამედ მოძრაობა მთელი მოსახლეობისა ქვეყნის საკეთილდღეოდ.
რაც კარგია ქალისთვის, რა თქმა უნდა, მისი ოჯახისთვისაა კარგი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქალები საუკეთესო “გამტარები” არიან. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყნებში, სადაც შიმშილობაა, ყველაზე მეტად ქალები შიმშილობენ,  რადგან ვიდრე არ დააპურებენ ოჯახის წევრებს,…თავად არ ეკარებინ საჭმელს. ქალი არასდროს მოიქცევა თავისი შვილების საზიანოდ, ქალები ისეთ რამეს მაინც არ დაუჭერენ მხარს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას  და უფრო ჰუმანურ სულისკვეთებას შეიტანენ პოლიტიკაში.
ქალთა და მამაკაცთა საგანგაშოდ დისპროპორციული პოლიტიკური მონაწილეობის პასუხად ქვეყანაში საგანგებო ზომებია გასატარებელი, ანუ, მდგომარეობის გამოსასაწორებლად კვოტებია შემოსაღები. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური მოღვაწეების მომზადებას, სხვათა შორის, როგორც ქალების, ასევე კაცებისას. ამისთვის საგანგებო დაფინანსებაც გამოჩნდება, თუკი ხელისუფლებამ პოლიტიკაში ქალთა ჩართვის კეთილი ნება განაცხადა.
გენდერული თანასწორობისა და, მათ შორის, ქალთა პოლიტიკაში მოღვაწეობის უზრუნველსაყოფად უმნიშვნელოვანესია თანასწორობა და შრომის გადანაწილება ოჯახში. ქმრებმა და მამებმა საყვარელი ქალების მიზნები უნდა გაიზიარონ, ოჯახში ცოლებთან ერთად დატრიალდნენ, შვილების აღზრდასაც ერთად უნდა მიხედონ.


წყარო : პორტალი GINSC

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker