Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ძალადობა ოჯახში და პრობლემის დაძლევის გზები

კატეგორია: ექსკლუზივი 
2009-02-20

ახლახან, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში,  საქართველოშიც ჩატარდა აქცია “16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ”. გენდერულ ძალადობის საკითხს მიეძღვნა შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, გამოფენები, გავრცელდა ბეჭდური მასალა. ეს პრობლემა  ქვეყანაში ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური პრობლემაა.

“ოჯახში ძალადობის დაძლევისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების” კანონი საქართველოში 2006 წელს მიიღეს. ერთი წლის შემდეგ 2007 წლის 30 ივლისს ქვეყნის ხელისუფლებამ დაამტკიცა მოქმედების სახელმწიფო გეგმა იმ ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც 2007 -2008 წლებში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავადა და დასახმარებლად უნდა ჩაეტარებინათ. მართალია, ეს ნორმატიული აქტები აუცილებლად უნდა დამტკიცებულიყო, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლო ეს საკმარისი არ არის.    

ექსპერტთა აზრით მდგომარეობა გართულდა 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ, როცა ძალადობის ფაქტები გაიზარდა და მსხვერპლი უფრო ხშირად ქალი და ბავშვი აღმოჩნდა.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით 2007 წლიდან 2008 წლის პირველ ივნისამდე საქართველოში ოჯახში ძალადობის, მოძალადეთა და მსხვერპლთა სტატისტიკა ასეთია:

მოძალადე მამაკაცები - 320;
მოძალადე ქალები - 37;
მსხვერპლი მამაკაცები - 45;
მსხვერპლი ქალები - 313;
მოძალადეთა ყველაზე დიდი რაოდენობაა 25-დან 44 წლამდე ასაკში - 182;
მსხვერპლთა უდიდესი ნაწილიც ამ ასაკისაა: 25-დან 44 წლამდე - 183;
მოძალადეთა და მსხვერპლთა დიდი ნაწილი დაფიქსირებულია თბილისში -184-184;
ყველაზე ცოტა ძალადობის ფაქტი დაფიქსირებულია სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - (4-4);

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახალხო დამცველს  ყოველთვიურად გადაეცემა ოჯახში ძალადობის ფაქტები, რაც შემდეგ ნახევარწელიწადში ერთხელ სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტისადმი წარდგენილ საანგარიშო მოხსენებაში  აისახება.

სტატისტიკა 2007 წლის პირველ ნახევარში წარდგენილ  ანგარიშში ასეთია:
თბილისსა და რეგიონებში სულ 87 დაპატიმრების ორდერი იქნა გაცემული;
მოძალადე კაცები -78;
მოძალადე ქალები - 9;
მსხვერპლი - 81  ქალი და  6 კაცი;

ოჯახში ძალადობის ფაქტზე აღძრულ იქნა 17 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან გაირჩა 16, განაჩენი გამოუტანეს 15 მამაკაცსა და ერთ ქალს. ხოლო ერთი საქმე, ცოლისგან ქმრის მკვლელობა, რომელიც წლების განმავლობაში მასზე ძალადობდა, ხელახლა გამოსაძიებლად გადაიგზავნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები არ ეთანხმებიან წარმოდგენილ სტატისტიკას, რადგანაც თვლიან, რომ ის არ ასახავს რეალობას და საქართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტები ბევრად მეტია. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ოჯახში ძალადობის კანონის, მასთან ბრძოლისა და მსხვერპლთათვის დახმარების შესახებ  ინფორმირების დონის გასაზრდელად ბევრს მუშაობენ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მძლავრობს ზოგიერთი ნეგატიური  სტერეოტიპი; ხოლო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ ,უმეტესად, ვიქტიმობისა და დაუცველობის გრძნობა აქვთ. ხშირად, ოჯახური დრამების მონაწილენი აფიშირებას ერიდებიან და ცდილობენ ნათესავებისა და მეგობრების  ვიწრო წრეში თავადვე მოაგვარონ პრობლემა. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, როცა გამოსავალს ვეღარ ხედავენ, მიმართავენ საპატრულო პოლიციას.

სახელმწიფო სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2007-2008 წლებში და პრეზიდენტის 2008 წლის 28 ივლისის განკარგულებით (№183 ბ) დამტკიცდა დოკუმენტი “ მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შელტერის მოწყობისთვის მინიმალური აუცილებელი სრტანდარტების განსაზღვრის შესახებ”, შესაბამისად, შელტერის მოსამზადებელი ფინანსური რესურსიც უნდა გამოეკვლიათ.  

2008 წლის აგვისტოს შემდეგ ქვეყანაში ფინანსური სიტუაცია შეიცვალა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შელტერის გახსნის თარიღმაც გადაიწია. დღეისთვის შელტერისათვის შენობა  მოიძებნა, ხოლო მისი დაფინანსების მსურველთა მოსაზიდად  მოლაპარაკებებს სახელმწიფო ფონდი ხელმძღვანელობს, რომელსაც ტრეფიკინგით დაზარალებულთა დახმარებასა  და დაცვასთან ერთად ოჯახში ძალადობის საკითხების საკითხიც დაევალა. არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე 4 შელტერი მუშაობს, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებშიც, თუმცა, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის  ქვეყნისთვის, სადაც ოჯახში ძალადობა მძაფრი პრობლემაა.

ქ-ნი ქეთი მახარაშვილი, პარლამენტში ,,ოჯახში ძალადობის კანონის” შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ლობისტი  აღნიშნავს, რომ საკითხის გადაწყვეტის დასაჩქარებლად აუცილებელია ყველა ინსტიტუციური მექანიზმის გააქტიურება და, მათ შორის, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს ინტენსიური საქმიანობა. 

რაც შეეხება მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრებს, ექსპერტთა აზრით მკვეთრად ჩამოყალიბებული სტრატეგიის გარეშე და დაფინანსების არარსებობის გამო  დღეს ამაზე საუბარი აზრსმოკლებულია.

ასევე, პრობლემურია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სოციალური დახმარებისა და ამ სფეროში სოციალურ მუშაკთა მომზადების საკითხიც.
 
2007 წლის გადაწყვეტილებით  შრომის, ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ინიციატივით შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შექმნა  კონცეფცია “ სოციალური დახმარების მექანიზმები_სოციალური მუშაკების მომზადება”. კონცეფცია სოციალური მუშაკების სამსახურის შექმნასა და ამისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს, კერძოდ, მასში განსაზღვრულია სოცმუშაკთა სტატუსი, ჩამოთვლილია იმ სავალდებულო სამართლებრივი ღონისძიებების ნუსხა, რომელიც აუცილებელია სოციალური სამსახურის, სოცმუშაკების ბაზის შესაქმნელად, ოჯახში წინააღმდეგობის  წარმოქმნის მიზეზების შესასწავლად და სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების პოლიტიკის შესამუშავებლად.  სამწუხაროდ, კონცეფცია ჯერ კიდევ არ მიუღიათ და პრობლემა გადაუწყვეტელია.

პრობლემის გადაწყვეტის სწრაფი საშუალებაა სამთავრობო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა, რომელთაც ოჯახში ძალადობის სფეროში სოციალური მუშაკების მომზადების გამოცდილება აქვთ. მაგალითისთვის გამოდგება პროექტი «უწყებათასორისი და საზოგადოებრივი ქმედებები საქართველოში ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად: ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კანომდებლობის შესასრულებლად ერთიანი საქმიანობა», რომელსაც მხარს უჭერს UNIFEM და ხორციელდება ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი აქტივობა სწორედ ოჯახში ძალადობის სპეციფიკით სოცმუშაკთა მომზადებაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2008 წელს თრენინგი და სასერტიფიკაციო საუნივერსიტეტო პროგრამა 50-ზე მეტმა სახელმწიფო სოციალურმა მუშაკმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაიარეს. მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები წელსაც დაგეგმილია _ ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროში სპეციალისტთა რიცხვი იზრდება. 

კანონის ”ოჯახში ძალადობის დაძლევის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების” პრაქტიკული მოხმარების პერიოდში (კანონის მიღებიდან უკვე ორი წელი გავიდა) მასში სერიოზული შეცდომები და კაზუსები აღმოჩნდა.  როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალი რეკომენდაციის მიუხედავად, აღნიშნული შენიშვნები არ გაუთვალისწინებიათ და კანონში შესწორებები ჯერ არ შეუტანიათ.

პირველი კანონპროექტი  ,,ცვლილებების შესახებ კანონში ოჯახში ძალადობაზე”, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს და მას შემდეგ საქმე წინ აღარ წასულა. ბოლო ინფორმაციით, შექმნილია სამუშაო  ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და ოჯახში ძალადობის საკითხების ექსპერტები. ასეთი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობაზე გადაწყვეტილება მიიღეს პროექტის “უწყებათასორისი და საზოგადოებრივი ქმედებები საქართველოში ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად” პრეზენტაციაზე, რათა ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კანომდებლობის შესასრულებლად ეთანამშრომლათ. დაგეგმილია, რომ ექსპერტები “ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე ვარიანტზე იმუშავებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლის (2009) დასაწყისში მომზადდება. პარალელურად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2009-2011 წლების სამოქმედო გეგმაზეც იმუშავებენ.

იმ იურისტების განცხადებით, რომლებიც ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობენ, კანონში არსებული შეცდომები ხელს უშლის სასამართლო გადაწყვეტილებით კანონის აღსრულებას, რაც გულისხმობს დამცველი და დაკავების(შემაკავებელი) ორდერების გაცემას. 

არასრულყოფილია კანონში ოჯახის წევრთა დეფინიცია, რაც ,ხშირად, ხელს უშლის მართლმსაჯულებას, რომ დაიცვას მსხვერპლის უფლებები. კანონში განუსაზღვრელია მსხვერპლის ქონებრივი უფლებები, რაც პრაქტიკულად, სასამართლო გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს ხდის. იურისტებს ბევრი ამგვარი შენიშვნა აქვთ და შესაბამისი ცვლილებების შეტანის გარეშე შეუძლებელია ნორმატიული აქტის, როგორც საოჯახო ძალადობასთან ბრძოლის რეალური ინსტრუმენტის გამოყენება, კანონის იმპლემენტაცია,

2007 წლის 26 სექტემბრის  №211 ბრძანებულებით საქართველოში შეიქმნა გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისია, რაც სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის 2007-2009 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია. ამ ბრძანებულების შესაბამისად კომისია ვალდებული იყო უზრუნველეყო “იმ საკითხების განხილვა, რომლებიც გენდერულ პრობლემატიკას უკავშირდება(ტრეფიკინგი, ოჯახში ძალადობა). მას ამ სფეროებში არსებული სიტუაცია უნდა  შეესწავლა, ხელი შეეწყო სახელმწიფო პოლიტიკისა და მონიტორინგის შექმნისთვის, მოქმედებისა და ღონისძიებების სახელმწიფო გეგმის შესრულებისთვის და ამ დოკუმენტებთან შესაბამისი სახელმწიფო ღონისძიებები ჩაეტარებინა ”.

უწყებათაშორისი კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, გამოქვეყნებული არ არის და საზოგადოებამ მისი საქმიანობის შესახებ არაფერი იცის; ხოლო თავად უწყებამ,  პრაქტიკულად, შეწყვიტა არსებობა.

საქართველოში გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ერთადერთი ინსტიტუციური მექანიზმი პარლამენტის საკონსულტაციო საბჭოა. შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო, საქართველოში ახლახან ჩატარებული საპარლამენტო  არჩევნების შედეგად საბჭოში როტაცია მოხდა და ,პრაქტიკულად, მთლიანად შეიცვალა შემადგენლობა. საბჭოს თავმჯდომარე გახდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქ_ნი რუსუდან კერვალიშვილი. ქვეყანაში გენდერული პოლიტიკის რეალიზაციის პასუხისმგებელი, გარკვეულწილად, სწორედ ეს ორგანოა. ვიმედოვნებთ, რომ გენდერული თანასწორობის შექმნის გარანტიას პარლამენტში ქ-ნ რუსუდან კერვალიშვილის სახით   ძლიერი ლობისტი ჰყავს და პრობლემების ნაწილი თუ არ გადაწყდება, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განხილვამდე მაინც მივა.

წყარო: პორტალი ginsc

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker