Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კანონი აღმართსაც ხნავს

კატეგორია: ექსკლუზივი 
2009-02-20

,,დიდი ამბავი თუ  გაარტყა, მაგისთვის მადლენ ოლბრაიტი არ გაშორებია ქმარს და მაგან რაო, ვერ აიტანა?“... ფრაზა ერთ საღამოს, მეზობელი მაგიდიდან მოსმენილი საუბრიდანაა. დედის დარიგება, რომ სხვისი საუბრის მოსმენა არ შეიძლება, არც გამხსენებია, მით უმეტეს, რომ  ერთ-ერთი მოსაუბრე Fase იყო, მაგიდებიც ახლო-ახლო იდგა და ყურებიც ვცქვიტე - კაცები მეგობარზე ლაპარაკობდნენ, რომელიც ცოლმა მდგომარეობიდან ისე გამოიყვანა, რომ ცემა და ცოლი  ამიტომ სახლიდან წავიდაო.  

ერთმა აჩაბეთელმა ქალბატონმა თქვა: ,,მხოლოდ ახლა, როცა დევნილად ვიქეცი, ვხვდები თუ რას გრძნობენ აფხაზეთიდან დევნილები ამ წლების განმავლობაშიო”.

ამქვეყნად ნაძალადევად არც ერთი ანდაზა არ შექმნილა და რაღა ქართული ,,სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი” უნდა ჩავთვალოთ ყურით მოთრეულად და არასწორად. უდავოა, რომ ზოგადად ადამიანებს,  ეროვნების, სოციალური მდგომარეობის,სქესისა და ასაკის განურჩევლად, უჭირთ  პრობლემის დანახვა მაშინ, როცა უშუალოდ მათ არ ეხებათ. და თუ პრობლემას ვერ ხედავენ, მით უმეტეს, მის გადასაჭრელად ვერაფერსაც ვერ იღონებენ. ამიტომაც, განვითარებულ ან  განვითარებად საზოგადოებებში მიღებულია, რომ ადამიანები ჯგუფდებიან და ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად ზრუნავენ. ამას საზოგადოებრივი მონიტორინგიც ჰქვია და მაშინ, როცა მე სერიალს ვუყურებ, ვიღაც ცდილობს შექმნას ჩემი დამცველი სისტემა, რათა მე ეს სიამოვნება არ მომაკლდეს. ასეთ საქმიანობას მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან, ,,ენჯეოშნიკები”.

გასული კვირას მიღებული ერთი შეტყობინება იუწყება, ,,რასაც საყოველთაოდ გულისხმობენ ოჯახურ ძალადობაში, პრაქტიკულად არ მინახავს, ეტყობა გამიმართლა...” და მაინც რას გულისხმობენ ,,საყოველთაოდ” ოჯახურ ძალადობაში? როგორც ჟარგონი ამბობს, ,,ბაზარი არ არის”, ქმრისგან ცოლის ცემა-ტყეპასო. ასეთია გამოკითხულთა სამოცდაათი პროცენტის პასუხი, ხოლო დანარჩენ ოცდაათ პროცენტს თან ეეჭვება, რომ ამ კითხვის დამსმელი ფემინისტია, ან მოცლილია. მას მიაჩნია, რომ ეს ინტიმური პრობლემა ქალმა და კაცმა თვითონ უნდა მოაგვარონო. ხალხურ სიბრძნესაც იშველიებენ-ხოლმე, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ძალადობის პრობლემა სპეციფიკით ქალურადაა მიჩნეული, ,,ქალურ ავადმყოფობათა”  რიგში დგას და შესაბამისად, მისთვის ქალთა არასამთავროები თუ მოიცლიანო, ასე ითვლება საზოგადოებაში. გენდერული ნიშნით ძალადობა კი ,,ყველანაირ” საზოგადოებაში შეიძლება განხორციელდეს და ერთი სქესის მიერ მეორის სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ დაქვემდებარებას გულისხმობს. ცნობილია, რომ ეს გლობალური ფენომენი ადამიანებისთვის რასის, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილების განურჩევლადაა დამახასიათებელი. მაგრამ, არა ნებისმიერი ერისა თუ სახელმწიფოს საზოგადოების კულტურული ნაწილისთვის, თუ კულტურის ცნებას მარტო მუზეუმებისა და წიგნების სიჭარბემდე ან ბანაობის ჩვევამდე არ დავიყვანთ. საყველპურო გამოთქმაა, რომ საქართველოში ეს პრობლემა არ არის, რადგან  ტრადიციულად დიდი სოციალური დატვირთვა აქვს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა დედაბოძი, დედააზრი, დედასამშობლო... და საქართველოს ხომ მეფე ქალი თამარი ჰყავდაო. რუსეთსაც ჰყავდა ეკატერინეები, მაგრამ ანეკდოტური რუსული ფრაზაა ,,რაკი მცემს, ე.ი. ვუყვარვარ”; არც ინგლისს აკლია  მმართველი ქალები, მაგრამ დიკენსის, გოლსუორსისა თუ მოემის ნაწარმოებებში კეთილშობილ ჯენტლმენებთან ერთად მოძალადე კაცებიც  გვხვდებიან. Dემოკრატიული აშშ კი ,,მოძალადე” ქვეყნების ექვსეულშია.   ერთ_ერთი მოგზაურის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ სვანეთში ზოგჯერ ახალდაბადებულ გოგონებს პირში ნაცარს აყრიდნენ და ,,ზედმეტს” იშორებდნენ. ან Gგერმანელი არ იყო ის ფილოსოფოსი, რომ წერდა ქალის საძებნელად უმათრახოდ ნუ წახვალო. ამ ,,უნაირო” მაგალითების მოტანას, სჯობს ის ვთქვა, რომ ეს პრობლემა საქართველოში არის და ამას ,,არასამთავროების” მიერ მოძიებული ფაქტების მძიმე-მძიმე კეისები ადასტურებს. ამ კომპლექსურ პრობლემას რომ  გადაწყვეტის ასეთივე კომპლექსური მიდგომა  სჭირდება _ კანონიერი და გენდერულად დაბალანსებული, ესეც უკვე განვითარებულ ქვეყნებში გამოცდილია და ცნობილი. თანამედროვე ცნება ,,გენდერული” არ ნიშნავს ,,ფემინისტურს”, თუმცა არც ეს უკანასკნელია აბუჩად ასაგდები და მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან დასავლეთში სწორედ ე.წ. ,,ფემინისტების“ მოძრაობის მეორე ტალღის გააქტიურებით იყო, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე  დუმილი დაირღვა; საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე მომზადდა კანონმდებლობა, შეიქმნა სახელმწიფო პოლიტიკა ძალადობისგან ქალის დასაცავად (ცნობისთვის, თავის დროზე ჩიჩოლინამ იტალიის პარლამენტის მამრობითი ნაწილი აქტიურად აამოქმედა, რათა კანონმდებლობა აემუშავებინათ, თორემ უშუალოდ ეს პრობლემა მას არ აწუხებდა, საკმაოდ კარგად შეეძლო საკუთარი თავის მოვლა).

ახლა კი ისიც ვთქვათ, რომ ,,ოჯახში ძალადობა” მხოლოდ ,,საყოველთაოდ” ნაგულისხმევი ქალთა წინააღმდეგ ძალადობა კი არ არის, არამედ, როგორც 2006 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონშია განსაზღვრული, ,,ოჯახში ძალადობა” გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახის წევრები არიან დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები და ა.შ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირებიც კი. გამოდის, რომ ჩამონათვალშიც კი ვერ ავცდებით გენდერულ ბალანსს, რადგან თუ რძალი, და, დედა, ცოლი მდედრობითი სქესისაა, სიძე, ძმა, მამა, ქმარი მამრობითია და არ გამოდგება კალამბური ,,ბებიაჩემი რომ ბაბუაჩემი ყოფილიყოო”. კანონში ოჯახურ ძალადობადაა მიჩნეული ყველა ქმედება, რაც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს, ადამიანის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას, იძულებით სექსუალურ კავშირს, გარყვნილ ქმედებას არასრულწლოვანის მიმართ, საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას...

ამ კანონში, ასევე, განისაზღვრა სახელმწიფო დაცვის მექანიზმები, რომელიც ტარდება მოძალადის მიმართ, კერძოდ, შემოღებულია შემაკავებელი და დამცავი ორდერი, რაც პოლიციას და სასამართლოს ოჯახში ძალადობის ფაქტზე სწრაფი რეაგირების საშუალებას აძლევს, რათა უზრუნველყოს მსხვერპლის დაცვა და შეზღუდოს მოძალადის გარკვეული ქმედებები. სახელმწიფომ დააფინანსა თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლთათვის, ასევე მოძალადეთა დროებითი განთავსების სარეაბილიტაციო ცენტრი.

ბუნებრივია, ჩნდება  კითხვა, რა ჰქნას მეტი სახელმწიფომ? აი, კანონი და შეასრულეთო, ბრძანებს, მაგრამ საქმე სწორედ ისაა,  რომ კანონი სრულფასოვნად დღემდე არ ამოქმედებულა, არ ამოქმედებულა არც თავშესაფარი, არც სარეაბილიტაციო ცენტრი, არ გადაწყვეტილა ოჯახში ძალადობის პრობლემის სოციალური მომსახურების საკითხი.

იმისთვის, რათა ხელი შეუწყონ ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის კანონის აღსრულებას, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთწლიანი აქტივობების პროექტი შეიმუშავეს. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას UNIFEM უწევს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი აქტიურ პარტნიორობას ითვალისწინებს საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებთან, უზენაესი სასამართლოსთან,  სტატისტიკის დეპარტამენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭოსთან, რომლის ხელმძღვანელი პარლამენტარი რუსუდან კერვალიშვილია. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობა პროექტს კიდევ უფრო მობილურს გახდის, რადგან ეს ცენტრი სოციალურ მუშაკთა გადამზადებასა და მომზადებას უზრუნველყოფს, რაც ასე აქტუალურია, დღეს საქართველოში ხომ სოციალურ მუშაკთა კადრი არამც თუ დეფიციტურია, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არ არსებობს. ასევე, უნდა გააქტიურდეს და დაიხვეწოს კანონის ის ნაწილი, რომელიც სამართალდამცავთა ქმედებებს გულისხმობს, ამისთვის უნდა მომზადდეს, როგორც არსებული, ასევე შეიქმნას სპეციფიკური ცოდნით აღჭურვილი კადრი.  

ერთწლიანი აქტივობების პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საინფორმაციო სამსახურს, სემინარების, ტრენინგების, ლიტერატურისა თუ სხვა ფორმატით. ეს სფერო პროექტში აქტიურ პროპაგანდას და საზოგადოების გათვიცნობიერების ამაღლებას გულისხმობს, რადგან პირველ რიგში თუ საზოგადოება სათანადოდ  არ მომზადდა, ვერა კანონს ვერ ექნება ეფექტი და მხოლოდ კოსმეტიკად დარჩება. 

წერილის თავში  შეტყობინების  დასაწყისი  რომ მოვიშველიე, ახლა მას სრული სახით შემოგთავაზებთ: ,,რასაც საყოველთაოდ გულისხმობენ ოჯახურ ძალადობაში, პრაქტიკულად, არ მინახავს, ეტყობა, გამიმართლა… მაგრამ, სულ ვხედავ ბავშვებისადმი საშინელ დამოკიდებულებას ვერბალური მეთოდებით, ქუჩაში დედა ხმამაღლა უწოდებს შვილს დებილს, დეგენერატს, მოგინდება პატრულის გამოძახება. ან ჩვენი ხალხური ბებია ოლღასეული ვითომ ტკბილი წყევლა, რომელსაც არ იშურებენ ოჯახის წევრები პატარებისთვის, ეს ხომ ცემა-ტყეპაზე საზიზღარია.” რაც შეეხება ბავშვების ცემა-ტყეპას, კანონში ,,ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად” შავით თეთრზე სწერია, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდება მოძალადე მშობლისგან მისი განცალკევება.
 
გამოდის, რომ ცალმხრივობა პრობლემის მოსაგვარებლად არა და არ გამოვა, საჭიროა არასამთავრობოსა და სამთავრობოს,  კაცისა და ქალის, კანონისა და საზოგადოების ერთობა. ხოლო, რაც შეეხება იმას, რომ ვინმე შეიძლება შემოგვედავოს, რომ ამ გაცხარებული პოლიტიკური და ეკონომიკური გაჭირვების დროს რა ოჯახური ძალადობა აგვიტყდა, პასუხს იოლად გავცემთ  - დრო არ ითმენს.  
 

წყარო: პორტალი ginsc

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker