კატეგორია: გენდერი კავკასიაში  2019-03-18
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა სახელწოდებით “ქალების სათქმელი" გაიმართა.
ღონისძიებამ გააერთიანა ქალები, რომლებმაც "არაქალურად" მიჩნეულ სფეროებსა და პროფესიებში წარმატებებს მიაღწიეს და რომლებსაც თავის დამკვიდრებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში სტერეოტიპებით სავსე გარემოში ბრძოლა, მუდმივი დაბრკოლებების გადალახვა უწევთ.
შეხვედრაზე გამომსვლელებმა პერსონალურ გამოცდილებებსა და ცოდნაზე დაყრდნობით გენდერული თანასწორობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები წარმატებული ქალები: ლია უკლება - მხატვარი / სამოქალაქო აქტივისტი; ანა ლეჟავა - მორაგბე; ნინო უჩაძე - ტყვიის მსროლელი; ანა ფაჩუაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომელი; მაია სიმონიძე - სს სამკერვალო კომპანია “იმერი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი. ღონისძიებაში მონაწილეობა “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” გენდერული თანასწორობის საკითხებში ექსპერტმა მამუკა გაჩეჩილაძემ მიიღო, რომელიც ასევე მოხსენებით გამოვიდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო პერმანენტულად მართავს მსგავსი ტიპის ღონსიძიებებს, რომლებიც ემსახურება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ზრდას, სტერეოტიპების მსხვრევას, ქალების გააქტიურებასა და მათი გაძლიერებისთვის საჭირო პროცესების ხელშეწყობას.
|