კატეგორია: ექსკლუზივი  2017-06-16
კამპანიის „ასე უფრო მარტივია“ შეჯამება და მის ფონზე ქვეყანაში ბიზნესისა და არასამტავრობო სექტორის თანამშრომლობის პერსპექტივები იყო მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრისა“ და საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული, კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრში (CTC).
ორგანიზაციამ საქართველოს ლატარიის კომპანიასთან ერთად ახლახან დაასრულა საქველმოქმედო პროექტი სახელწოდებით ‘ასე უფრო მარტივია’, რომელიც საქართველოს მასშტაბით 12 მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა მათთვის საჭირო ტექნიკითა და პროდუქტებით. სწორედ ამ კამპანიის ჭრილში იყო განხილული ყველა ის გამოწვევა, რაც კერძო თუ არასამთავრობო სექტორს ხვდება კორპორატიული პასუხისმგებლობის კამპანიების წარმოების დროს.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ელენე რუსეცკაიას თქმით სოციალურ პროექტებში ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ მათ ერთად მოახდინონ გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე და უკეთესობისკენ შეცვალონ ის. „არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ცოდნა და გამოცდილება სოციალური პრობლემების შესახებ და საჭიროა, რომ მათ ხმა მიაწვდინონ ბიზნეს კომპანიებსაც“- აცხადებს ელენე რუსეცკაია.
საქართველოს ლატარიის კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის სამსახურის უფროსის ანა იასეშვილის თქმით ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობისთვის არასამთავრობო სექტრმა კარგად იცოდეს რა ფორმულირებით მიიტანოს ამბავი ბიზნესთან, რათა სოციალური პროექტები რეალობად იქცეს. „ პროექტი - „ასე უფრო მარტივია“ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ სოფლად მცხოვრები ქალები იღებენ დახმარებას. ეს მნიშვნელობა კი ჩვენ ნათლად დავინახეთ ყველა იმ რეგიონში სადაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიყავით“- განაცხადა ანა იასეშვილმა.
კამპანია „ასე უფრო მარტივია“ ამ ეტაპზე 1 თვის განმავლობაში მიმდინაროებდა და მან მოიცვა თბილისი, დუშეთის, ხაშურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები. საქართველოს ლატარიის კომპანიამ და ქალთა საინფორმაციო ცენტრმა კამპანიის პირველი ეტაპი კი 2016 წლის დეკემბერში განახორციელეს.
|