პირველად საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მათემატიკაში გოგონათა ევროპის ოლიმპიადაზე, რომელიც უკრაინაში 2019 წლის 7-13 აპრილს იმართება, ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროსმედალოსანი კომაროვის სკოლის მოსწავლე ანა ონოფრიშვილი გახდა. თამარ კორკოტაშვილმა და მარიამ ივარდავამ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ქეთი სულამანიძემ კი, საპატიო სიგელი აიღო. სამივე მათგანი ასევე კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
გახდა ცნობილი, რომ 2021 წელს მათემატიკაში გოგონათა ევროპის მე-10 ოლიმპიადას საქართველო, ქუთაისი უმასპინძლებს.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის ქვეყნებს შორის მერვე, ხოლო საერთო ჩათვლაში მე-11 ადგილზეა, რითაც შარშანდელი შედეგი 7 საფეხურით გააუმჯობესა.
ოლიმპიადაში მონაწილეობას მსოფლიოს 49 ქვეყნის გუნდი იღებს. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს.