Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

და სად დაბრუნდებიან?...

კატეგორია: ექსკლუზივი 
2009-05-06

ასოშიეიტერ პრესის ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ქართველ დევნილებს ცხინვალის რეგიონში დაბრუნება კონფლიქტის დასრულების შემდგომ, დე–ფაქტო პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა, გაკვირვებით აიჩერჩა მხრები და თქვა: ,,,,და სად დაბრუნდებიან?“...

საქართველო–რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, თითქმის 158 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა თავისი საცხოვრებელი ადგილი. ბევრი მათგანი სახლში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდგომ დაბრუნდა და 2008 წლის ბოლოს, (დევნილთა საკითხებში გაეროს  სამმართველოს უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით) საქართველოში ,,ახალი ტალღის“ 54 ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანი აღმოჩნდა. 28 ათასმა ადამიანმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპაქტურ ცენტრში გამოიზამთრეს,  შეძლეს თავის საცხოვრებელ ადგილს დაბრუნებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ სახლის მაგივრად უმეტესად  მხოლოდ ნაცარი და ფერფლი ხვდებოდათ.

31 ათას იძულებით გადაადგილებულ პირს თავის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება არ შეუძლია. რატომ? პასუხი მარტივია – ცხინვალის რეგიონის ტერიტორია გაიქურდა, დაიწვა და თითქმის 12 ქართული სოფელი, სადაც ამ ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობდა, აღიგავა პირისაგან მიწისა. სწორად შენიშნა ბატონმა კოკოითმა: ,,და სად უნდა დაბრუნდნენ?“

ამ ადამიანებმა ქვეყნის შიგნით დევნილთა ,,არმია“ ჯამში 223 ათასით შეავსეს,  ამ მდგომარეობაში ისინი წინა კონფლიქტის შემდგომ აღმოჩნდნენ. ახლა, ,,ახლების“ გამოჩენისას, დევნილთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 254 ათასამდე გაიზარდა.

,,პირველ რიგში ჩვენ რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულებზე უნდა ვიზრუნოთ, ეს ჩემი პირადი ღირსების საკითხია“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში. და რა?!...

2008 წლის15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე შერემონტდა 6 220 სახლი და აშენდა 5 300 ახალი სახოვრებელი, ხოლო ყოველდღიურად ექსპლუატაციაში ბარდებოდა 100 ბინა დევნილებისთვის ცხინვალის რეგიონიდან.

მშენებლობა ისეთი ტემპით მიდიოდა, რომ მალე მთელ საქართველოში 16 დასახლება გაჩნდა: წეროვანი, შავშვები, გორი, ქარელი, თელიანი, ხურვალეთი, ბოლნისი, კოდა, გარდაბანი....

გარდაბანის დასახლებაში დევნილებს ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უკავიათ. კორპუსში შეიყვანეს გაზი, დაალაგეს ავეჯი, თითოეულ ოჯახისთვის განკუთვნილია მაცივარი, ტელევიზორი, გადაეცათ ელექტროენერგიის ვაუჩერი. მოკლედ, ყველაფერი, რაც ნორმალური ცხოვრებისთვის არის საჭირო...

მაგრამ ამ ოთახებში შესვლისთანავე ხვდები, რომ ამ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს არა აქვთ სურვილი და ძალა ყველაფერი თავიდან დაიწყონ. ერთადერთი რაც მათ სურთ, სოფელში, თავიანთ მიწაზე, თავიანთ სახლში დაბრუნებაა.

ძირითადად ქალები გხვდებიან. მამაკაცები ეზოში დგანან, სადარბაზოებთან, თამაშობენ კარტს ან ნარდს. როდესაც ეკითხები, როგორ შეეგუენ ახალ გარემოს, თითქმის ერთნაირად გპასუხობენ: ,,და როგორ უნდა შევეგუოთ?!“ ჩვენ იქ დავტოვეთ სახლები, მიწა, რომელიც გვასაზრდოებდა, აქ კი? მოგვცეს მიწის ნაკვეთი, მაგრამ ისე შორს, რომ  იქამდე მისვლა არ შეგვიძლია. სამუშაო არ არის. რითი უნდა ვიცხოვროთ, რითი უნდა გამოვკვებოთ ოჯახი, რითი გადავიხადოთ წამლის ფული. დახმარებას ვიღებთ პროდუქტებით: მაკარონი, ლობიო, ფქვილი, ზეთი. ამითი ვიკვებებით. ჩვენ, დიდებმა შესაძლოა ეს ვიკმაროთ, მაგრამ ბავშვები თვეობით ვერ იღებენ ხორცს, რძეს, ხილს. ყველაფერი ძალიან ძვირია, ფული კი არ არის. ჰოდა ასე ვცხოვრობთ“.

კითხვაზე, მათი აზრით უკანასკნელ ხანს რომელი მნიშვნელოვანი პრობლემა  მოგვარდა მათ კომპაქტურ დასახლებაში, პასუხობენ, რომ ელექტროღუმელები დარიგდა, რომელსაც პურის გამოსაცხობად იყენებენ. ასე უფრო იაფი ჯდება, პური, ხომ თავიდა თავია...

საუბარში ცხინვალიდან 10 კილომეტრში მდებარე სოფელ კეხვის მაცხოვრებელი ქალბატონი თინა ნებიერიძე გვიერთდება. ის ერთ-ერთია იმ მრავალიათასს შორის, ვინც მშობლიური მხარე დატოვა და საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული გახდა.  ,,ჩვენც ისეთივე პრობლემები გვაქვს, რაც კომპაქტურ ცენტრში მცხოვრებ სხვა მრავალ ადამიანს: უმუშევრობა, უფულობა, მშობლიური სახლის მონატრების სევდა. თინა ნებიერიძემ ომის მთელი საშინელება გამოიარა, ტყვედაც ჩავარდა.

,,7 აგვისტოს სოფლის დაბომბვა დაიწყო. ჩვენ, ყველა, მეზობელი სახლის სარდაფში დავიმალეთ. დილისთვის ყველაფერი მიჩუმდა, მაგრამ ჩვენ არ გამოვდიოდით, გვეშინოდა. დიდხანს ვისხედით, სანამ არ მოგვშივდა. მერე ვიფიქრე, ქათამს მაინც დავიჭერ, რამე საჭმელს მოვამზადებ და შევჭამთ-მეთქი. სამალავიდან გამოვედი თუ არა, უეცრად მესმის პირდაპირ მოფრინავს ბომბი. რა ქათამი, თვითონ უნდა გადავრჩენილიყავი. ჩემი სახლი აფეთქდა. მხოლოდ 12 აგვისტოს, დილის 5 საათზე, გავრისკეთ და სამალავიდან გამოვედით. სოფელში რუსი ჯარისკაცები იყვნენ, ოსები ქურდავდნენ ხანძრისგან გადარჩენილ სახლებს და ნაქურდალს სამხედრო მანქანებში ტვირთავდნენ. რუსმა ჯარისკაცმა გვირჩია ცხინვალის მიმართულებით წავსულიყავით. გული გვტკიოდა, როცა სოფელს ვტოვებდით“ – იხსენებს დეიდა თინა.

შემდეგ, უკვე ცხინვალში, მას ქუჩაში ესმოდა: ,,თქვენი ადგილი აქ არ არის, აქ რას აკეთებთ? ოსეთი – ოსებისთვის“. ქუჩაში თინა და მისი თანასოფლელები პატრულმა დააკავა და, იმ მიზეზით, რომ მათთვის პასპორტები უნდა გაეცათ, ყველა ადგილობრივ ციხეში წაიყვანეს. დღეს ბევრი თვითმხილველის ცნობით, მრავალი საშუალო და უფროსი ასაკის ეთნიკური ქართველი შეპყრობილი და დაკავებული იქნა სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში საშინელ, არაადამიანურ პირობებში.

,,ციხეში 100 კაცი და 30-მდე ქალი ვიყავით. ჩვენ ყველას ერთად გვამყოფებდნენ. ქალებს არ ერჩოდნენ,  ხოლო კაცებს აიძულებდნენ მიცვალებულები გადაეყვანათ და დაბომბვის შედეგად ქალაქი ნანგრევიბისგან გაესუფთავებინათ. ცუდად გვაჭმევდნენ, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ გვაჭმევდნენ. წყალი მოჰქონდათ, მაგრამ მისი დალევა შეუძლებელი იყო. თავზე მაღლიდან სიგარეტის ნამწვავებს გვაყრიდნენ. ერთხელ ზედამხედველმა ფეხი დამარტყა, შემდეგ დიდხანს ვიმალებოდი საპირფარეშოში. მაგრამ იყო სხვა შემთხვევებიც,  ერთი ოსი, რომელიც ხშირად მოდიოდა ჩვენთან სოფელში და ბევრ ჩვენგანს იცნობდა, გვიცავდა, ვებრალებოდით და ქალებისთვის საჭმელიც მოჰქონდა. ეს შემდეგ იყო, როცა ცხინვალში ,,წითელი ჯვარი“ შემოვიდა, უკეთესად გვაჭმევდნენ. ქართველი მღვდელი მოდიოდა ჩვენთან, გვამშვიდებდა, გვთხოვდა ცოტაც მოგვეთმინა. 13 დღის შემდეგ ქალები გაუშვეს. ამ დროსთვის ადამიანებს აღარ ვგავდით – დაუბანლები, მშიერნი. ავტობუსში ჩაგვსვეს  და გორში ჩამოგვიყვანეს, ხოლო გორიდან პირდაპირ თბილისში. აი ასე მოვხვდი აქ. აზრზე არა ვარ როგორ ვიცხოვრო?! ისე მენატრება სოფელი, ჩემი სახლი, აღარ შემიძლია“ – ტირის დეიდა თინა.

კეხვის მაცხოვრებელთა უმრავლეობა მას შემდეგ გაიქცა, რაც რუსეთის ჯარი შემოვიდა სოფელში. დღეს კი  უბრალოდ აღარ არსებობს, ბულდოზერებით გაასწორეს მიწასთან.

ქართველების დევნის შემდეგ ოსეთის ხელისუფალნი ცდილობენ მათი აქ არსებობის ხსოვნა წაშალონ, გლეჯენ ტრაფარეტებს, სადაც ქართულ და ინგლისურ ენაზეა დაწერილ სოფლის სახელი. საუბარში გვერთვება ლალი ჩაგელაშვილი. ის, ისევე როგორც თინა ნებიერიძე, სოფელ კეხვის მაცხოვრებელია და ისიც ტყვედ ნამყოფია, იმ საშინელი დღეების გახსენებისას ორივე ტირის, ღმერთს დახმარებას თხოვენ რათა გაუძლონ, გადაიტანონ ყველა თავსდამტყდარი განსაცდელი და იცხოვრონ მშვიდად.

გარეთ მშვენიერი გაზაფხულის დღეა. ჩვენს გარშემო უდარდელად თამაშობენ ბავშვები. და უეცრად ხვდები, რომ ცხოვრება გრძელდება, უბრალოდ უნდა დაეხმარო და  მხარში დაუდგე ამ ადამიანებს, რომლებიც ასეთ მძიმე, უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. დრო და მოთმინებაა საჭირო, რათა ჩვენს გვერდით მცხოვრებ ადამიანებს ნელ-ნელა მოუშუშდეთ ჭრილობა. მიუხედავად ყველა სიძნელისაб მთავარია ცხოვრებისთვის ბრძოლის იმედი და სურვილი შეუნარჩუნოთ. მათ უნდა სჯეროდეთ, რომ აქვთ დასაბრუნებელი ადგილი...

 

 ნინო მოდებაძე

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker