Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რა სურთ ქალებს?!

სალომე მოდებაძე
კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-03-12

ერთხელ, ჩემმა დიდი ხნის ნაცნობმა ბიჭმა, ჩემთან სტუმრობისას „მანდილოსნების“ სადღერგძელო რომ დალია, მადლობა კი გადავუხადე, მაგრამ იქვე განვუმარტე, რომ სულაც არ მეწყინებოდა ქალების სადღეგრძელო ეთქვა და რომ, ჩემი აზრით, „ქალი“ ცუდი სიტყვა სულაც არ არის.

 

ჩემი დიდი ხნის ნაცნობი ბიჭი კარგა ხანს მეკამათა, ბევრი ტრადიციული, საზოგადოებაში კარგად გამჯდარი არგუმენტი მომიყვანა, მაგრამ უკან ვერ დავიხევდი. ბოლოს ადგა, „მომინდომეს ევროპელობაო“ და დემონსტრაციულად დატოვა ჩემი სახლი.

 

იმ დღემდეც მქონია მსგავსი ამბები: „მანდილოსანი“, „ქალბატონი“ და სხვა. ჩემდაუნებურად, ავტომატურ რეჟიმში მერთვება ამბოხი - რატომ „ქალი“ არა?! 

 

ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ქალები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვექცევით. ზოგი თამამად, ზოგიც - "ფრთხილად" და შეპარვით გვილოცავს ამ დღეს, ჩვენი მოულოდნელი "რისხვისგან" თავის დასაცავად.

 

ჰო, განა ყველას მოსწონს მილოცვები? ყველაფერი ინდივიდუალურია, არა?
ის რომ წელიწადის რომელიმე კონკრეტულ დღეს განსაკუთრებით „ვზეიმობთ“ ქალად ყოფნას, გასაკვირი სულაც არ არის. ჩემი აზრით, ხშირად ჩვენვე გვავიწყდება "ქალობა" რომ მხოლოდ გათხოვება, „კარგი“ დედობა ან დიასახლისობა არ არის.

 

ბევრ ქალს ვიცნობ, სხვადასხვა ასაკის, ქალის საქმე „ცოლის მოვალეობის შესრულება“ რომ ჰგონია. ამ ქალებს სჯერათ, რომ მთავარია ოჯახში როგორ „ტრიალებ“.

 

- მერე რა თუ უსიყვარულოდ გათხოვდი? შეეჩვევი.

 

- ქმარმა რომც გიღალატოს, რა მოხდა, ერთხელ და ორჯერ ღალატი დიდი ვერაფერი თავისტკივილია. მთავარია, კარგი დედა იყო. შვილები ღირსეულად აღზარდო. წესიერი და ზრდილი გოგო-ბიჭები იყვნენ.

 

- ბიჭმა უნდა იცოდეს ქალთან მოქცევა, სხვანაირად როგორ? ასაკი რომ მოუვა ქალებშიც უნდა გაიაროს და გოგომ - რას ლაპარაკობ, წარმოუდგენელია, არა!

 

- გოგო რომ ქორწინებამდე, ვინმესთან დაწვეს ხომ მოეჭრა თავი ოჯახს? ბიჭი - ბიჭია. კაცია! ხომ უნდა იცოდეს, ქალთან როგორ მოიქცეს. ქორწინებამდე რამდენი ქალიც არ უნდა ჰყავდეს, მისი საქმეა. აი, ქალმა კი პატიოსნება და უმანკოება უნდა შეინარჩუნოს. ასეა ეს.

 

ჰოდა, ცხოვრობენ გოგოები ასე მშვიდად და ბედნიერად თავიანთ ჩარჩოებში, სანამ ვინმე იმ ბიჭთაგანი შეუყვარდებათ, "ვინც ქალთან მოქცევა უნდა იცოდეს".
და მერე დადიან შეყვარებული, "ნამუსახდილი" გოგოები კი არა, უკვე ქალები და თავის გულში ატარებენ დიდ სევდას სიყვარულსა და უსიყვარულობაზე. იმაზე, თუ როგორ გაბედეს და გაუტოლდნენ ბიჭებს, რომლებისთვისაც ყველაფერი შეიძლება, და რომლებისთვისაც თავადაც მზად იყვნენ დაეთმოთ.

 

ყოველ წელს, წლიდან წლამდე 8 მარტს, ქალები კიდევ ერთხელ, ერთხმად იმეორებენ, რომ ქალები არიან. თავიანთი ასაკის და ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად ასეა. ქალები არიან ისინი, ვინც ყოველ დილით და ღამით, 24-საათიანი რეჟიმით სხვადასხვა როლსა და პროფესიაში არაფერს იღებენ, რომ ქმარსა და შვილებს არაფერი მოაკლდეთ; ქალები არიან ისინიც, ვინც მარტო დარჩენილი ცდილობენ გაუძლონ მარტოობის სიმძიმეს და არ სურთ ვინმეს აგრძნობინონ, როგორ სტკივათ, როგორ მობეზრდათ, როგორ დაიღალნენ; ქალები არიან ისინიც, ვინც არასოდეს ყოფილან ქალები, ტრადიციული ქართული გაგებით, მაგრამ მაინც ქალებად დაიბადნენ.

 

ქალები ვართ ჩვენც: მე და ჩემი მეგობრები, ჩემი თინეიჯერი და და დედაჩემი, ქალები ვართ ჩვენ ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ყველაფრის მიუხედავად და ყველაფრის გათვალისწინებით ყველაფერს შევძლებთ!

 

გვჯერა, რომ საქმეების საკეთებლად კაცების სახელი კი არა, მათი მხარდაჭერა გვჭირდება. ვისაც გვჯერა, რომ სწორედ ეს კაცები, ჩვენს ინდივიდუალიზმს აფასებენ და არა ჩვენი მკერდის ზომას, თმის ფერსა თუ საუბრის სტილს.

 

ჩვენ არ ვართ ცოტა. ჩვენ ბევრნი ვართ. აქ ვართ. ჰო, ქალები, ვისაც ზოგჯერ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი, როგორ გვტკივა, რა გვახარებს და რა გვსურს თქვენგან.

 

ქალთა საერთაშორისო დღეს, ალბათ, მხოლოდ ყვავილები არ კმარა, თუმცა, დაე, ყვავილები გახდეს ჩვენი ურთიერთგაგების, პატივისცემის და თანასწორობის საწინდარი.

 

 

ტეგები: სალომე მოდებაძე 8

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker