Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გარეჯის მხატვრობის მემატიანე

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2009-11-19

გამოთხოვება ანელი ვოლსკაიასთან.

ყველანი ვიცნობთ, ალბათ, ადამიანებს, უვისოდაც - მათი დამსახურებისა და გამოხატული ინდივიდურობის გამო - ჩვენი სანათესაო თუ სანაცნობო ვერ წარმოგვიდგენია. ქართველი ხელოვნების ისტორიკოსებისთვის ერთი ასეთ, მუდმივ და აუცილებელ თანმდევ პიროვნებათაგანი უდაოდ ქალბატონი ანელი ვოლსკაია იყო. იყოო... არადა, როგორ არ უხდება ნამყო ქ-ნ ანელის, ვისაც, ასე გვეჩვენებოდა, დრო ვერ ეკარება, ვერც მოძრაობის სიმარჯვეს აკლებს და ვერც სიცოცხლის ხალისს...

ანელი ვოლსკაიას ყველა იცნობს, ვინც კი ქართულ ხელოვნებათმეცნიერებას გაჰკარებია; მისი ნაშრომების გარეშე ვერც შუასაუკუნოვან ქვისმქანდაკებლობასა და კედლის მხატვრობაზე დაწერ რასმე და ვერც XX საუკუნის ფერწერასა და გრაფიკაზე. ხელობას ის 1940-იან წლებში ეუფლებოდა, იმ ურთულეს დროში, როდესაც გარეშე პირობები მძიმეზე მძიმე იყო და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, დიდნიჭიერი და ზნესრული ადამიანები აყალიბებდნენ სამეცნიერო სკოლებს და ხელოვნების ღირსშესანიშნავ ნაწარმოებებს ქმნიდნენ. ქ-ნ ანელის მასწავლებლებიც სწორედაც უთვალსაჩინოთაგანნი იყვნენ - ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებელი გიორგი ჩუბინაშვილი და მისი, მართლაცდა, თანამოსაგრები - რენე შმერლინგი და თინათინ ვირსალაძე. მათ დიახაც ბრძოლა უწევდათ - იმათი მოგერიებაც, ვინც ჩვენს ხელოვნებას აკნინებდა და იმათიც, ვინც "იდეური" მოსაზრებებით ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის განადგურებას ლამობდა. ქ-ნი ანელიც ადრევე აღმოჩნდა ამ თავსმოხვეული "ომის" "წინა ხაზზე" - ჯერ კიდევ დამწყებ მკვლევარს, მას 1952 წელს პაექრობაში მონაწილეობა მოუხდა, რომელიც, თუ არა ჩვენი ხელოვნების ისტორიკოსების თავდადება და ბ-ნი ნიკო ბერძენიშვილის მხარდაჭერა, შეიძლებოდა საქართველოში ამ დარგისთვის საბედისწერო გამხდარიყო.

საიმდროოდ ა. ვოლსკაია უკვე მეცნიერთა იმ მჭიდროდ შეკავშირებული ჯგუფის წევრი გამხდარიყო, რომელსაც მიზნად ჰქონდა, რაგინდარა ვითარებაში გამოერკვია ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიული გზები, მისი მონაპოვარნი და თავისებურებანი. პირველად ქ-ნი ანელი ქართულ რელიეფებს სწავლობს - შიომღვიმის მონასტერში დაცულ XI საუკუნის კანკელსა და VII საუკუნის ფილას, ოდესღაც წმ. იოანე ზედაზნელის საფლავზე აღმართულს. მაგრამ მალევე მისი კვლევის საგანი, ძირითადად, შუა საუკუნეების მოხატულობანი ხდება (თუმცა არც ქანდაკება გამქრალა მისი თვალსაწიერიდან - ბოლო წლებში მან საფარის სახელგანთქმული, XI საუკუნის კანკელი დაამუშავა). თავიდან მეგობრებთანა და თანამოაზრეებთან, ქალბატონებთან გაიანე ალიბეგაშვილთან და ნათელა ალადაშვილთან ერთად, ქ-ნი ანელი სვანურ კედლის ფერწერას უღრმავდება. ცოტა ხანში გამოდის კიდეც მათი ერთობლივი მონოგრაფია XI-XII საუკუნეების მიჯნის დიდი ხელოვანის, თევდორე "მეფის მხატვრის" შესახებ, მოგვიანებით კი მათივე წიგნი სვანეთის ფერწერულ სკოლაზე (ჯერაც არ დასტამბულა 25 წლის წინ ქ-ების ნათელას, გაიანეს და ანელის მონაწილეობით დაწერილი მიმოხილვითი ნაშრომი სვანეთის კულტურის დანატოვარზე). საგანგებო ნაშრომი, ქ-ნ ნათელასთან ერთად, უძღვნა მან სვანეთის საფასადო მხატვრობას. ქ-ნ ანელის ამა თუ იმ ძეგლზე (მაგ., ადიშის წმ. გიორგის ფრესკებზე) ცალკეც უმუშავია, მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოსკენ ის გარეჯის მრავალმთის მხატვრობათა შესწავლას ჰკიდებს ხელს. რასაკვირველია, ა. ვოლსკაიას საკვლევი მარტოოდენ ამით არ ამოიწურება - აქვს შრომები ჩვენში "აღჩვილებული ღმრთისმშობლის" ქართულ მაგალითებსა და წმ. 13 ასურელ მამათა იკონოგრაფიაზე, თანაავტორთაგანია სახელოვანი კურტ ვაიტცმანის თაოსნობით დაბეჭდილი დიდტანიანი "ხატები"-სა და ქართველ ავტორთა ჯგუფის უცხოენოვანი გამოცემისა "ქართული ხელოვნების საგანძური". მაგრამ უპირატესი მისი საფიქრალი - სულ ბოლო დღემდე - მაინც გარეჯაა - აქაურ ფერწერულ ანსამბლებს მოიცავს მისი, სადოქტორო დისერტაციად დაცული, "შუა საუკუნეების ქართული სატრაპეზოების მოხატულობანი", აქვს მას მთელი წყება წერილებისა მთლიანობაში გარეჯულ მხატვრულ ტრადიციასა თუ ცალკეულ იქაურ მოხატულობებზე, უწინარესად, ე.წ. "საბერეებისა" (IX-X სს.) და სხვ. შარშან დაისტამბა მისი ხელმძღვანელობა-თანამშრომლობით მომზადებული ალბომი წმ. დავითის ლავრასა და "უდაბნოს" შესახებ, მომზადებულია, მის გაგრძელებად - "ნათლისმცემელი-ბერთუბანი" და დაგეგმილი - მესამე: "დოდორქა-საბერეები" (ქ-ნი ანელი უკანასკნელზე კარგა ხანია ჩაფიქრებული წიგნის დაწყებასაც აპირებდა...).

რაც უკვე ითქვა, მოწმობს, რომ ა. ვოლსკაია გაუნელებელი, იქნებ კიდეც მომატებული ინტერესით აგრძელებდა კვლევა-ძიებას. ოღონდ მარტო ნაშრომები როდია ქ-ნი ანელის წვლილი ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში. ის ნამდვილად საკუთარი ოჯახივით უყურებდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტს (ამჟამად - გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი), სადაც 64 წელიწადი გაატარა. ძვირად თუ გაიხსენებს ვინმე სხდომას, რომელსაც ქ-ნი ანელი არ დასწრებოდა და მოსმენილისადმი თავისი დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულება ემოციურად, სრული, შეიძლება ითქვას, დაურიდებელი პირდაპირობით არ გამოეხატა. ცოტა თუ გამართულა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო თავყრილობა - საინსტიტუტო, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო, სადაც ა. ვოლსკაია მოხსენებით არ გამოსულიყო. ინსტიტუტის ჭირი და ლხინი თუ მისი ყოველი მუშაკის ასავალ-დასავალი მას გულგრილს არასოდეს სტოვებდა და თუნდაც მის რომელიმე მოსაზრებას არ დასთანხმდებოდით, შეუძლებელი იყო არ დაგეფასებინათ თავისი საქმისა და თანამოსაქმეთა მუდმივი ერთგულება და გულშემატკივრობა - იმედია, ქ-ნი ანელიც გრძნობდა მისდამი გარეშემომყოფთა პატივისცემას, სიყვარულსა და სითბოს...

ასეთივე გულმხურვალებით ეკიდებოდა იგი ყველა გამარჯვებასა და გასაჭირს სამშობლოდ ნაგულვები საქართველოსი, ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების. ამიტომ დაწერა მან 1958 წელს ნარკვევი ახალგაზრდა ქართველ გრაფიკოსებზე, რომელნიც "სოციალისტური რეალიზმის" მებაირახტრეთაგან იყვნენ დასაცავი; ამიტომ დაურთო წინასიტყვაობა მაღალკულტურული, ნაკლებდაფასებული თბილისელი მხატვრის, პიოტრ ბლიოტკინის კატალოგს; ამიტომვე მიუძღვნა თავისი ბოლო, რამდენიმე თვის წინ წაკითხული მოხსენება, ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში არასათანადოდ გაშუქებულ ნუზალის (ჩრდ. ოსეთი) ქართულწარწერიან მხატვრობას...

ანელი ვოლსკაია ამ სოფლით ამა წლის 14 ნოემბერს წავიდა. დარი ღრუბლიანი, ულაზათო და ასეთ დღეს როდი უნდა მონდომებოდა გზად შედგომა ქ-ნ ანელის, სადაგ დღეებშიც თითქოს სადღესასწაულოდ მოწესრიგებულს... თუმცა კი თვით იგი, უფლისა და მისი წმინდანების მოიმედე ამაშიც, ალბათ, რამ აზრსა და ნიშანს ამოიცნობდა.

დიმიტრი თუმანიშვილი გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.

 

წყარო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker