კატეგორია: გენდერი კავკასიაში  2019-03-26
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტს განიხილავს.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის თქმით, სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლება ბავშვმა მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში უნდა მიიღოს.
„გადავწყვიტეთ, კანონპროექტში ჩაგვეწერა მუხლი, რაც აბსოლუტურად თავსებადობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. რომელიმე მშობელს თუ უნდა თავის შვილს ჰქონდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები, ეს შეუძლია, თუმცა მან უნდა მისცეს თანხმობა. ვისაც არა აქვს ამის სურვილი, ვისი ღირებულებებიც ამას ეწინააღმდეგება, მაშინ სხვა ფორმით უნდა მიიღოს ბავშვმა ეს განათლება. შეიძლება მშობელი იმ კონკრეტული გაკვეთილების შინაარსს არ ეთანხმებოდეს და ასე შემდეგ, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ასეთი ფორმით მიწოდება არ უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს დაპირისპირება, არ გამოიწვიოს მღელვარება ზოგჯერ სამართლიანი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ფორმულირება ჩავსვათ და შემოვიტანოთ ასეთი ვალდებულება“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
კილაძის თქმით, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას ან სხვა კონფესიებს, მათ უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ საკითხთან დაკავშირებით.
"უბრალოდ, მინდა ვკითხო საზოგადოებას — ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? რა თქმა უნდა, არ შეიძლება", — თქვა კილაძემ.
|
 |