Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რეზოლუცია დევნილთა უპირობოდ შინ დაბრუნების უფლებას აღიარებს

კატეგორია: დევნილები 
2017-06-02

გაეროში საქართველოს მიმართ მხარდამჭერ ქვეყანათა რაოდენობა ისევ გაიზარდა. აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო-იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე რეზოლუციას გაეროს 80-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, რაც ოთხით მეტია გასული წლის რეზოლუციასთან შედარებით, ერთი ქვეყნით (15 -2016, 14-20017) შემცირდა რეზოლუციის საწინააღმდეგო მხარდაჭერა. ასევე, თუ გასული წლის რეზოლუციის კენჭისყრის დროს თავი 64-მა ქვეყანამ შეიკავა, წელს მხოლოდ 61-მა. თეა თუაშვილი გაეროს შტაბ-ბინიდან მოგვითხრობს.

 

ნიუ-იორკის დროით 15 საათზე, გაეროს გენერალური ასამბლეა საქართველოს საკითხზე შეიკრიბა. შესავალში კახა იმნაძემ გენერალური ასამბლეის წევრებს 21 წლის დევნილის, თამარის გზავნილი გააცნო, რომლის ოცნებაა იცხოვროს თავის სახლში, რომელიც აქვს, მაგრამ არსებული პირობების გამო დაბრუნება არ შეუძლია. აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო-იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია დევნილთა უპირობო და უსაფრთხო დაბრუნებას, ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებების გაგრძელებას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დემოგრაფიულ და ჰუმანიტარულ საკითხებს მოიცავდა.

კახა იმნაძე: ძვირფასო კოლეგებო მოგმართავთ ჩემი ხელისუფლების და თამარის მსგავსი სხვა, იძულებით გადაადგილებული პირების სახელით, რომ დაუჭიროთ მხარი რეზოლუციას დევნილთა სტატუსის შესახებ. ამ რეზოლუციით გვინდა, რომ კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზება მოვახდინოთ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს დევნილი და იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებების უპირობო აღიარება და დაცვა. გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისარიატის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მათ უმრავლესობას, გამოკითხულთა 88,3 %-ს საკუთარ მიწა-წყალზე ნებაყოფლობით სურს დაბრუნება.

კენჭისყრამდე რეზოლუციის მიმართ თავისი დამოკიდებულება, ტრადიციული რიტორიკით რუსეთის მისიის წარმომადგენელმა დააფიქსირა. ვიტალი ჩურკინის გარდაცვალების შემდეგ მოვალეობას პეტრ ილიჩევი ასრულებს.

 

პეტრ ილიჩევის განცხადებით, რეზოლუციის ავტორების აქტიურობის მიუხედავად, წლების განმავლობაში რეზოლუციას არასოდეს მიუღია უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც მისი თქმით, ადვილი ასახსნელია, რადგან ეს არის პოლიტიკური რეზოლუცია, რომელიც არ არის რეალური ზრუნვა დევნილთა უფლებებზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკის გამო დაზარალებული დევნილი ადამიანების ბედით სპეკულირება.

 

დევნილთა ინტერესების დაცვით და საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მოწოდებით ტრიბუნაზე, პირველი უკრაინის ელჩი გამოვიდა. შემდეგ ლატვია, დიდი ბრიტანეთი, კანადა.

 

დიდი ბრიტანეთის მისიის პირველი მდივანი მარტინ შერმენი: დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს რეზოლუციას, ეს დოკუმენტი აღიარებს დევნილთა უპირობო უფლებებს, რომ დაბრუნდნენ თავიან ადგილებზე. ეს არის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხი და არ არის დაკავშირებული ღრმა პოლიტიკურ საკითხებთან. ამჟამად, საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული 250 ათასი დევნილია, რომლებსაც მნიშვნელოვანია გაერომ გაუგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ ისინი არ დაგგვიწყებია და ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ისინი საკუთარ სახლებს დაუბრუნდენ.

კენჭისყრის შედეგები: რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 61-მა თავი შეიკავა. გასულ წელს შედეგები ასე გამოიყურებოდა - 76 მომხრე, 15 წინააღმდეგი და 64-მა თავი შეიკავა. კახა იმნაძეს კოლეგები წარმატებას დარბაზში ულოცავდნენ. უკრაინის ელჩი ვოლოდიმირ ილჩენკო:

ვოლოდიმირ ილჩენკო: ძალიან გახარებული ვარ შედეგით. ოთხი ქვეყანა თითქოს არაფერია, მაგრამ როდესაც იცი, რა ხდება აქ-გენერალურ ასამბლეაში, როგორ მუშაობს სისტემა, ეს ბევრს ნიშნავს. ეს ქართული დელეგაციის თავდადებული მუშაობის შედეგია, არა მხოლოდ აქ, დარწმუნებული ვარ თბილისშიც იმუშავეს. ასე რომ ვულოცავ ჩემს ქართველ ძმებს და დებს.

გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე რეზოლუციას ქართული დიპლომატიის მორიგ წარმატებად აფასებს.

კახა იმნაძე: ის, რომ მსოფლიოში ბევრი რთული ადგილია და ბევრია ცხელი კონფლიქტი და ასეთ დროს, რომ საქართველოს საკითხი ისევ შენარჩუნებულია, არის დღის წესრიგში, მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში და გაგვაქვს რეზოლუცია-ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს რეზოლუციები არ არის მხოლოდ ერთი დღის ნაფიქრი და ნაშრომი, ეს არის მთელი წლის მუშაობა, რაც ნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია თავის ფუნქციას ასრულებს. ისევ უცვლელია რუსეთის რიტორიკა, მაგრამ როგორც დაადასტურა კენჭისყრამ, ამას არ იზიარებს მსოფლიო თანამეგობრობის დიდი უმრავლესობა. ხოლო ისინი, ვინც იზიარებენ, ეს მხოლოდ კენჭისყრასთან მიმართებაში გაიზიარეს.

რეზოლუციის კენჭისყრის შემდეგ, გაეროს ქართული მისიის ერთგვარი ტრადიცია ყოველწლიურად გენერალური ასამბლეის დარბაზში საერთო ფოტოს გადაღებაა. წელს კენჭისყრამდე ფსონიც დადეს, გაეროს ორმა თანამშრომელმა ხელზე დაიწერა ციფრი 80 იმ იმედით, რომ რეზოლუციას მხარს 80 ქვეყანა დაუჭერდა. მოლოდინი გამართლდა.


წყარო 

ტეგები: რეზოლუცია გაერო იძულებით გადაადგილებული პირები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker