Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელი ქალების მდგომარეობა

ნონა სამხარაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2009-02-20

მარნეულის მუნიციპალიტეტში 122 547 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის კი 98 245 აზერბაიჯანელია, შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობაში არაქართველი პოლიტიკოსების რიცხვი არც თუ ისე ნაკლებია, თუმცა ამ რიცხვში მამაკაცები შედიან, ქალების რაოდენობა კი თითზე ჩამოსათვლელია.  

1. თუ ქართველი ქალები გამგეობასა თუ საკრებულოში მდივნის ფუნქციებს ასრულებენ და რამდენიმეა, რომელიც თანამდებობას იკავებს, ოღონდ ,,ქალურ სფეროდ” აღიარებულს, აზერბაიჯანელი ქალები ამ მცირე ჩამონათვალშიც არ მოხვდნენ. ეთნიკურად აზერბაიჯნელი ქალები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ფაქტობრივად, არ მონაწილეობენ.

მარნეულის საკრებულოს 28 დეპუტატიდან ქალი მხოლოდ ორია, ერთი ქართველი, მეორე კი აზერბაიჯანელი. საკრებულოს დეპუტატობა არის ერთადერთი და ყველაზე მაღალი თანამდებობა, რომელიც აზერბაიჯანელ ქალს უკავია. საკრებულოში ამ ორი ქალის კანდიდატურები საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, ფრაქციის ან კომისიის თავმჯდომარის პოზიციებზე არც განხილულა, რომ არაფერი ვთქვათ მათ არჩევაზე.

საკრებულოს აპარატში კი მთლიანად ქალები არიან დასაქმებულნი, ისინი ძირითადად საკანცელარიო საქმიანობას ეწევიან. უნდა აღინიშნოს, რომ აპარატის უფროსი ქალია, თუმცა ეთნიკურად აზერბაიჯანელი აპარატის არცერთი თანამშრომელია.

გამგეობის ორგანოშიც ქალები მდივნის ფუნქციებს ასრულებენ, ოფიციალურად კი სპეციალისტის სტატუსი აქვთ მინიჭებული. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობის ქალები მდივნის პოზიციაზეც სულ რამდენიმეა.

გამგებელიც და მისი ორი მოადგილეც კაცები არიან. რაც შეეხება სამსახურებს, 6 სამსახურიდან, მათ შორის 4-ში, რომელიც ,,ტრადიციულად’ კაცის სფეროდ ითვლება, მაგალითად, ეკონომიკა, ზედამხედველობა, ფინანსები, თანამდებობა მამაკაცს უკავია, ქალი, მხოლოდ, ორი სამსახურის უფროსის პოზიციაზეა, ეს სამსახურები, ,,ქალურ სფეროებად” ითვლება, ესენია, კანცელარიისა და ადმინისტრაციის უფროსები. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე სამსახურის უფროსი, ისევ და ისევ, ეროვნებით ქართველია და აზერბაიჯანელი არც გამგეობის სტრუქტურაში გვხვდება.

იგივე მდგომარეობაში არიან მარნეულში მცხოვრები სხვა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფები.

2. ასეთი გარემო სხვადასხვა მიზეზმა განაპირობა, მაგრამ როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, ერთ-ერთ მიზეზად, ტრადიციასთან ერთად, შეიძლება დავასახელოთ მამაკაცების სოციალური წრე, რომელშიც მოხვედრა აზერბაიჯანელ ქალს ტრადიციითაც ეკრძალება.

ზოგადად, განსხვავებული გართობისა და ინტერესის სფეროებიდან გამომდინარე, მამაკაცების წრეში ქალის შეღწევა შეუძლებელია, რაც მის კარიერაზე პირდაპირ აისახება. მარნეულშიც და, ალბათ, ყველგან, მეგობრული ურთიერთობები სამსახურებრივი დაწინაურების დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს და უფროსთან დამეგობრებული მამაკაცი კოლეგისათვის პოზიციური  დაწინაურებაც უფრო ადვილად მისაღწევია ქალთან შედარებით. ეთნიკური უმცირესობების ქალები კი, მათი ტრადიციიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ ხვდებიან ამ წრეში. მუსულმანური ტრადიციიდან გამომდინარე, ბევრი ქალი თავს იკავებს მამაკაცის გვერდით დაჯდომისგანაც კი.

3.Gგარდა წამყვან პოზიციებზე წარმოდგენისა, ეთნიკური უმცირესობის ქალები პაიურები არიან ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობისას.

ადგილობრივ თვითმმართველობებში უკვე 2 წელია მუშაობს ,,სოფლის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამა. ყველა სოფლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები და მცხოვრებლები თავად წყვეტენ, რა გააკეთონ. სასურველ პროექტს, დაახლოებით, 100 ადამიანი აწერს ხელს. არ არსებობს გენდერული ნიშნით კლასიფიცირებული სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ქალი და კაცი აწერს ხელს სასურველ პროექტს, მაგრამ აზერბაიჯანული სოფლის რწმუნებულები აღნიშნავენ, რომ შეხვედრებზე კაცები მოდიან, ქალს ან არ სცალია, ან ქმარი უშლის.

სამოქალაქო და პოლიტიკურ პასიურობას, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, იწვევს განათლების დაბალი დონე, განსაკუთრებით, სოფელში მცხოვრები ქალების, მათ არ აქვთ ინფორმაცია ქალთა უფლებებზე  (ქონებრივი უფლების, ოჯახური ძალადობის, მატერიალური დამოუკიდებლობის, მუშაობის უფლების, განათლებაზე და სხვა საკითხებზე) ამის გამო, ქალები არ ღებულობენ მონაწილეობას საკუთარი, ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრაშიც კი. ასეთი პასიურობის ერთერთი ფორმაა არჩევნებში ქალების დაბალი და გაუცნობიერებელი მონაწილეობა, მაშინ, როდესაც, მარნულის მუნიციპალიტეტში ქალები წარმოადგენენ ამომრჩევლების 54%.

შედეგად, ქალების ინტერესებისა და მოთხოვნილებების ისეთი სფეროები, როგორიცაა საბავშვო ბაღების არსებობა და მათი მდგომარეობა (მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, საბავშვო ბაღი მხოლოდ სამ სოფელს აქვს), ქალების კაბინეტებისა და საკონსულტაციო ცენტრების ხელმისაწვდომობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მკერდის კიბო, ფსიქოლოგიური დახმარება, პროფესიული მომზადება და გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, განათლების საკითხები (ბიბლიოთეკები, სახელმწიფო ენის შესწავლის ცენტრები, ქალთა კლუბები) ადგილობრივ დონეზე არასაკმარისად განიხილება. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ძირითადად რიტუალების სასახლე კეთდება, გარე განათება მონტაჟდება და სასაფლაოები იღობება. 81 სოფლიდან კი საბავშვო ბაღი მხოლოდ სამს აქვს.

4. მარნეულში ჯერ კიდევ მოქმედებს სტერეოტიპები, სოციალურ-კულტურული პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალების დისკრიმინაციას.

რაც მუსულმანური ტრადიციით ქალს მოეთხოვება გათხოვებაა, მარნეულში მწვავედ დგას ადრეულ ასაკში გათხოვების პრობლემა, არის სოფლები, სადაც გოგონები 14-15 წლისანი თხოვდებიან, მანამდე კი დანიშნულები არიან და საქმროებს აღარ მოსწონთ საცოლეების სკოლაში სიარული და მაღალი კლასებიდან გამოჰყავთ. გათხოვება, ხშირად, მშობლების სურვილით და ძალდატანებით ხდება. ადრეულ ასაკში გათხოვილები ძირითადად მრავალშვილიანები არიან, შვილებს კი შუალედების დაცვის გარეშე აჩენენ, მაგალითად, 18 წლის ბავშვს უკვე შეიძლება სამი შვილი ჰყავდეს.

ოჯახში გოგონები დისკრიმინაციას განიცდიან მამისა და ბაბუის მხრიდან, ისინი ზღუდავენ ქალიშვილებს და ამას ტრადიციით ხსნიან, ანუ როცა უწესებენ ქცევის წესებს დასძენენ, რომ ასე იქცეოდა მათი წინაპარიც.

მარნეულის აზერბაიჯანელთა ოჯახში მამაკაცი დომინირებს, ძალაუფლება არის მის მხარეს. ძალადობის ობიექტია ახალგაზრდა ქალი, გასათხოვარიც და გათხოვილიც, ოჯახში ძალადობის ფორმები გაცნობიერებული არ არის, ხშირია, როცა ქალი წინააღმდეგობას დედამთილისგანაც აწყდება, ასაკში შესული ქალი შემდეგ თავად ხდება მოძალადე. მოძალადეები ქალთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ხშირად საზოგადოებაში დაწესებულ წესებს აბრალებენ, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მამაკაცი, მის გვერდზე მყოფებისგან, განკითხვას იმსახურებს.

ტრადიციით ქალს ეკრძალება მანქანაში წინ ჯდომა, მარტო სიარული, ტაქსით მარტო მგზავრობა, შეყვარებულის გაჩენა.

გოგონებში დაბალია განათლების დონე, რადგან სწავლას უმრავლესობა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, არ აგრძელებს, თუ ის დანიშნული, ან გათხოვილია. ადრეულ ასაკში ქორწინებები კი მასობრივად ხდება. თუ გოგონა 20 წლის გახდა და გასათხოვარია, ის ,,სასურველ” სარძლოდ აღარ ითვლება.

კონვენცია ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის შესახებ ავალდებულებს მონაწილე სახელმწიფოებს შეამცირონ სკოლის მოსწავლე გოგონათა რიცხვი, რომლებიც ნაადრევად ტოვებენ სკოლას. ასევე, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მათთვის შექმნან სპეციალური სასწავლო პროგრამები. მარნეულში არცერთი მიმართულებით სახელმწიფო არ მუშაობს.

5. განათლების დაბალ დონესDმარნეულში კადრების დეფიციტიც იწვევს, მასწავლებლები ვერ გადიან გადამზადებას, დეფიციტია ქართული ენის პედაგოგებისაც. ქართულს ის აზერბაიჯანელები ასწავლიან, ვინც ქართულად მხოლოდ წერა-კითხვა იცის. პროფესიული კადრები კი სოფელში, ცუდი პირობების გამო, ვერ ახერხებენ სიარულს. განათლების სამინისტროს ახალი პროგრამით ,,კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში” პედაგოგები 15 სკოლაში გაიგზავნა, მარნეულში კი სულ 81 სკოლაა.

6. სიტუაციას შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმიც ართულებს, ენობრივი ბარიერის გამო, მოსახლეობა აზერბაიჯანულ, რუსულ ან თურქულ არხებს უყურებს, ეს იწვევს ინტეგრაციის პრობლემებს, მარნეულში მასმედიის საშუალებებიდან მხოლოდ ტელევიზია ფუნქციონირებს, რომელმაც აზერბაიჯანულენოვანი ახალი ამბები ორგანიზაცია ,,ეუთოს” წასვლის შემდეგ დახურა.

7. მძიმეა სოფლად მცხოვრები ქალების სოციალური მდგომარეობაც. სასმელი წყალი ონკანზე არ მოდის, ჭურჭელს, ტანსაცმელს და პროდუქტს ისინი სახლის წინ ჩამდინარე წყლით რეცხავენ. სადაც წყაროა, ქალები წყალს ბიდონებით ზიდავენ, ეს მხოლოდ ,,ქალის საქმედ” არის მიჩნეული.

ქალები დატვირთულები არიან ფიზიკურად, მიუხედავად იმისა, რომ სახლში საოჯახო პასუხისმგებლობა მთლიანად მათ კისერზეა, მიწაზეც ქალები მუშაობენ და მოყვანილ პროდუქტსაც ბაზარში თავად ყიდიან. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა ბევრ სოფელში დაგებული არ არის და მარნეულში ჩამოსვლა ძნელია, სოფლებში არც მუნიციპალური ტრანსპორტი დადის, კერძო მიკროავტობუსები კი მხოლოდ ერთ გზას ასრულებს. შუადღის 12 საათის შემდეგ სოფლებიდან გადაადგილება სხვა მიმართულებით ჭირს.

მარნეულში 122 547 ათასი მოსახლიდან 62 095 ქალი ცხოვრობს, მათი უმრავლეობა კი აზერბაიჯანელია. ენობრივი ბარიერი, არაინტეგრირებულობა, ტრადიციას ამოფარებული დისკრიმინაცია, სოფლებში მძიმე სოციალური პირობები, განათლების დაბალი დონე, ინფორმაციული ვაკუუმი, ფიზიკური დატვირთვა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში სრული ჩაურევლობა, ეს არის იმ პრობლემების ნუსხა, რომელიც მარნეულში ქალებს აწუხებთ.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker